News

ივლისის დაიჯესტი 2024

ივლისის დასაწყისში ჩინეთიდან თურქეთის მიმართულებით შუა დერეფნის ახალი მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი გავიდა. 110 კონტეინერისგან შემდგარი მატარებელი, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და აუცილებელი საქონლით  იყო დატვირთული, ჩინეთის პროვინციის ძიანგსუს დედაქალაქ ნანჯინგიდან სტამბოლის მიმართულებით დაიძრა.

საქართველო კიდევ ერთ სატრანსპორტო დერეფანში შევა. თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი ბუქარესტში გააფორმებენ ოთხმხრივ სამთავრობოთაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის "კასპიის ზღვა - შავი ზღვა" ჩამოყალიბების თაობაზე. თურქმენეთის საგარეო უწყების ცნობით, ოთხმხრივი შეთანხმება მიმდინარე წელს გაფორმდება.

2024 წლის ივლისიდან ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა ახალ სატვირთო მარშრუტზე ოპერირება დაიწყო და ფრენებს და შესაბამისად ტვირთების ტრანსპორტირებას თბილისი-მეილანი–თურქმენაბათი-თბილისი მარშრუტზე მოახდენს. აღნიშნული მარშრუტის ამოქმედება თურქმენეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მალე, ბათუმისა და რუმინეთის პორტ კონსტანცას შორის სამგზავრო ბორანი ივლის. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია E60 Shipping Line-ის მმართველი პარტნიორი, შალვა წაქაძე აცხადებს, სამგზავრო გადაყვანების დაწყება  მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.

თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულება თითქმის, 15%-ით გაზარდა. გადასახადი ამ დრომდე $4.42 იყო, 1 ივლისიდან კი, $5.07 იქნება. რაც შეეხება უფრო დიდ გემებს, 2022 წლამდე 10 000-ტონიანი სატვირთო გემი ტრანზიტში მთლიანობაში 3 240 დოლარს იხდიდა. ტრანზიტის ახალი ტარიფების გათვალისწინებით, ასეთ გემს 20 370 დოლარის გადახდა მოუწევს.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი შესაძლოა ახალი, მწვანე დერეფნის შექმნის საფუძველი გახდეს. წყალქვეშა ელექტრო ხაზის მშენებლობისთვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის პარალელურად, ირკვევა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი ტრანსკასპიური წყალქვეშა ხაზის მშენებლობის შესაძლებლობებსაც განიხილავენ. თუკი ასეთი ელექტროგადამცემი ხაზის აშენება მოხდება ის ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირების ერთიან სისტემას შექმნის. ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის პრაქტიკული სამუშაო სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სომხეთს “ჩრდილოეთი-სამხრეთის” მაგისტრალის მშენებლობისთვის 137 მლნ ევროს მოცულობის სესხს გამოუყოფს. აღნიშნულ პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი EBRD-თან ერთად აფინანსებს. ამჟამად საუბარია სისიან-კაჯარანის მონაკვეთზე (მეოთხე ტრანში), რომლის სიგრძეც 24.25 კმ-ია.

მალე "ყვითელი ზღვა“ "შუა დერეფნით“ "შავ ზღვას“ დაუკავშირდება.  2019 წლის 6 აგვისტოს შეიქმნა მსოფლიოს უდიდესი საპორტო ოპერატორი „შანდუნის საპორტო ჯგუფი“ - Shandong Port Group Co Ltd (SPG), რომელშიც გაერთიანდნენ ყვითელი ზღვის პორტები ცინდაო (Qingdao), ჟიჩჟაო (Rizhao), იენთაი (Yantai) და ბოხაივენი (Bohai Bay). SPG მართავს 19 საპორტო ზონას და 324 სამრეწველო ნავმისადგომს. კომპანია ემსახურება 200-ზე მეტ საკონტეინერო მარშრუტს, რომელიც მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანას. 2021 წელს ჯგუფმა გადაამუშავა 21 მილიონზე მეტი TEU და მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოში. 14 აპრილს, "ყაზახეთის რკინიგზამ“ "შანდუნის საპორტო ჯგუფთან“ გააფორმა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც უნდა დააკავშიროს ჩინეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და ახლო აღმოსვლეთის ქვეყნების სავაჭრო ლოგისტიკური სისტემები.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის“ მონაცემებით, 6 თვეში ე.წ შუა დერეფნით“ 1 647 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა, წლიურად ზრდა 27%-ია. 2023 წლის 6 თვეში ამ მარშრუტით ტვირთბრუნვა 1.3 მლნ ტონა იყო.

ფოთის საზღვაო ნავსადგური 2024 წლის პირველ ნახევარში 272,178 TEU კონტეინერს მოემსახურა. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან დღემდე, ნავსადგურში ყველაზე მეტი - 53 129 TEU კონტეინერი მაისში დამუშავდა. კონტეინერების გადამუშავებაში წლიურად კლება 7.6%-ია. 2023 წლის 6 თვეში 294 676 ერთეული კონტეინერი იყო გადამუშავებული, 2022 წლის 6 თვეში - 166 990 TEU.

ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბორნე ტვირთები გაიზარდა. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, ზრდა გასულ წელთან შედარებით შთამბეჭდავია. 2024 წლის 6 თვეში საბორნე ტვირთმა 81 816 ტონა შეადგინა, 2023 წელს კი მხოლოდ 562 ტონა იყო. 2022 ეს მაჩვენებელი 70 373 ტონას შეადგენდა.

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index - LSCI) სათავეში ჩინეთია, რომელსაც კორეის რესპუბლიკა და სინგაპური მოსდევს. ინდექსი მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანას და აჩვენებს ქვეყნის ინტეგრაციის დონე საზღვაო გადაზიდვების გლობალურ ქსელთან. ინდექსი კვარტალურად ახლდება. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველო 119-ე ადგილზეა.

უკრაინის რკინიგზა“ ევროკავშირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინსტრუმენტის "ევროპის შეკავშირების ფონდის" მეშვეობით, 42,95 მილიონ ევროს მიიღებს. გამოყოფილი თანხა ევროპული ლიანდის სარკინიგზო ქსელის განვითარებას მოხმარდება. პროექტის საერთო ღირებულება 85,91 მილიონ ევროს შეადგენს. ფონდი CEF 50 %-ს, ხოლო დანარჩენს - უკრაინული მხარე დააფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს რკინიგზის ობიექტების გეგმიურ რეკონსტრუქციას და ევროპული ლიანდის (1435 მმ) სარკინიგზო ხაზის გაყვანას ჩოპიდან ლვოვამდე. ჩოპი  მსხვილი სატრანსპორტო კვანძია უკრაინას, უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლვოვის სარკინიგზო კვანძის რეკონსტრუქციის სტრატეგიის შემუშავება უკრაინაში ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების პერსპექტივის გათვალისწინებით.

სომხეთი “მშრალი პორტისა” და ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პროექტზე მუშაობს, “შირაქის მშრალი პორტის” პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე ჩატარდა. პროექტის განხორციელებით, გიუმრში შეიქმნება ლოჯისტიკური ცენტრი, ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სასაწყობო ზონები. ის საშუალებას მისცემს საქონლისა და ტვირთის ტრანსპორტირებას ნებისმიერი მიმართულებით, როგორც საჰაერო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული პარკის შექმნას, შედეგად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებას. დავამატოთ, რომ „მშრალი პორტის“ ცნება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და განსაკუთრებით აქტუალურია სომხეთისთვის. ფუნქციურად „მშრალი პორტი“ პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება საზღვაო პორტისგან, გემების ნაცვლად მხოლოდ სარკინიგზო ვაგონები და სატვირთო მანქანები გამოიყენება.

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს სურს, ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდის ამოცანა შეასრულოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება.

"თეგეტა აკადემიის“ დირექტორის ოთარ სიხარულიძის ინფორმაციით ბათუმსა და ფოთში ტრენინგ-ცენტრები გაიხსნება. საპორტო მიმართულებაში ტრენინგების კუთხით პარტნიორი იქნება Transford-ი  PACE ჯგუფის შვილობილი კომპანია. ბათუმის ლოკაციაზე წარმოდგენილი იქნება მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის შეკეთების მიმართულება და ასევე შეიქმნება ახალი პროფესია - გაყიდვების კონსულტანტი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. საბორნე მიმოსვლის აღდგენის თარიღები მოგვიანებით დაზუსტდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლიურად 23%-ით გაიზარდა და 11 022 ტონა შეადგინა. 27%-იანი წილით, ბაზრის ლიდერი, კვლავ TURKISH AIRLINES-ია, რომელსაც 18.4%-იანი წილით, GEORGIAN AIRLINES-ი მოსდევს.

ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზას სურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებულ ერთობლივ კომპანიაში, რომელიც შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციის მიზნით გასული წლის ბოლოს დაფუძნდა. ჩინეთისა და საქართველოს რკინიგზების დელეგაციების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რკინიგზის ძირითადი მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საუბარი ასევე შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა.

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ივნისში გამოკითხულ ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტის პროექტში  უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის მონაწილეობას ისურვებდა, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის ნაცვლად. ამის შესახებ ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ "საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ II კვარტალის გამოცემაშია ნათქვამი.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანში მილსადენებით 19 238,6 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 2,1%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. ამიერკავკასიის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,468,000 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. რაც გასული წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 9.75%-ით აღემატება. აქედან  აზერბაიჯანში წარმოებული იყო 18,6% ანუ 11,773,9 ათასი ტონა ნავთობი, თურქმენეთსა და ყაზახეთში - 2694,8 ათასი ტონა ნავთობი.

აშშ ამ ეტაპზე აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ს მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. 

TRACECA.GE 


წყარო: accentnews.ge; commersant.ge; businessinsider.ge; europetime.eu; bp.ge; ge.armradio.am; rail-news.kz; bm.ge