silk-road

ლაპის ლაზულის დერეფანი

2017 წლის 15 ნოემბერს ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ლაპის ლაზულის შეთანხმებას. თურქმენეთში გაფორმებული ოფიციალური შეთანხმების მიზანია ავღანეთიდან, თურქმენეთის, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპის მიმართულებით საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტების განვითარება. კერძოდ, ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობა და სატრანზიტო მოძრაობის ადმინისტრირება. თურქმენეთის საგარეო უწყების ინფორმაციით (mfa.gov.tm), მინისტრებმა იასუბრეს როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო არენაზე თურქმენეთ-საქართველოს აქტიურ თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროებში.

2023 წლის ოქტომბერში, თბილისში, “აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის “ლაპის ლაზულის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იამა იარიმ მონაწილეობა მიიღო პანელში “სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა“. მინისტრმა განაცხადა - “ჩვენ შევქმენით ახალი დერეფანი, რომელსაც “ლაპის ლაზული“ ჰქვია. ამ პროექტით ჩვენ ტვირთების გადაზიდვას ვახდენთ ჩინეთის, ინდოეთის, შუა აზიის, კავკასიის მიმართულებით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ შიდა რეურსები, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა“.

დერეფანი „ლაპის ლაზული“ იწყება ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აქინა (Aqina) და ჰერათის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქუნდი (Turqundi) და გრძელდება თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტამდე თურქმენბაში. შემდეგ კასპიის ზღვის გავლით შედის ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში და აკავშირებს მას საქართველოს დედაქალაქთან, აგრეთვე ფოთის და ბათუმის პორტებთან. მარშრუტი აგრეთვე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გაივლის თურქეთის ქალაქს სტამბოლს და ბოლოს შევა ევროპაში.

ავღანეთისათვის ამ მარშრუტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის არის ალტერნატიული და ამავე დროს ყველაზე მოკლე, ყველაზე იაფი და ყველაზე უსაფრთხო გზა ზემოთ ხსენებულ რეგიონებში. ლაპის ლაზული ისტორიული დერეფანია და აღნიშნავს “ლურჯ ქვას“ (ლათინურად Lapis - ქვა, სპარსულად lazhward - ლურჯი). 2000 წლის წინ, აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით “ლურჯი ქვა“ გავიდა ექსპორტზე ავღანეთის ქალაქ ბადახშანიდან ევროპაში.

დერეფანი საავტომობილო და სარკინიგზო ხაზებით წარმოადგენს სავაჭრო-სატრანზიტო გზას ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში. “ლაპის ლაზულის“ იდეა 2012 წელს გაჩნდა. რატომ დაერქვა დერეფანს ასეთი პოეტური სახელწოდება? ამ კითხვაზე ავღანური დელეგაციის წარმომადგენლები ღიმილით პასუხობდნენ. “მრავალი საუკუნის წინ ავღანური ლაჟვარდი (ლაზურიტი) და სხვა ნახევრად ძვირფასი ქვები მიგვქონდა კავკასიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მაშინ, დიდ აბრეშუმის გზაზე იყო მონაკვეთი, რომელსაც “ლაჟვარდოვანი“ ერქვა. ახლა ისტორიის გახსენების დროა“.

ავღანეთისთვის სავაჭრო გზა კასპიის და შავი ზღვების გავლით ევროპასთან, ამცირებს ირანის, პაკისტანის და ინდოეთის პორტებზე დამოკიდებულებას. გზა აგრეთვე ეფექტიანად აკავშირებს სამხრეთ აზიას ევროპის ქვეყნებთან. ასევე ავღანეთისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო-სატრანზიტო გზა ჩინეთის მიმართულებით. ეს სატრანზიტო მიმართულებები შემდეგნაირად გამოიყურება:

მიმართულება ევროპა-ავღანეთი:

1. საქართველოს ნავსადგურების გავლით, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ავღანეთი. მარშრუტის საერთო სიგრძე 4234 კმ.

2. საქართველოს ნავსადგურების გავლით, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ავღანეთი. მარშრუტის საერთო სიგრძე 3765 კმ.

მიმართულება ჩინეთი-ავღანეთი:

1. ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-ავღანეთი. მარშრუტის ურუმჩი-კაშგარი-ირკეშტამი-ოში-ანდიჟანი-ტაშკენტი-თერმეზი-ხაირატონი-ქაბული საერთო სიგრძეა 3713 კმ.

2. ჩინეთი-ტაჯიკეთი-ავღანეთი. მარშრუტის ურუმჩი-კაშგარი-ირკეშტამი-დუშანბე-ქვემო ფიანჯი-ქაბული საერთო სიგრძეა 2813 კმ.

3. ჩინეთი-ყაზახეთი-უზბეკეთი-ავღანეთი. მარშრუტის ურუმჩი-ხორგოსი-ალმაატა-ტაშკენტი-თერმეზი-ხაირატონი-ქაბული საერთო სიგრძეა 3151 კმ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში აზერბაიჯანმა ავღანეთის დედაქალაქში საელჩო გახსნა. რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დაწყების გარდა, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასაც შეუწყობს ხელს. ​

TRACECA.GE