News

აგვისტოს დაიჯესტი, აბრეშუმის გზა 2024

✔️მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში შუა დერეფნის საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში TMTM-ით 2,5 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით, წელს შუა დერეფნის გასწვრივ 4,2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება. შუა დერეფანი კვეთს ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და შემდგომ ევროპის ქვეყნებს. დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.

✔️სომხეთი, ირანი და ინდოეთი ახალი სავაჭრო მარშრუტის ჩაშვებას გეგმავენ. სამივე ქვეყნის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა ირანის ტერიტორიაზე შედგება. რაც შეეხება მარშრუტს, ის ინდოეთში, მუმბაის პორტიდან ირანის ჩაბაჰარის გავლით სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და საქართველოში შემოვა, საიდანაც პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში გავა.

✔️ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line რუმინეთის შემდეგ ოპერირებას ბულგარეთის მიმართულებითაც იწყებს. კომპანია ფოთიდან ვარნას მიმართულებით რეისების შესრულებას სექტემბრის ბოლოდან შეუდგება. ვარნას მიმართულებით მგზავრების გადაყვანა არ იგეგმება, ეს იქნება წმინდა სატვირთო გადაზიდვები. ფოთი-ვარნა-ფოთის რეისების დაწყების შემდეგ E60 Shipping Line რეისების დაწყებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდანაც განიხილავს. ბულგარეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა წლების წინაც ხორციელდებოდა, თუმცა უკვე პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნულ მიმართულებას ქართული კომპანია და ქართულ საზღვაო რეესტრში რეგისტრირებული საზღვაო ხომალდი მოემსახურება. 

✔️2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4.235 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

✔️ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად მსხვილი ბელგიური კომპანია  Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა.

✔️2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ითაა გაზრდილი 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შესაბამისად ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 102,822,973.00 ლარი შევიდა. 7 თვეში საქართველოს დერეფანი 293 780 სატვირთომ გადაკვეთა.

✔️ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით გაზის ტრანსპორტირება 5,4 პროცენტით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2.7 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე მილსადენით 2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 830 ათას ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.

✔️სლოვენია შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და სერბეთს და გახდა მეშვიდე ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია SOCAR-ისგან გაზის შეძენა დაიწყო.

✔️2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით: საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთი 4.6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა - 6.7-ჯერ; საქართველოს აეროპორტებით მგზავრების მომსახურება 25.3%-ით გაიზარდა — მგზავრთა მიღება 24.5%-ით მეტი, ხოლო გაემგზავრება 26.1%-ით მეტი. 

✔️2024 წელს მსოფლიოში “ყველაზე დაკავშირებულ“ აეროპორტების სიას სათავეში სტამბოლის აეროპორტი ჩაუდგა.

✔️AD Ports Group-ი “თბილისის მშრალი პორტი“-ს 60%-იანი წილის მფლობელი გახდა. უმსხვილესი არაბული კორპორაციის მონაცემებით, ინტერმოდალური ლოგისტიკური ჰაბი ექსპლუატაციაში 2024 წლის ოქტომბერში გაეშვება. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ გზით კიდევ უფრო გაძლიერდება ჯგუფის როლი “შუა დერეფნით“ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში.

✔️ იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ის მომზადებული კვლევის მიხედვით “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და განხორციელებადი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა 2022 წლიდან ხორციელდება. ასევე მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.

✔️ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტით ყაზახი გადამზიდავები ინტერესდებიან. ყაზახი გადამზიდავების და ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ „მოდერნიზაციის შემდეგ ბთყ-ის სარკინიგზო მარშრუტის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაიზრდება. დასრულებულია მაგისტრალის ელექტროფიკაცია, ხოლო ახალქალაქის სადგურს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტი აზერბაიჯანის ინიციატივით განხორციელდა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის ხარჯის შემცირებით ტრანზიტი გაზრდილიყო. ბთყ-ის სარკინიგზო მარშრუტი დააჩქარებს საქონლის მიწოდებას აზიასა და ევროპას შორის შავი ზღვის პორტების გვერდის ავლით და საზღვაო-საავტომობილო ტრანსპორტთან შედარებით უფრო ეკონომიური გახდება“.

TRACECA.GE

წყარო: commersant.ge; bpn.ge; tbilisipost.ge;

interpressnews.ge; businessinsider.ge; bm.ge