✔️ EBRD-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა: "შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. ამასთან, შუა დერეფანს უფრო დიდი გავლენა ექნება, რადგან შუა დერეფანს განშტოებები აქვს და რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება უზარმაზარი ბენეფიტები ამისგან. ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, შეიძლება, ითქვას, რომ თამაშის წესების შემცვლელია რეგიონში და ის ასევე უპასუხებს არსებულ საჭიროებებს და წარმოადგენს გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს".
✔️ აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის "მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ევროკავშირი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს 270 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 3 მაისს ბრიუსელში, ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირი-აშშ-სომხეთის სამმხრივი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის მხარხაჭერის შესახებ, ბრიუსელში ასევე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
✔️ ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ყაზახეთისა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება საშუალებას მისცემს ყაზახურ ავტომობილებს გადაადგილდნენ ჩინეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვაო პორტებში. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს საქონლის გადაზიდვის ხარჯებს და დროს ყაზახეთის რესპუბლიკისა და ჩინეთის სასაზღვრო რაიონებში და დადებითად აისახება იმპორტირებული საქონლის ღირებულებაზე და ყაზახეთის ექსპორტიორების ხარჯებზე. მსგავსი პირობები გავრცელდება ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩინურ გადამზიდავებზე. ხელშეკრულების ფარგლებში იგეგმება საავტომობილო ტრანსპორტის ელექტრონული სანებართვო ფორმების გაცემაც. ამჟამად ჩინურ მხარესთან 120 ათასამდე ქაღალდის ნებართვის გაცვლა ხდება. სანებართვო ფორმების ქაღალდიდან ელექტრონულ ფორმატზე გადატანა გამორიცხავს ქაღალდის ფორმების წარმოების დამატებით ფინანსურ ხარჯებს, ასევე ადამიანურ ფაქტორს მათი გავრცელებისა და კონტროლის პროცესში.
✔️ "თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“, რომელიც ტვირთის საერთაშორისო ლოგისტიკას ახორციელებს, ინფრასტრუქტურას აფართოებს. საბაჟო საწყობის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო დაგეგმილი გაფართოება კომპანიას 17-18 მლნ ლარი დაუჯდება. ახალი, A კლასის საბაჟო საწყობი აღჭურვილია WMS სისტემით, რაც უზრუნველყოფს საწყობში საკვანძო პროცესების ავტომატიზაციას და ოპტიმიზაციას როგორებიცაა: ტვირთის მიღება, შენახვა, აგროვება და გადაზიდვა.
✔️ EBRD-მა ავსტრიულ ლოგისტიკურ კომპანია Gebrüder Weiss-ზე, თბილისთან ლოგისტიკური ცენტრის გასაფართოებლად, 3 მილიონი ევროს სესხი გასცა. ეს ინვესტიცია დააფინანსებს კომპანიის A კლასის ინტერმოდალური ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებას. "საქართველო კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძად ითვლება და მისი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივა დადებითია. Gebrüder Weiss-ი ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანიაა ქვეყანაში და ამჟამად განიცდის როგორც ტრაფიკის მოცულობის, ასევე მომხმარებლის მოთხოვნის ზრდას. მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კომპანიამ უნდა გააფართოოს ლოგისტიკური ტერმინალი, რომელიც სტრატეგიულად მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს და ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს“,- აღნიშნულია პრესრელიზში.
ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია, Gebrüder Weiss-ი საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს. დღემდე EBRD-მა განახორციელა თითქმის 5.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია 296 პროექტში საქართველოს ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში.
✔️ მაისის თვეში ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს.
✔️ ყაზახეთი იწვევს ვიეტნამს, განიხილოს შუა დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში საქონლის ექსპორტისთვის. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ სერიკ ჟუმანგარინმა 15 მაისს შეხვედრა გამართა ვიეტნამის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ნგუენ ჰონგ დიენთან. შეხვედრის დროს ჟუმანგარინმა განაცხადა, რომ ვიეტნამი ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია აზიაში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა [2023 წლის შედეგებზე დაყრდნობით] 85%-ით გაიზარდა და მან თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ვიეტნამის ვიცე-პრემიერმა ასევე მოიწვია ვიეტნამური კომპანიები, გამოიკვლიონ შუა დერეფნის შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს ვიეტნამის ექსპორტს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ განხორციელდეს 3-4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საზღვაო მარშრუტებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.
✔️ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. "განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის "შუა დერეფნის" ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება... მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა – აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკულ პროექტებში, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც გამოვთქვით სურვილი და დაპირება",– განაცხადა ერდოღანმა.
✔️ თბილისში "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები. მინისტერიალზე გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა ბუქარესტში შედგება და სწორედ მის ფარგლებში დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის იმპლემენტაციაზე იმუშავებს.
✔️ 2027 წლის ბოლოსთვის ყაზახეთში ახალი მშრალი პორტის აშენებას გეგმავენ. ალმაათის რეგიონში, 8,5 ათას ჰექტარზე, საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ჰაბი "კოლჟატის მშრალი პორტი“ მშენებლობა განხორციელდება, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს სრულ ციკლს. პორტი 2024-2027 წლებში ორ ეტაპად აშენდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება საწყობების, საბროკერო, სატრანსპორტო, საქონლის საექსპორტო და სხვა მხარდაჭერის სერვისცენტრების შექმნა. პროექტი განხორციელდება ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და კოლჟატის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის მიზნით. სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპლექსის "მშრალი პორტი“ აშენება კოსტანის რაიონშიც იგეგმება.
✔️ 22 მაისს, ნატოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციის თავმჯდომარემ არნოლდ დიუპუიმ განაცხადა - "შუა დერეფნისთვის" დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა ვაშინგტონის, ბრიუსელის და ანკარას მხრიდან გახდება ძლიერი სიგნალი დაინტერესებული ქვეყნებისთვის, აგრეთვე პეკინისთვის და მოსკოვისთვის. ეს რეგიონის ქვეყნებისთვის იქნება იმის ილუსტრაცია, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელია NATO-ს ქვეყნებთან და ევროპის კავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით. შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობა პოზიტიური გავლენა მოახდინონ უსაფრთხოებაზე და გააჩინონ კეთილი ნება "შუა დერეფნის" გასწვრივ ინვესტიციების მოცულობის გაზრდით ვაჭრობის განვითარებაში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
✔️Wondernet Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ვაშინგტონში, Cosmos Club-ში, მე-8 წლიური ტრანსკასპიური ფორუმის პანელში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს, რომლის თემა იყო "როგორ განვავითაროთ შუა დერეფანი", კასპიის პოლიტიკის ცენტრმა (CPC) კასპიის რეგიონის საელჩოებთან პარტნიორობით უმასპინძლა. მოხსენებისას მამუკა მურჯიკნელმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა გამტარუნარიანობის გაზრდას საჭიროებს. ამასთან, ტრაფიკის მიუხედავად, მარშრუტის განახლება შეფერხებულია. მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ინვესტიციები საქართველოსა და აზერბაიჯანის პორტების განვითარებაში.
✔️ რუსეთის საზღვაო პორტების ასოციაციის ინფორმაციით, საექსპორტო ტვირთების მოცულობა 225.9 მლნ ტონამდე შემცირდა, რაც 4.8%-იანი კლებაა. იმპორტირებული ტვირთების მოცულობა კი 3.1%-ით 13.4 მლნ ტონამდე გაიზარდა. გაზრდილია ასევე ტრანზიტის მაჩვენებელი, რამაც 4 თვეში 23.2 მლნ ტონა შეადგინა, ზრდა კი 2.3% იყო. გაერთიანების ცნობითვე ყველაზე მეტად ამ პერიოდში შავი ზღვა-აზოვის აუზის პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა, რამაც ჯამში 93.8 მლნ ტონა შეადგინა, ეს კი წლიურად 6.9%-იან კლებას ნიშნავს, ასევე 6.1%-ით შემცირებულია არქტიკული აუზის პორტებით ტვირთების გადაზიდვა, ბალტიის ზღვის აუზის პორტების ტვირთბრუნვა კი 2.5%-ით 85.5 მლნ ტონამდეა შემცირებული. კასპიის ზღვის აუზში პორტებით ჯამში ამ პერიოდში 3 მლნ ტონა ტვირთი გაიზარდა, რაც 40.7%-იანი ზრდაა, შორეული აღმოსავლეთის აუზის პორტების ტვირთბრუნვა კი 3.2%-ით 75.1 მლნ ტონამდე შემცირდა.
✔️ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 22 მაისს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, "თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება". გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით".
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიზანია:
• ენერგოუსაფრთხოების ამაღლება
• ენერგომიწოდების დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობით, და
• ციფრული კავშირების ზრდა შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ და მის მიღმა.
✔️ საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ინდექსი Drewry’s, რომელიც 25 იანვრიდან კლებას აჩვენებდა, ისევ გაიზარდა. 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 3 511 დოლარია. ცარიელი კონტეინერების რაოდენობის შემცირებასა და საზღვარზე დიდი საცობის გამო, ჩინეთმა მკვეთრად, 500-800 დოლარით გაზარდა საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით. გაიზარდა ჩინეთიდან საზღვაო ფრახტის ფასი - 800-1000 დოლარიდან 1300 -1500 დოლარამდე.
✔️ ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრმა კომპანიამ E60 Shipping Line, რომელსაც ბორანი Vilnius-ი ფრახტით ჰყავდა აღებული Cenk T-ით ჩაანაცვლა და საკუთარი გამტარუნარიანობა დაახლოებით 25%-ით გაზარდა. Vilnius-ზე თუ ეტეოდა 100 ერთეული 17 მეტრიანი სატვირთო თავისი მისაბმელით, ახლა Cenk T-ზე ეტევა 125 ერთეული 17 მეტრიანი სატვირთო თავისი მისაბმელით“. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.
✔️ ისტორიაში პირველად, ჩინეთმა საქართველოს გავლით ავტოტრანსპორტით ტვირთის, ევროპის მიმართულებით გადაზიდვა დაიწყო. პირველი სამი ჩინური სატვირთო მანქანა, რომელიც 80 ტონას იწონის, ჩინეთიდან გაემგზავრა, გაიარა სატრანზიტო მარშრუტზე და მიმდინარე წლის 23 მაისს ავიდა ბორანზე ქალაქ აქტაუს კურიკის პორტში. მოძრაობა გაგრძელდა ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტზე. დღეს, ასობით მილიონი ტონა ტვირთი ჩინეთიდან დასავლეთის ქვეყნებს მიეწოდება საზღვაო გზით 52 დღეში, ტვირთის უფრო მცირე მოცულობა მიდის რკინიგზით – 22 დღემდე, ხოლო, საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია შეამციროს ეს დრო 12 დღემდე. ამასთან, Vipexpress Company-ს ხელმძღვანელი ნუგზარ მიქუჩაძე ამბობს, რომ ჩინეთიდან საქართველომდე საჰაერო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას 7-10 დღე სჭირდება, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი სახმელეთო გადაზიდვებია, რადგან სუეცის არხი ჩაკეტილია და კონტეინერების ტრანსპორტირება აფრიკის შემოვლით ხდება.
✔️ ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოები დღის პირველ ნახევარში გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ. BTK რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით თურქეთში პირველი სატვირთო მატარებელი 25 მაისს ჩავიდა. მატარებელმა ბაქოდან ყარსში 20 კონტეინერში ჩატვირთული 632 ტონა პლასტმასის ნედლეული ჩაიტანა, საიდანაც შესაბამისი საბაჟო შემოწმების შემდეგ ტვირთი ლოგისტიკურ ცენტრში გადაიტანეს. BTK რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოების შემდგომ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხია აზერბაიჯანი - საქართველოს ერთობლივი კომპანიის შექმნა. რომელიც იმუშავებს BTK ოპერაციების ეფექტურად მართვისა და ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. BTK-ის გავლით ტრანსპორტირებული საქონლის მთლიანი მოცულობა 2022 წლისთვის 432,284 ტონა იყო, რაც 30%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. მოდერნიზაციის შემდეგ, BTK რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება.
✔️ 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 7%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 56 872 809 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53 396 016 ლარი. 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს დერეფანი 162 494 სატვირთომ გადაკვეთა.
✔️საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა. წლის პირველ სამ თვეში ქართული პორტები 3.4 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. საპირისპიროდ, I კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მეშვეობით 3.2 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია.
გადამზიდი კომპანია "სქაი ლოჯისთიქსის" მმართველი პარტნიორი, გიორგი ზუმბაძე საქართველოს პორტების ტვირთბრუნვის კლებას და საპირისპიროდ, რკინიგზის ტვირთბრუნვის ზრდას, საზღვაო გადაზიდვების გაძვირებას უკავშირებს.
✔️ სომხეთის მთავრობის მიერ დაწყებულ პროექტ - "მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიდან პირველი სატვირთო მანქანა სომხეთის დედაქალაქ ერევანში 31 მაისს ჩავიდა. მან გაიარა ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის ტერიტორიები. ამ გადაზიდვას ჩინეთიდან სომხეთში დაახლოებით 20 დღე დასჭირდა.
✔️ 2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა. იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 225,630 TEU კონტეინერი დამუშავდა. გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-მა 2024 წლის მაისის თვეში 30 საკონტეინერო გემი მიიღო, აპრილში 27, ხოლო მარტში 24.
წყარო: europetime.eu, bm.ge, brg.ge, accentnews.ge, ajaratv.ge, lsm.kz, bpn.ge, businessinsider.ge
TRACECA.GE