News

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შექმნის ისტორია

საქართველოში „თბილისი-ყარსის“ რკინიგზის შექმნის თაობაზე საუბარი დაიწყო 1993 წელს (აშშ-ს პრეზიდენტი - კლინტონი). 1996 წლის 4 აპრილს შევარდნაძე და დემირელი ხელს მოაწერენ დეკლარაციაზე „თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მშენებლობისა და დაპროექტების შესახებ. 2005 წლის იანვარში გაფორმდა ახალი ხელშეკრულება (თურქეთის პრეზიდენტი აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი), რომლის დაფინანსებაზე ევროკავშირმა (ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე - ჯოზეფ ბორელი, ესპანეთი; ევროკომისიის პრეზიდენტი - ჟოზე ბაროზუ, პორტუგალია; ტრანსპორტის კომისარი - ჟაკ ბარო, საფრანგეთი) და აშშ-მ (პრეზიდენტი ჯ. ბუში) უარი განაცხადეს. აი, აქამდე ბაქო არ იყო... აი, ამ დროს აშშ-ს და ევროპის კავშირს 600 მილიონი დოლარი რომ გამოენახათ ჩვენთვის (სწორედ ამდენია ბაქოს სესხის მოცულობა) და დამატებითი ინვესტიციები რომ მოეზიდათ, ევროპასა და აზიას შორის სარკინიგზო ხაზზე დომინანტი საქართველო იქნებოდა. ისე, აშშ-ს მიერ დაწესებული „სანქციების“ ისტორიას რომ გადავხედოთ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთ-ერთი პირველი არის ჯორჯ ბუშის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც კონგრესმა 2006 წელს მიიღო; კანონი ამერიკის ბანკებს უკრძალავდა რკინიგზის „თბილისი - ყარსი“ მშენებლობის დაფინანსებას. 

ამის შემდეგ პროექტში ჩნდება მესამე მხარე - აზერბაიჯანი! 2007 წლის 7 თებერვალს, თბილისში, სააკაშვილი, ერდოღანი (თურქეთის პრემიერი; პრეზიდენტი ჯერ კიდევ სეზერია) და ალიევი შეხვდებიან ერთმანეთს და „აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ თბილისის დეკლარაციას“ გააფორმებენ. ამის შემდეგ სამი ლიდერი ხელს მოაწერს შეთანხმებაზე ახალი „ბაქო  - თბილისი - ყარსის“ რკინიგზის მშენებლობის პროექტის შესახებ. „ეს არის პროექტი, რომელიც გეოპოლიტიკურად შეცვლის ჩვენს რეგიონს, რადგან იხსნება ახალი სტრატეგიული ხაზი, რომელიც დააკავშირებს არა მხოლოდ ჩვენს სამ ქვეყანას, ეს ხაზი დააკავშირებს აზიის და ევროპის ქვეყნებს და გახდება ჩვენი რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების მტკიცე საძირკველი. პრაქტიკულად ადგილი აქვს განახლებული, თანამედროვე ვერსიის „ახალი აბრეშუმის გზის“ შექმნას“ - განაცხადა სააკაშვილმა ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე.

2017 წლის 30 ოქტომბერს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწლეობა მიიღეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა - ალიევმა და ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - კვირიკაშვილმა, ასევე უზბეკეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა - არიპოვმა და საგინტაევმა. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა რკინიგზის გახსნა და უწოდა მას სატრანსპორტო კავშირების მთავარი ელემენტი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან.

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი
8 დეკემბერი 2020