silk-road

სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონა

სუამ-ი არის ოთხი ქვეყნის (აქართველო, კრაინა, ზერბაიჯანი და ოლდავეთი) რეგიონალური კავშირი. 1997 წელს სუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივ შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონალური თანამშრომლობის, ევროპული და რეგიონალური უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ქვეყნის მეთაურებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს ევრაზია-ტრანსკავკასიის კორიდორის შექმნის საკითხს, რაც წარმოადგენს ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობების და ეკონომიკური ხელსაყრელობების გამოყენების საფუძველს.

2000 წელს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სხდომაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების მიერ მიღებულ იქნა ნიუ-იორკის მემორანდუმი. თანამშრომლობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სუამ-ის წევრი ქვეყნების შესაბამის ორგანოებს შორის შიდა კონტაქტების და პირდაპირი კავშირის საშუალებების დანერგვისათვის ხელის შეწყობა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის ეფექტურად ფუნქციონირება და მისი ინფრასტრუქტურის განვითარება მიჩნეულ იქნა როგორც მთავარი პრიორიტეტი.

წლების მანძილზე კიევში, იალტაში, კიშინოვში, ბაქოში, თბილისსა და ბათუმში არაერთი ოფიციალური შეხვედრა შედგა, სუამ-ის სატრანსპორტო კორიდორის უსაფრთხო ფუნქციონირების,  სუამ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის, საბაჟო და საზღვრის დაცვის კონტროლის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. 

2022 წლის 20 სექტემბერს, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ. ოქმი ითვალისწინებს სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კუმულაციური პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას. კერძოდ, ის საშუალებას აძლევს სუამ-ის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო. მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები. საქართველოს სამივე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულებები მანამდე ისედაც ჰქონდა, მაგრამ შეთანხმებით ყალიბდება რეგიონული დაჯგუფება, რომლის ინტერესების პალიტრა არის ძალიან ფართო.

TRACECA.GE