News

ანაკლიის პორტის არქეოგრაფია

ანაკლია ერთერთი უძველესი მეთევზეთა სოფელი და ნავსაყუდელია შავიზღვისპირეთში. 1972-1978 წლებში ანაკლიის განაპირას, სოფელ ჭითაწყარში გაითხარა ადრეკოლხური სამოსახლო “დიხა-გუძუბა II“, სადაც ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში ჩქეფდა სიცოცხლე. წერილობით წყაროებში კი ანაკლია მხოლოდ მე-17 საუკუნის დამდეგიდან იხსენიება, მაგრამ მისი ისტორია ბევრად უფრო ძველია. 

მკვლევარი თ. პრიმოდი 1848 წელს პარიზში გამოცემულ წიგნში “შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ყირიმში ჯენუელთა ახალშენების ისტორია“ წერს: “ჯენუელებს ეკავათ სამეგრელოს სანაპიროს მნიშვნელოვანი ადგილები. სებასტოპოლში (ძველ დიოსკურიაში) მათ ჰქონდათ თავისი სამმართველო. ანაკლიაში, რომელიც ფაზისსა და სებასტოპოლისს შორის მდებარეობს, მათ დაარსეს თავისი დასახლება სიმაგრითურთ, რომლის ნანგრევები დღესაც ანცვიფრებს მოგზაურთ.“ ამრიგად, მე-14-15 საუკუნეებში ანაკლიაში არსებულა ძლევამოსილი იტალიური ქალაქი-სახელმწიფოს ჯენუის სავაჭრო ახალშენი და სიმაგრე.

1615 წელს სამეგრელოში ნამყოფი ფრანგი კათოლიკე მისიონერის, ლუი გრანჟიეს წერილის მიხედვით ანაკლია დატანილია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის თურქულ რუკაზე და ამავე საუკუნის მიწურულს გეოგრაფოს სანსონის მიერ შედგენილ, ფრანგულ რუკაზე.

პეტრ ტოლსტოი 1704 წელს შედგენილ “შავი ზღვის აღწერილობაში“ ანაკლიას შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსაყუდლების გვერდით მოიხსენიებს, რომელსაც უწოდებს “მინგრელსკაია გოლფა ანაკრა“-ს.

იტალიელი კათოლიკე მისიონერი ჯუზეპე ძამპი 1674 წელს წერდა: “ახლა კაცს არ შეუძლია უშიშრად იყოს, მუდამ აფხაზების დაცემის შიშია. თვით ხომალდები, რომლებიც მოდიოდნენ კავროსსა და მორბილაში, ახლა შიშის გამო ანარგიაში მიდიანო.“

1640 წელს სამეგრელოში ნამყოფი თურქი მოგზაურის ევლია ჩელების ცნობით, სამეგრელოში სავაჭრო გემები ივლისში და ჭირნახულის აღების დროს მოდიოდნენ. ჩამოჰქონდათ მარილი, ჭურჭელი, რკინეულობა, იარაღი და მათ ცვლიდნენ ბზაზე, თაფლზე, თაფლის სანთელზე და გოგო-ბიჭებზე.

ჟან შარდენი (1643-1713) წერს, რომ “ყოველ წელს აქ მოდის თორმეტიოდე იალქნიანი ხომალდი კონსტანტინეპოლიდან და კაფადან და სამოცზე მეტი ფელუკა გონიოდან, ირისიდან, ტრაპიზონიდან. ისინი სამეგრელოში ტყვეების გარდა იტვირთება აბრეშუმით, სელის ძაფით, ტილოთი და სელის თესლით, ხარის ტყავებით, კვერნის და თახვის ბეწვით, ბზით, ცვილით და თაფლით.“ სამეგრელოში ჩამოსული უცხოური სავაჭრო ხომალდების დიდი ნაწილი ანაკლიის ნავსაყუდლით სარგებლობდა.

ანაკლიის მეორე სახელწოდება ანარკია ტყვეებით ვაჭრობის მოტივს უკავშირდება (ანა რკიანს - ანა ჰკივის, ალნარკია - ნაკივლელი ადგილი).

მე-17-18 საუკუნის იტალიურ წყაროებში ჯოვანო ჯულიანო, არქანჯელო ლამბერტი და იპოლიტე ელიო ადასტურებენ, რომ ანაკლია საეპისკოპოსო ცენტრი იყო. შემდეგ იყო თურქთა შემოსევები ანაკლიის დასაკავებლად.

1804 წელს რუსი მოხელის კითხვაზე - რა იცით ანაკლიის ციხის შესახებ? ბესარიონ ჭყონდიდელს, ნიკო დადიანს, ბეჟან დადიანს, ბერი გელოვანს, გრიგოლ ჩიქოვანს და პეპუა ფაღავას უპასუხნიათ: “ანაკლია დადიანთა წინაპრების მიერაა აშენებული და ნავთსაყუდელს წარმოადგენდა დადიანებისას, რასაც მათი სიგელიც გვიყვება, მაგრამ ვითარებათა ცვლილებისა გამო დაცარიელებულა“. 

ჟ. გამბას ცნობით რუსთა ციხიონი ანაკლიაში რამდენიმე წელიწადი იდგა, მაგრამ შემდეგ მიატოვეს, რადგან უსარგებლო ნავთსაყუდლად მიიჩნიეს. გამბა სამეგრელოში 1820 წელს იმყოფებოდა.

ანაკლიას ნავთსაყუდელისა და სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა მე-19 საუკუნეშიც არ დაუკარგავს. 1804 წლის რუკაზე (“კარტა ჩასტი მინგრელიი“) ანაკლია დატანილია როგორც ქალაქი და ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს. იმ ხანად ქალაქს სავაჭრო ცენტრებს უწოდებდნენ. აქედან მომდინარეობს სიტყვა ქალაქობა, რომელიც ვაჭრობას, ბაზრობას აღნიშნავს ქართულში. 

1823-1838 წლებში რუსეთის მთავრობამ ორჯერ აკრძალა უცხოური ხომალდების მიმოსვლა, მაგრამ 1842 წელს ლევან V დადიანმა დაითანხმა რუსეთის მთავრობა, ანაკლიაში მცირე უცხოური ხომალდებისთვის შესვლის ნებაზე.

ანაკლიაში ვაჭრობა განსაკუთრებით გაცხოველდა ზუგდიდი-ანაკლიის გზატკეცილის გაყვანის შემდეგ, მე-19 სუკუნის 80-იან წლებში. ჟან მურიე 1883 წელს გამოცემულ წიგნში “სამეგრელო“ წერს, რომ ანაკლიაში მხოლოდ “20 მოსახლე ცხოვრობს, მაგრამ სატვირთო ხომალდების მეტად მნიშვნელოვან ნავსადგურს წარმოადგენს. აქეთ მოედინება მთელი ზუგდიდის მაზრიდან ზღვით საზღვარგარეთ თუ ოდესაში გასაგზავნი სიმინდი.“

1895 წელს დიმიტრი ბოკერიას წერილში “ნავსადგური ანაკლია“, რომელიც გაზეთ “ივერია“-ში (N23) გამოქვეყნდა ვკითხულობთ: “ამ პატარა ნავსადგურს დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ სამეგრელოსთვის, რადგან ერთის მხრით აქედან გააქვთ საზღვარგარეთ ერთ მილიონამდის ფუთი სიმინდი და მეორე, აქ გამართულია სახერხი ქარხნები, რომლებსაც მუდამ ეჭირვება მუშა კაცი. ამიტომ ანაკლიაში ბევრია მუშები და სიმინდით მოვაჭრენი, რომელთა შორის საზღვარგარეთელებიც არიან. უცხოელთ აქაც დაგვანახეს თუ რა დიდათ წინ წასულან ჩვენზედ და როგორ დახელოვნებულან ფულის მოგებაში: ბევრმა სამშობლოდგან ხელცარიელად წამოსულმა ბერძენმა აქ დიდი სიმდიდრე შეიძინა“. ბერძნების სავაჭრო საქმიანობა ანაკლიაში სხვა წყაროებითაც დასტურდება. მაგალითად კომპანია “კოპას“-ს სიმინდის შემსყიდველ მოლარედ ანაკლიაში მუშაობდა ბერძენი გიორგი კეფალიდი (“ცნობის ფურცელი“ 1904. 24 მარტი).

მე-19-20 საუკუნეთა მიჯნის ანაკლიის სამეურნეო ცხოვრება საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი ან. დგებუაძის წერილებში, რომელიც 1904 წელს დაიბეჭდა ცნობის ფურცელში: “შავი ზღვით ბევრი სიმინდი გააქვთ ამ დაბიდან რუსეთსა და საზღვარგარეთ. ვაჭრობასაც ძლიერ ეტანებიან ამ დაბის მკვიდრნი... ადგილობრივი მდგომარეობა ძლიერ ხელს უწყობს მცხოვრებთ ასეთ საქმეში და ამით აღებ-მიცემობა ძლიერ ვითარდება.“ ამავე წყაროს ცნობით, ანაკლიაში “სიმინდის ვაჭართ უმეტესობას შეადგენენ თათრები, რომელნიც სინდისიერად და ხელსაყრელ ფასად ართმევენ მცხოვრებთ სიმინდსა და ზღვით ჰგზავნიან. ძლიერ გავრცელდა ამ ბოლო დროს აგრეთვე თხილის ყიდვა-გაყიდვა. წელს ამ დაბიდან და ახლო-მახლო სოფლებიდან გაზიდეს 15,000 ფუთი თხილი. ადგილობრივი მცხოვრებნი აქ, სოფელში ყიდულობენ თხილს 3 მანეთად და თვითონ კი 4 მანეთ ნახევრად ჰყიდიან. აქვე ზღვის პირად ორი-სამი სახერხი ქარხანაა, სადაც გლეხი ყოველ დღე შოულობს სამუშაოს. ქირა ერთი მანეთია. აქეთკენ მოეშურება ბევრი მუშა გურიიდან...“.

მე-19 საუკუნის მიწურულს ანაკლიაში ისე გაცხოველდა უცხოელებთან ვაჭრობა, რომ ერთად ერთი საბაჟო მოხელე ძლივს ართმევდა თავს თავის საქმეს (გაზ. “ივერია“, 1898. N238).

1899 წელს, ანაკლიაში ვაჭარმა ბოკუჩავამ თურქული ხომალდით (სანდალით) 30 ურემი საქონელი ჩამოიტანა (გაზ. “ცნობის ფურცელი“ 1899, N870).

1901 წელს ანაკლიის ნავსადგურში შესულა 82 ხომალდი. ამავე წელს ანაკლიაში შემოიტანეს 330,105 ფუთი და გაიტანეს 632,604 ფუთი სხვადასხვა სახის საქონელი.

1903 წელს ანაკლიის ნავსადგურში გადმოუტვირთავთ 54000 ფუთი პურის ფქვილი. 39000 ფუთი მარილი, 15000 ფუთი ნავთი, 4000 ფუთი ცემენტი და სხვა საქონელი. სულ 130.000 ფუთი, გატანით კი გაუტანიათ 334000 ფუთი სიმინდი, 53000 ფუთი ხე-ტყე და შეშა, 6000 ფუთი ხილი და ბოსტნეული, 7000 ფუთი თევზი. სულ 402000 ფუთი სხვადასხვანაირი საქონელი. თუკი 1901 წელს აქ წარმოებული ვაჭრობიდან დაბა ანაკლიამ 633 მანეთი შემოსავალი მიიღო, 1909 წლისთვის შემოსავალმა 2282 მანეთი შეადგინა.

ანაკლიელები ბრწყინვალე ნავთმშენებლებიც იყვნენ. ისინი დახელოვნებულნი იყვნენ როგორც სხვადასხვა სახეობის ნავების (ნიშის, ოჩხომელის, ოლეჭკანდერის) აგებაში, ასევე მოზრდილი ხომალდების მშენებლობაშიც. 1816 წელს ანაკლიელმა ოსტატებმა ააგეს რამდენიმე ხომალდი.

სახომალდე მუხით მდიდარი იყო მთელი სამეგრელო. 1847 წელს ამის შესახებ მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი ადმირალ ლაზარევს წერდა: “სამურზაყანოში, შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის არისო ხომალდების მშენებლობისათვის ვარგისი, მაღალხარისხოვანი მუხის ტყე“.

ვაჭრობა-ხელოსნობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ანაკლიის მოსახლეობაც. თუ კი 1885 წელს ჟ. მურიეს ცნობით ანაკლიაში მხოლოდ 20 მოსახლე იყო, 1897 წლის აღწერის მიხედვით აქ 178 კაცი ცხოვრობდა.

რადიო "ათინათის" რუბრიკის ("ჩვენი კუთხის ისტორია") მიხედვით ზუგდიდში, მე-19 საუკუნის ll ნახევარში მოღვაწე უდიდესი მეცენატი და დიდვაჭარი დათაია ჭედია განსაკუთრებული ქველმიქმედებითა და ინიციატივით გამოირჩეოდა. ის უანგაროდ ეხმარებოდა გაჭირვებულებს და მოსწავლე-ახალგაზრდებს სწავლა განათლების მიღებაშიც ეხმარებოდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია სამეგრელის თავად დავით დადიანს და მას აზნაურის წოდება უბოძა. დათაია ჭედიას მოღვაწეობის განსაკუთრებულ მიღწევად მის მიერ მე-19 საუკუნის მიწურულს ანაკლიაში, მდინარე ენგურის შესართავთან, დიდი ბოღაზის, ანუ ნავსადგურის აგება ითვლება. ნავსადგური მცირე ზომის იყო და მასში რამოდენიმე ფელუკას, ანუ მცირე ზომის იალქნიან ხომალდს შეეძლო მიდგომა. მაგრამ მიუხედავად ამისა შავი ზღვის ერთერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა და ის ოსმალელ ვაჭრების მიერ ამ დროის რუკაზე იყო აღნიშნული. პატარა ფალუკებით ტრაპიზონში, სტამბოლში, ქაიროში, ალექსანდრიაში და ალეპოში ანაკლიიდან სისტემატიურად გაჰქონდათ წაბლის ხე, ნიგვზის მორები, ტყავი, თაფლი, სიმინდი და სხვა. მცირე ხომალდების ქარავანს თვითონ დათაია ჭედია უძღვებოდა. მან შესანიშნავად აითვისა ხომალდის მართვა და ამ ხელობას სხვასაც ასწავლიდა. დათაია ჭედია 1904 წელს გარდაცვლილა და მას სიდძალი მემკვიდრეობა დაუტოვებია. დათაიას უფროსმა ვაჟმა, დიმიტრი ჭედიამ, ყაზანის უნივერსიტეტი დაამთავრა და ის ფარმაციის მაგისტრი გახდა. მას აფთიაქი გაუხსნია წალენჯიხაში, რომელიც ბოლშევიკების შემოსვლამდე ფუნქციონირებდა. დათაიას უმცროსი ვაჟი, ნესტორი, ნიკო ნიკოლაძის დიდი მეგობარი და თანამოაზრე იყო. ნიშანდობლივია დათაია ჭედიას მოღვაწეობის გახსენება, რამეთუ ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობის იდეა ახალი ძალით გაცოცხლდა.

TRACECA.GE