
2025-06-12
სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა, ჰაკობ არშაკიანმა, განაცხადა, რომ სომხეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებში უზარმაზარი ცვლილებებია დაფიქსირებული და შეინიშნება თანამშრომლობის აქტივობა სხვადასხვა მიმართულებით: თავდაცვა, სამხედრო მრეწველობა, ტექნოლოგიური სექტორი, ლოგისტიკა, განათლება, ტურიზმი.
Armenpress-ის ცნობით, ჰაკობ არშაკიანმა ამის შესახებ ისაუბრა APRI-2025 კონფერენციაზე სახელწოდებით „სტაბილურობის პოვნა არასტაბილურ სამყაროში“.
„ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ კარიბჭე, რომელიც უზრუნველყოფს ინდოეთის ევროპასთან კავშირს ირანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. ამ კონტექსტში, მინდა აღვნიშნო „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამა, რომლითაც ძალიან დაინტერესებულნი არიან ჩვენი ინდოელი პარტნიორები. ეს შეიძლება იყოს კარგი პლატფორმა, თუმცა მსოფლიოში სხვადასხვა კონფლიქტის გამო ბევრი შეზღუდვაა. „მშვიდობის გზაჯვარედინს“ ახლა რომ ემუშავა, მილიარდობით დოლარი გაივლიდა სომხეთის გზებითა და რკინიგზით, ეს ასევე კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანდა ჩვენს რეგიონს“, – თქვა სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა.
რაც შეეხება სომხურ-ინდურ ურთიერთობებს, არშაკიანმა დასძინა, რომ ინდოელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან სომხეთით, ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობებით.
„ჩვენთან ინდოეთიდან უკვე 3 ათასი სტუდენტი სწავლობს, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება მეტი იყოს. აქ კი შესაძლებლობების განვითარება და გაფართოება მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ დიდ ქვეყანასთან თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ. თუ პოტენციალს შევეხებით, მაშინ, როგორც იცით, აქ აკადემიური ქალაქი შენდება, რომელსაც ასეთი შესაძლებლობების ჩამოყალიბება შეუძლია“, – აღნიშნა არშაკიანმა.
მისი თქმით, სომხური მხარე ინდოელ პარტნიორებთან ასევე განიხილავს ტექნიკურ, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სრ ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნულის კონტექსტში, ერევანსა და ნიუ დელის შორის ასეთი კავშირის შექმნის მცდელობები წარმატებული იქნება.