✔️ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი შუა დერეფნის კომბინირებული საზღვაო და სარკინიგზო კომპონენტის შესაძლებლობების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობდა, რაც ასევე მოიცავს საქონლის გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალითა და ბაქოს პორტით. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწმემ ჰიკმატ ჰაჯიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციას ბაქოს ალათის პორტის გამტარუნარიანობის გასაზრდელად, რათა წელიწადში 25 მილიონ ტონას მიაღწიოს.
"აზერბაიჯანმა ახლახან დაიწყო დამატებითი ინვესტიციების განხორციელება საქართველოსთან ერთად BTK-ის ქართული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით. ჩვენ თურქ კოლეგებთანაც შევთანხმდით ყარსიდან ნახიჩევანამდე რკინიგზის გაყვანაზე," - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ. 230 კილომეტრიანი ხაზი ყარსი-იგდირიდან დაიწყება და ნახიჩევანამდე გაგრძელდება. იქიდან ხაზი დაუკავშირდება ირანის, ავღანეთისა და პაკისტანისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზს. ამდენად, თურქეთს ლოგისტიკაში დიდი უპირატესობა ექნება. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე, მოდერნიზაციის შემდეგ, BTK-ის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს.
✔️ ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია Kerry Logistics-ი უზბეკეთს შუა დერეფანში მთავარ მოთამაშედ განიხილავს. კომპანიის შეფასებით, უზბეკეთის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ფარავს მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებს, მას ამ დერეფნის კრიტიკულ ჰაბად აქცევს.
✔️ 10 მარტს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ შუა დერეფნის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებაში სწრაფად გაიზარდა. ამას მოწმობს ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, რომელიც გაორმაგდა 2022 წელს, ხოლო 2023 წელს კიდევ 65%-ით და 2,7 მლნ ტონა ტვირთამდე (2022 წელი - 1,7 მლნ ტონა) გაიზარდა. მომავალში, ჩვენ ველოდებით, რომ ეს დონე 10 მილიონ ტონას მიაღწევს.
✔️ 11 მარტს ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა ყაზახეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს საბჭოს მე-2 შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და ყაზახეთი მსხვილ რეგიონულ პროექტებს ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს მოიცავს შუა დერეფნის განვითარების პროექტებს, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანას და ა.შ.
✔️ კომუნიკაციის კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან მიერთების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ამ სისტემაზე მიერთების შემთხვევაში, ნებისმიერ თქვენგანს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას მობილურ და ინტერნეტ როუმინგზე იგივე ფასები გექნებათ, რაც საქართველოში. ისევე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქ ჩამოსვლისას, იგივე ფასი ექნება სერვისებზე, რაც საკუთარ ქვეყანაში. ეს საბოლოო ჯამში ევროსტრუქტურების მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე აღსრულდება”, - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.
✔️ საკონტეინერო მატარებელმა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანის მარშრუტი 11 დღეში გაიარა. შუა დერეფნით შავი ზღვის პორტებამდე ტვირთის მიწოდების დრო 18 დღემდე შემცირდა.
✔️ ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ზღვის დაღრმავების სამუშაოების გარდა ვალდებულებას იღებს ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურა მოაწყოს. მთავრობამ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 18 მარტს გამოაცხადა. რამდენ მილიონს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პრეტენდენტმა კომპანიებმა თავად უნდა წარმოადგინონ ფინანსური წინადადებები ტექნიკურ წინადადებასთან ერთად, გამარჯვებულის გამოვლენა კი სწორედ ამ ორი შემოთავაზების ერთობლივად გათვალისწინებით მოხდება.
ეს კი ხდება იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ჯერ პროექტის ინვესტორი არ ჰყავს. ინვესტორის, ანუ პორტის 49%-ის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პარტნიორის შერჩევა მაისამდე გადაიდო. ის, თუ კონკრეტულად ვინ არის დაინტერესებული, საქართველოში ანაკლიის პორტი ააშენოს უცნობია, მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ორ მსხვილ კონსორციუმს - შვეიცარულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს სურთ.
✔️ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოს განხორციელებისთვის სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოს პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება აქვთ. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ პორტის საზღვაო სამუშაოს დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნული კომპანიები გლობალური დაღრმავების/დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს ფლობენ.
"სამუშაოს შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის ევროპულ კომპანიებთან („დიდი ოთხეული“) დაგზავნის მიზანშეწონილობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია HAEDES B.V.-სთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული კომპანია შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სამუშაოს დროულად, საიმედოდ და მაღალი ხარისხით შესრულების, ტექნიკური დავალების მომზადებისა და შემდგომში წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასების მიზნით დაიქირავა,“ წერს სამინისტრო.
რომელ კომპანიებს გაეგზავნათ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაცია:
Boskalis - ნიდერლანდური კომპანიაა. მის ერთ-ერთ პროექტს შორისაა არაბეთის ზღვის სანაპირო ზოლში საპორტო ქალაქ დუქის პორტის რეკონსტრუქცია.
DEME - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფესვები ბელგიაშია, DEME-მ შექმნა ძლიერი ყოფნა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ტექნოლოგიურად მოწინავე გემების ფლოტს, რომელსაც მხარს უჭერს დამხმარე აღჭურვილობის ფართო სპექტრი,“ ასე წარადგენს საკუთარ თავს კომპანია.
Jan De Nul - ბელგიური კომპანია, მისი ფინანსური შტაბ-ბინა განლაგებულია ლუქსემბურგში, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზაზე საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ტექნიკურ მომსახურებას. მისი ძირითადი მიმართულებაა დრენაჟირება, რომელიც მისი ბრუნვის 85%-ს შეადგენს.
Van Oord - ეს არის ნიდერლანდების საზღვაო კონტრაქტორი კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია დნობის, მიწის მელიორაციისა და ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში. Royal Van Oord-მა განახორციელა მრავალი პროექტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, მიწის მელიორაცია, გათხრები და პლაჟის უზრუნველყოფა.
✔️ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. პროექტს ქართველ პარტნიორ შპს "თბილისი დრაი პორტთან" ერთად უმსხვილესი არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება. კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300მ2). ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ.
TRACECA.GE
წყარო: bm.ge, europetime.eu, agrokavkaz.ge