2024 წლის 22 ივლისს თურქმენეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას კასპიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. ეს ინფორმაცია თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აჰმედ გურბანოვის შეხვედრას მოჰყვა რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ადრიან გეორგე ფოგისთან.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, მოემზადონ 2024 წელს ბუქარესტში ოთხმხრივი (თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - რუმინეთი) მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერისთვის კასპიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კონტექსტში ადრე მიღწეული შეთანხმებების განხორციელება, ასევე, სატრანზიტო სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, გლობალური კარიბჭის ინიციატივის ფარგლებში (Global Gateway). ინიციატივა მიზნად ისახავს 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზებას 2021 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში.
აღნიშნული მარშრუტი აძლიერებს ვაჭრობას ევროპასა და აზიას შორის, რაც ხელს უწყობს საქონლის გადაადგილებას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის კომბინაციით. ტრანსპორტირების ხარჯების მოსალოდნელი შემცირება და მიწოდების დრო დერეფანს უფრო ეფექტიანს და ეკონომიურს გახდის. შავი ზღვა-კასპიის ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინიცირება 2018 წელს მოხდა. 2018 წლის 24-25 ოქტომბერს აშხაბადში კასპიის ზღვა-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
2019 წლის მარტში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.
დეკლარაციის ხელმოწერისას მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირება ორი ზღვის მეშვეობით ყველაზე მოკლე და რენტაბელური მარშრუტია აქამდე არსებულ სატრანსპორტო ქსელებში. ასევე, აღინიშნა ახალ სამარშრუტო ხაზში ერთ-ერთი მონაწილის სახით რუმინეთის – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჩართულობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სატრანსპორტო მარშრუტში.
ინფო: europetime.eu