News

აპრილის სიახლეები, 2024

✔️ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში აქტაუს საზღვაო პორტის გავლით 1,1 მილიონ ტონაზე მეტი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება ყაზახეთის რკინიგზა.

✔️სომხეთს სურს, რომ ინდოეთმა ხელი მოაწეროს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას (SPA) და ამჟამინდელი ორმხრივი თავდაცვითი პარტნიორობა აიყვანოს ახალ დონეზე. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკა სტრატეგიულ რესურსებთან დაკავშირებით სერიოზულ გამოწვევას უქმნის ინდოეთის სტრატეგიულ ინიციატივას ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სავაჭრო და სატრანზიტო დერეფნის გავლით რუსეთთან და ევროპასთან მისასვლელად. მთავარი მარშრუტი ირანზე, აზერბაიჯანსა და რუსეთზე გადის, რომელიც საბოლოოდ ინდოეთს ევროპასთან დააკავშირებს. თუმცა, ინდოეთიდან ევროპისკენ უმოკლესი და უსაფრთხო გზა შეიძლება გაიაროს ირანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის გავლით, თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი აზერბაიჯანის გვერდის ავლით.

✔️საკონტეინერო გადაზიდვების ფასები კლების ტენდენციას აჩვენებს. კონტეინერების მსოფლიო ინდექსი Drewry’s 3000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. 28 მარტის მონაცემებით ერთი 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფი კიდევ 3%-ით, $2,929 -მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი იანვარში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელზე 3964 დოლარზე 1035 დოლარით, ანუ 26%-ით ნაკლებია, თუმცა ისევ მკვეთრად აღემატება 2023 წლის დეკემბერში არსებულ 1500 - დოლარიან ნიშნულს. საკონტეინერო გადაზიდვები წითელი ზღვის კრიზისმა გააძვირა, რადგანაც გემების უმეტესობა წითელ ზღვაში შესვლას აფრიკის კონტინენტის შემოვლას ამჯობინებს. გაზრდილი მანძილი მეტ საწვავს მოითხოვს, რასაც დაზღვევის ხარჯიც ემატება. თუმცა, როგორც ჩანს, ბიზნესოპერატორებმა სუეცის არხიდან ახალ მარშრუტზე გადაწყობა სრულად შეძლეს.

✔️აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მიერ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს $13 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა გადაეცა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული აღჭურვილობა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების რენტგენო ინსპექტირების მაღალტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც გამოიყენება საბაჟო კონტროლისას.

✔️აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი, გიორგი კიზირია აცხადებს, რომ საქართველოში ახალი აეროპორტის აშენების მიზანშეწონილობის რეკომენდაცია სწორედ ADB-იმ გასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევები გრძელდება და 2024 წლის განმავლობაში ახალი აეროპორტის მასტერპლანი უკვე მზად იქნება.

✔️თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში ხელმოწერილი გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინა. ხელშეკრულება გულისხმობს „თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ საბაჟო ტრანზიტის ოპერაციების ხელშეწყობას“. დოკუმენტი მიზნად ისახავს პირველადი მონაცემების ელექტრონული გაცვლის განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტრანზიტით გადაზიდული საქონლის საბაჟო პროცედურებს, რომელიც სამი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის.

"რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე "ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

✔️ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სატვირთო ტერმინალი აშენდება, რომლის ფართობი 5,2 ჰექტარი და გამტარუნარიანობა 120 ათასი ტონა იქნება წელიწადში. პირველი ეტაპი – 2024 წლის ბოლომდე – 8000 კვადრატული მეტრის ფართობის ახალი სატვირთო ტერმინალი ამოქმედდება. სამაცივრე და საყინულე კამერების ჩათვლით, დამატებით აშენდება ახალი ადმინისტრაციული შენობა 3000 კვ.მ. მეორე ეტაპზე – 2025 წლის ბოლომდე – იგეგმება ახალი სატვირთო საწყობის აშენება 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით. მათ შორის თანამედროვე სამაცივრო და საყინულე კამერები სხვადასხვა ტემპერატურული პირობებით. Uzbekistan Airports Cargo-ს მონაცემებით, ამჟამინდელი სატვირთო ტერმინალის სიმძლავრე რეალურად წელიწადში 30 ათასი ტონაა. ამასთან, 2024 წელს პროგნოზირებულია დაახლოებით 67 ათასი ტონა ტვირთისა და ფოსტის გადამუშავება.

✔️USAID-მა და MAERSK-მა დაიწყეს ახალი პარტნიორობა, რომელიც დაეხმარება საქართველოს გამოიყენოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი შუა დერეფნის გასწვრივ. ძლიერი ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და დაეხმარება მთავარ საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირებაში, მათ შორის ევროკავშირთან.

TRACECA.GE

წყარო: europetime.eu, ge.armadio.am, bm.ge, businessinsider.ge, agrokavkaz.ge