
2026-06-07
სამი გლობალური განჭვრეტა აერთიანებს აბრეშუმის გზის კარიბჭე საქართველოს. ესენია: ჰოლანდიელთა სავაჭრო დიპლომატია, ემირატების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და ბრიტანული ბიზნეს სამართალი. თითოეული მათგანის გლობალური უპირატესობა საკუთარი ეკონომიკური ისტორიის და ეკონომიკური გეოგრაფიის ძალაშია.
ამსტერდამის საფონდო ბირჟა Euronext Amsterdam — თანამედროვე კაპიტალის ბაზრების აკვანი და ჰოლანდიური სავაჭრო გამოცდილებისა და საერთაშორისო კომერციის ისტორიული სიმბოლო.
დუბაის საფონდო ბირჟა Dubai Financial Market (DFM) — ახლო აღმოსავლეთისა და გლობალური კაპიტალის დამაკავშირებელი ცენტრი. შარიათის (ისლამური ფინანსების) პრინციპებთან შესაბამისობა მისი ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია.
ლონდონის საფონდო ბირჟა — London Stock Exchange-ის ძალა მხოლოდ კაპიტალის მოცულობაში კი არა, არამედ იმ ნდობაშია, რომელსაც ბრიტანული სამართლებრივი სისტემა და ლონდონის ფინანსური ცენტრი ქმნის.
პარალელები საქართველოსთან
ქართული სავაჭრო დიპლომატია
ცნობილია, მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. მათ შორის, უცხოელი ვაჭრებისთვის გადასახადებში შეღავათების დაწესება. ასევე ცნობილია, მე-17 საუკუნეში, პირველი ქართველი დიპლომატის შეთავაზება ლუდივიკო XIV-სთან ვერსალის სასახლეში. სულხან-საბას ჰქონდა წინადადება, სპარსული აბრეშუმი სომეხ ვაჭრებს საქართველოს გავლით ეტარებინათ სმირნამდე, რითაც გზა 3/4-ით შემცირდებოდა. უკანა გზაზე კი ფრანგებს გაეყიდათ საკუთარი მაუდის ნაწარმი.
XIII საუკუნის თბილისში გილდიის ანალოგიური ვაჭართა გაერთიანებას ორთაღი ერქვა. მისი წევრები მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავაჭრო და საკრედიტო ოპერაციებში. მოგვიანებით, XVII-XVIII სს-ში, საგარეო ვაჭრობაში ჩაბმულ ქართველ სოვდაგართა კავშირს სათავეში ქარავანბაში მოექცა. 1875 წლიდან ვაჭართა კორპორაციები და გილდიური კავშირები შეიქმნა. 1880 წელს თბილისში აღრიცხული იყო I გილდიის 49 ვაჭარ-მრეწველი და II გილდიის 1003 ვაჭარი.
მე-16-18 საუკუნეების ევროპელი მისიონერები და დიპლომატები წერილობით ადასტურებენ ქართველი ვაჭრების განსაკუთრებულ გააქტიურებას ერევანში, განჯაში, გილანში, ისპაჰანში, ასტრახანში, ერზურუმში, კაფაში, კონსტანტინოპოლში, ტრაპიზონში... 1815-1820 წლების ცნობილი ფაქტია ქართველი თავადის რაფიელ დანიბეგაშვილის მოგზაურობა ინდოეთში დიდვაჭრებთან მოსალაპარაკებლად. XVII–XVIII საუკუნეებში დიდვაჭარი "დიდებულ ვაჭრად“ იწოდებოდა. პირადად თავისუფალი, დიდი ქონების პატრონი ვაჭარი, რომელიც უმთავრესად სხვა ქვეყნებთან საქარავნო ვაჭრობას ეწეოდა.
ქართული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა
ძველად ფაზისი იყო ფინიკიელი და გენუელი ვაჭრების ნავსაყუდელი. ეს თანამედროვე ფოთის პორტია... გურჯი-ბოღაზი ერქვა (ქართ. საქართველოს ყელი) თურქეთიდან საქართველოსკენ მიმავალ სავაჭრო-საქარავნე გზას. ეს თანამედროვე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა... გერმანელი ძმები სიმენსების მიერ 1860 წელს იქნა გაყვანილი პირველი სატელეგრაფო ხაზი საქართველოს გავლით, რომელიც ლონდონიდან იწყებოდა. ეს თანამედროვე შავი ზღვის მწვანე კაბელია... 1872-1885 წლებში ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირება თბილისი-ფოთის რკინიგზით ხდებოდა. ეს თანამედროვე ბაქო-სუფსის ნავთობსადენია.
ინფრასტრუქტურაზე საუბრისას ცალკე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვაო კარიბჭის ფოთის ამშენებელმა ნიკო ნიკოლაძემ 1871 წელს გააჟღერა იდეა - საქართველოზე გამავალი უძველესი და უმოკლესი სავაჭრო გზის აღდგენა ევროპიდან აზიამდე, განახლებული მარშრუტით: ბერლინი - ფოთი - პეკინი.
ერთად თავმოყრილი ქართული სავაჭრო დიპლომატია და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა
ქართველმა ფინანსისტმა, მრეწველმა და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, სპარსეთში ნავთობის კონცესიები შეიძინა და ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია "რუპენტო", რომელიც სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. ასევე ბაქოში დააარსა "ხოშტარიას ბანკი“, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ფინანსურ კომბინაციებს აწარმოებდა. მან სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. ხოშტარიას "ირანის უგვირგვინო შაჰს" უწოდებდნენ. მის მიერ აჰმედ შაჰისთვის თეირანში საჩუქრად ჩაყვანილ ავტომანქანა "ფორდს" სამკაულად ოქროს ფრთები ჰქონდა. ის ბიზნესს თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში აწარმოებდა. თეირანში დააფუძნა სატრანსპორტო კომპანია. ფლობდა საკუთარ საამქროებს, ელექტრონით მოქმედ ქარხრნებს და სპეციალურ სარკინიგზო ხაზს, რაც ირანისთვის პირველი სარკინიგზო ხაზი იყო.
ხოშტარიას არაჩვეულებრივი მოვლენა სავაჭრო დიპლომატიის და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის უბადლო ნაერთია.
არაბული ბირჟა და პარალელი საქართველოსთან
თუ ლონდონის ბირჟას ბრიტანული ბიზნეს სამართალი გამოარჩევს, ხოლო ამსტერდამის ბირჟას სავაჭრო ისტორია, დუბაის ბირჟის ერთ-ერთი უნიკალური ნიშანია თანამედროვე გლობალური ფინანსების და შარიათზე დაფუძნებული ისლამური ფინანსების შერწყმა. რაც ისლამური სამართლის მიერ შეზღუდულ სექტორებს ითვალისწინებს.
გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის, X საუკუნის ვერცხლის მონეტაზე, ერთად არის ქრისტეს და ალაჰის სადიდებლები არაბულ ენაზე გამოსახული. არცერთ კულტურაში არ არის ისლამისა და ქრისტიანობის ჰარმონიზების მსგავსი შემთხვევა. ესეც ისტორიული მაგალითია საქართველოდან, დუბაის ბირჟაზე ისლამური და გლობალური კაპიტალთა შერწყმისა.
ქართული ბიზნეს სამართალი
ილია ჭავჭავაძე როგორც ქართველი ერის ჭეშმარიტი წინამძღოლი, თავად არის ქართული ბიზნეს სამართლის განსაკუთრებული მოვლენა. თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მრავალწლიან ხელმძღვანელობამდე, იგი იყო მომრიგებელი მოსამართლე. ილიას კალმისმონასმია ასევე კერძო საკუთრების იდეა და ვაჭრობის ლიბერალიზაცია. თანამედროვე საქართველოში ბანკირის და ადვოკატის პროფესიული დღეებიც ერთად, ერთ თარიღში - 8 ნოემბერს აღინიშნება. რადგან ილიასთვის არასოდეს ყოფილა ბიზნესი და სამართალი ერთურთისგან განუყოფელი.
ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე: "ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ."
რობაქიძისეული "ძვირფასი დასავლეთი ევროპა" სწორედ რომ ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფოა, შესაბამისი სავაჭრო დიპლომატიით და ბიზნეს სამართლით. "ვერ დასათმობი შუა აღმოსავლეთი" კი ნამდვილად არაბთა გერთიანებული საამიროებია, ლოგისტიკური ეფექტიანობის მაღალი ინდექსით.
ჰოლანდიელთა სავაჭრო დიპლომატიის, ემირატების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის და ბრიტანული ბიზნეს სამართლის "ქორწინების ქართული ნადიმით გადახდას" ჭირდება მაღალი კლასის, თანამედროვე, დამოუკიდებელი და თავისუფალი "თბილისის საფონდო ბირჟა".
ზურაბ მაღრაძე, დოქტორი