ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ან ტრასეკა (ინგლ. Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) — საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი შეიქმნა 1993 წელს ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით. მალევე პროექტს უკრაინა და მოლდოვა შეუერთდნენ. 2000 წელს შეუერთდა თურქეთი, ხოლო 2009 წელს - ირანი.
1993 წელს ბრიუსელში ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც დასაბამი მისცა ტასისის (TACIS – ტექნიკური დახმარება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებისათვის) ჩარჩოებში მეტად ფართო მასშტაბის რეგიონული ტექნიკური დახმარების პროგრამების ჩამოყალიბებას, რომელსაც ეწოდა ტრასეკა (TRACECA – სატრანსპორტო დერეფანი ევროპა–კავკასია–აზიისათვის).
1995-2008 წლებში ტასის-ტრასეკას ფარგლებში სამ ათეულამდე ტექიკური დახმარების პროექტი განხორციელდა. პროექტების განხორციელებამ შესაძლებელი გახადა რიგი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტა: ტრასეკას პროექტის წევრი სახელმწიფოების სატრანსპორტო სისტემების ინსტიტუციონალური მშენებლობა და მართვის სისტემის რეფორმა, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა და მისი ჰარმონიზაცია დასავლურ ანალოგებთან, სატრანსპორტო სისტემების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, მათი რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტებისა და განვითარების გეგმების შემუშავება და ა.შ.
აღნიშნულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სატრანსპორტო დერეფნის ე. წ. “ვიწრო ადგილების“, “სატრანსპორტო საცობების“ დარეგულირებასა და ახალი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში. ამასთან ერთად, საფუძველი ჩაეყარა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საერთაშორისო სახელშეკრულებო ბაზას. 1996 წელს თურქმენეთის ქ. სერახსში ოთხმა ქვეყანამ – აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა, უზბეკეთმა და საქართველომ – ხელი მოაწერა ცნობილ სერახსის ხელშეკრულებას (შეთანხმება საერთაშორისო ტრანზიტის შესახებ და სარკინიგზო უწყებებს შორის ხელშეკრულება სარკინიგზო ტრანსპორტის კოორდინაციის შესახებ). შემდგომ მათ შეუერთდნენ სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ეს იყო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა ტრასეკას პროექტის მონაწილე ქვეყნებისათვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობას.
მოგვიანებით, 1998 წ. სექტემბერში, ქალაქ ბაქოში გამართული ტრასეკას პროექტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის დროს 12 სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა მრავალმხრივ ხელშეკრულებას “ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში საერთაშორისო ტრანსპორტის განვითარების შესახებ“. ამ ხელშეკრულებას ახლავს 4 ტექნიკური დანართი: სარკინიგზო ტრანსპორტის, საავტომობილო ტრანსპორტის, საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო ნაოსნობის, სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტების შესახებ. აღნიშნულმა ხელშეკრულებამ სატრანსპორტო დერეფნის მონაწილე ქვეყნების საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების, საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისა და სახელმწიფოთაშორისი სატრანსპორტო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი სრულყოფისა და განვითარების ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სახელშეკრულებო საფუძველი შექმნა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ, რითაც საფუძველი ჩაეყარა სატრანსპორტო დერეფნისა და ტრასეკას პროექტის საერთაშორისო ინსტიტუციონალიზაციას.
ტრასეკას პროექტის საერთაშორისო ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებებისა და სატრანსპორტო დერეფნის მონაწილე ქვეყნების სამთავრობათაშორისო გადაწყვეტილებების კოორდინაციის მიზნით ქალაქ ბაქოში შტაბ-ბინა დაიდო ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივმოქმედმა სამდივნომ (2000 წ. აპრ.). პროექტისა და სატრანსპორტო დერეფნის საერთაშორისო კოორდინაციისა და მართვის ამ ახალმა ინსტიტუტმა დააფუძნა პროექტის მონაწილე ქვეყნების სამთავრობო კომისიების ეროვნული სამდივნოები, რასაც სატრანსპორტო დერეფნის საქმიანობის სრულყოფის, პერსპექტიული განვითარების სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ახალი ეტაპი მოჰყვა. თბილისმა, როგორც ტრასეკას პროექტისა და საკუთრივ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ინიციატორი სახელმწიფოს დედაქალაქმა, სატრანსპორტო დერეფნის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის “საყრდენი კარკასის“ მაინტეგრირებელი როლი ითამაშა. გაიზარდა მისი სადისტრიბუციო-ლოგისტიკური ფუნქცია, რომლის მასშტაბი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიასაც მოიცავს. მოეწყო რამდენიმე საერთაშორისო ფორუმი პროექტის მონაწილე ქვეყნებისა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ტრასეკა, განვითარების დღევანდელ ეტაპზე, არა მხოლოდ ევროპა-კავკასია-აზიის დამაკავშირებელ მრავალფუნქციურ დერეფნად გადაიქცა, არამედ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ეკონონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების მძლავრ მამოძრავებელ ფაქტორად ჩამოყალიბდა.
TRACECA.GE