silk-road

სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი

უწყვეტი მარშრუტის იდეა პირველად ინდოეთში ვიზიტის დროს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გააჟღერა. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში მან გამოაცხადა სომხეთის ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნის გახსნის შესაძლებლობა, რაც შესაძლებელს გახდის შავი ზღვის გავლით ინდური საქონლის მოგზაურობის შემცირებას რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. პარალელურად, ერევანმა და ნიუ დელიმ დაიწყეს მოლაპარაკებები საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაზე (ge.armradio.am).

საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ 2023 წლის ოქტომბერში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაფორმდა ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. როგორც ჩანს კავკასიის სამხრეთიდან ტვირთბრუნვას ახალი ნაკადებიც დაემატება მომავალში (businessinsider.ge).

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით არაბეთის გაერთიანებული საემიროები პირველად გახდა უმსხვილესი ინვესტორი სომხეთში, რომელმაც რუსეთს გაუსწრო (ge.armradio.am).

2023 წლის დეკემბერში ოფიციალურმა ერევანმა და თეირანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სომხეთი შეიძლება გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ირანისთვის EAEU-სა და ევროპის ქვეყნებში, ხოლო ირანი სპარსეთის ყურის და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ინდოეთში. რისთვისაც სომხეთი ირანის პორტებით ისარგებლებს.

სამხრეთ-დასავლეთის დერეფნის პერსპექტივას ამყარებს ის ფაქტიც, რომ 2023 წლის დეკემბერში სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ, სომხეთის და ინდოეთის რესპუბლიკების მთავრობებს შორის, საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა (agrokavkaz.ge).

2024 წლის იანვარში საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას მოჰყვა ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების განხილვა. თებერვალში კი ირანულმა კომპანიებმა ქაჯარანი-აგარაკის (ირანის საზღვარი) გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყეს. 

ამრიგად, ინდოეთიდან ტვირთის მიტანა შესაძლებელია ჩაბაჰარის პორტში (ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით), შემდეგ სახმელეთო გზით სომხეთში (საავტომობილო  ან სარკინიგზო გზით), შემდეგ საქართველოში და იქიდან ბულგარეთის ან საბერძნეთის პორტებში.

სამხრეთ-დასავლეთის დერეფნის რეალურობას ხდის სომხეთის მიერ გაცხადებული სწრაფვა ევროკავშირისკენ და ასევე, გიუმრის “მშრალი პორტის” პროექტის ინიცირება, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტის  შემუშავებაში ჩართულია ჰოლანდიური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - MTBS.

საავტომობილო მარშრუტი სპარსეთის ყურედან შავი ზღვამდე, რომლის მანძილი ბენდერ-აბასის პორტიდან ფოთის პორტამდე შეადგენს 2639 კილომეტრს, ინდოელ ვაჭრებს დააკავშირებს რუსეთის და ევროპის ბაზრებთან. ცხადია შესაძლებლობა, რომ მარშრუტის მიმართ ინტერესები სამომავლოდ გალფის ქვეყნების ჯგუფიდანაც გამოიკვეთება.

TRACECA.GE