საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ“. მემორანდუმში აღინიშნა, რომ მხარეები ერთობლივად იმუშავებენ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად, მათ შორის, მარშრუტების ოპტიმიზების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების გზით, აგრეთვე საბაჟო, სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და გაციფროვნების საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებით.
5-6 სექტემბერს, ბათუმში, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების რეგულარული ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ განვითარებას ეძღვნებოდა.
შვეიცარიის კერძო სექტორი ინტერესით აკვირდება შუა დერეფნის განვითარებას, ამის შესახებ Trend-ს მისიის უფროსის მოადგილემ, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში შვეიცარიის საელჩოს რეგიონული თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. გაი ბონვინმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთიდან ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით, ამჟამად სწრაფად ვითარდება. „შვეიცარიულ კომპანიებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ტვირთების თვალყურის დევნებასა და ლოგისტიკაში, ასევე შეუძლიათ, შემოგთავაზოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები,“ - აღნიშნა ბონვინმა.
ჩინური კორპორაცია China Railway Container Transport Corp (CRTC) საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის ერთობლივ საწარმოში Middle Corridor Multimodal-ში შესვლისთვის ემზადება - ამის შესახებ EastFruit-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, Middle Corridor Multimodal-ში შესვლის სურვილი ჩინურმა მხარემ ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში გამოთქვა. სექტემბერში კი მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზებმა ერთობლივი საწარმო Middle Corridor Multimodal 2023 წლის ოქტომბერში დააფუძნეს. აღნიშნული საწარმო შეიქმნა ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც გულისხმობს შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციას, ამ მარშრუტის პოპულარიზაციას, ტარიფების გამჭვირვალობას, სტაბილური სისტემის შექმნას და ქვეყნებს შორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
თურქული ALBAYRAK GROUP/Trabzon Port Cumhur Guzelciftci-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა განაცხადა: „დღეს ტრაპიზონის პორტი რეგიონის ლოგისტიკურ კვანძად იქცა განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობის გამო. ჩვენი გეგმები ასევე მოიცავს შიდა სატრანსპორტო მოდელის მთავარი ბიზნეს პარტნიორის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია ცენტრალური აზიიდან თურქეთში ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება ევროპასა და აფრიკაში შემდგომი მიწოდებით. ამ კუთხით ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით.“
Ocean Network Express (ONE) შავ ზღვაზე, ახალ მომსახურებას გეგმავს. იაპონური საკონტეინერო და გადამზიდავი კომპანიის ინფორმაციით, ახალი მომსახურება მას შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს აღმოსავლეთ შავი ზღვის დაფარვა და მომხმარებელს შესთავაზოს სტამბოლი - ფოთი - კონსტანცას ხაზზე ტვირთის გადატანის მომსახურება. აღნიშნულ მარშრუტზე გემები ყოველკვირეულად იმოძრავებენ.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის მაგისტრალურ გაზსადენებზე გაზის გადატუმბვამ 26 მილიარდ 476,3 მლნ კუბური მეტრი გაზი შეადგინა, რაც 2,3%-ით ჩამორჩება გასული წლის 8 თვის მაჩვენებელს.
ფოთში (საქართველო) მდებარე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) ახალი მრავალფუნქციური სასაწყობო ტერმინალი აშენდება. მისი ფართობი 30 ჰექტარამდე იქნება. იგი აშენდება უზბეკი პარტნიორების სახსრებით. პროექტის საინვესტიციო პორტფელის ღირებულება 50 მილიონი ლარია.
საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე დასრულდა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია. მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით უკვე მერვედ გაიმართა და მის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთახმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე.
წყარო: bpn.ge; europetime.eu; accentnews.ge; bm.ge; businessinsider.ge; commersant.ge;