News

აზერბაიჯანის ალიათის ნავსადგურში ხელოვნურად შექმნილი ბარიერი

2026-03-31

“დერეფანი უყურადღებოდაა მიტოვებული” - სისტემურ პრობლემად აზერბაიჯანის ალიათის ნავსადგურში ხელოვნურად შექმნილი ბარიერი სახელდება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემური ხასიათი მიიღო საქართველოში დატვირთული და ცენტრალურ აზიაში გასაგზავნი ვაგონების, კერძოდ, აზერბაიჯანში ალიათის ნავსადგურში ვაგონების ხანგრძლივი ვადით დაყოვნების პრობლემამ.

მიუხედვად იმისა, რომ აზერბაიჯანს ალიათი - აქტაუ/კურიკის მიმართულებით საკუთარი კომბინირებული საავტომობილო - სარკინიგზო ტიპის ბორნები - აგდამი, ნახიჩევანი, ზარიფა ალიევა, ბელაქანი, დაღესტანი, შახდაგი - მცირე ტევადობისაა, ექსპედიტორი და გადამზიდავი კომპანიები ბორნის მოლოდინში საქართველოში დატვირთული ვაგონების დაყოვნების ძირითად მიზეზად აზერბაიჯანული საპორტო სამსახურების მიერ ხელოვნურად შექმნილ ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებენ.

ექსპედიტორების განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში დატვირთულ და ცენტრალურ აზიაში გასაგზავნ ვაგონებს ბორნის მოლოდინში, ალიათის ნავსადგურთან მისასვლელ სარკინიგზო ლიანდაგებზე დაყოვნების გამო, თვენახევარი და მეტი პერიოდი უწევთ გაჩერება, ბუნებრივია ასეთი დაყოვნება მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

სხვადასხვა მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, კასპიის ზღვის ბორნებზე მოლოდინის რეჟიმში 700–900 ერთეული დაგროვილი და დასატვირთად გამზახებული ვაგონი იმყოფება. რისი დადასტურებაც თანამედროვე Railwagonlocation-ის  ვაგონზე თვალთვალის საინფორმაციო სისტემის გამოყენებითაა შესაძლებელი, რასაც ვაგონის ლოკაციის დასადგენად მიმართავენ ექსპედიტორები.

საქართველოში დატვირთული ვაგონების ბორანზე დაყოვნების ძირითად მიზეზად ექსპედიტორები აზერბაიჯანის მიერ ალიათის ნავსადგურში საკუთარი აზერბაიჯანული ტვირთის ბორანზე შეგორების პრიორიტეტულობას ასახელებენ.

ექსპედიტორები დერეფნით საქართველოს საექსპორტო პროდუქციის გადაზიდვების გაჭიანურების ზოგიერთი მაგალითს ასახელებენ, კერძოდ ბორჯომით დატვირთული ვაგონის გაგზავნას ბორჯომიდან - ტაშკენტამდე 2 – 2.5 თვე ესაჭიროება.

დერეფნით გაჭიანურებული გადაზიდვები, უარყოფითად აისახება ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქციის - ღვინის გადაზიდვებზე, რომლის ალმაათამდე,  აქტაუს ნავსადგურის გამოყენებით ტრანსპორტირებას -  2 თვე ესაჭიროება.

საუბარში ექსპედიტორები აღნიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანული ტვირთებით დატვირთული ვაგონები, ადგილობრივი საპორტო სამსახურების ხელშეწყობით, ურიგოდ შედიან ბორნებზე, ანდაც ქართულ რიგში მყოფ ვაგონებს ადგილობრივი საპორტო სამსახურები მიზანმიმართულად აყოვნებენ და ანაცვლებენ ადგილობრივი საავტომობილო ე.წ. ტრაილერებით.

ორივე შემთხვევაში დაზარალებული ქართველი ექსპედიტორი გამოდის, ასეთ შემთხვევაში მათი მხრიდან რთულია რაიმე აპელირების გაკეთება, შედეგად დერეფანი კარგავს მიმზიდველობას.

აზერბაიჯანის ნავსადგურში არსებულ ადმინისტრაციულ ბარიერებს ემატება კასპიის ზღვის მეორე მხარეს დამატებითი ინფრასტრუქტურული ბარიერები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, საბორნე მარშრუტზე ვაგონის ტარიფი ოფიციალურად 150 დოლარით გაიზარდა, სირთულეს წარმოადგენს თურქმენეთის რკინიგზით თბომავლის მომსახურებით გახანგრძლივებული პროცედურები.

ექსპედიტორები ლაკონურად აფასებენ დერეფნის ფუნქციონირების არსებულ მდგომარეობას, ისინი ღიად აცხადებენ, რომ - “დერეფანი უყურადღებოდაა მიტოვებული”.

ერთობლიობაში ექსპედიტორები აღნიშნავენ, რომ კასპიის ორივე მხარეს არსებული ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურული ბარიერების გამო ზარალდება დერეფანი, ეცემა მისი კონკურენტუნარიანობა, დერეფანი კარგავს მიმზიდველობას და ტვირთმფლობელები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ალტერნატიულ მიმართულებებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დერეფნის მიმზიდველობის საკითხი ჩვენი ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ არსებული ინფორმაციის საიმედოობის გადამოწმება სახელმწიფო სამსახურების პრეროგატივას უნდა წარმოადგენდეს.

transcor.ge