News

ბაქო-ნახიჩევანი-ყარსის და ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალები

თურქეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ზანგეზურის დერეფნის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას მოელის და მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეგიონის ყველა ქვეყანას წაადგება - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რასაც ტელეარხი, TRT Haber ავრცელებს.

მისი თქმით, „ზანგეზურის დერეფანი არა მხოლოდ აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც წაადგება.“

„ჩვენ ამ მიმართულებას გეოეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. ეს ხაზი ჩვენი რეგიონის გარეთ არსებულ გეოგრაფიულ რეგიონებს დააკავშირებს და ვაჭრობას გამოაცოცხლებს. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ ის უთანხმოების წყაროდ კი არა, შერიგების სიმბოლოდ იქცევა. მჯერა, რომ ჩვენ, როგორც რეგიონის ქვეყნები კონსენსუსის საფუძველზე ამ საკითხის მოგვარებას შევძლებთ,“ - აცხადებს ერდოღანი.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, სამშვიდობო ხელშეკრულების დადების ფარგლებში, ბაქოსა და ერევანს ამ სატრანსპორტო დერეფნის 40-კილომეტრიანი სომხური მონაკვეთის კერძო კომპანიის კონტროლქვეშ გადაცემა შესთავაზა. ასევე, აშშ-ის ელჩმა თურქეთში, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „მზად არის, სომხეთის ტერიტორიის ის მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანში თავის ანკლავს აკავშირებს და თურქეთს ესაზღვრება, 100-წლიანი იჯარით აიღოს.“

აქვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სატრანსპორტო მარშრუტის მართვაში ევროკავშირის ინტერესსაც ასახელებს, რაც 14 ივლისს, ბრიუსელსა და პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს განიხილეს. კერძოდ, საუბარია ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარებისთვის ევროკავშირის ინიციატივა Global Gateway-ის პროგრამაში დერეფნის სომხური მონაკვეთის შეტანაზე. ფაშინიანი მმართველობაში ჩინეთის გლობალურ პროექტ „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ შეყვანასაც არ გამორიცხავს.

სომხური მონაკვეთი სიუნიქის რეგიონზე გადის, რომელიც აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფნის სახელით არის ცნობილი.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის აზერბაიჯანული ნაწილი ბაქოდან აზერბაიჯანის ქალაქ გორადიზამდე, ხოლო გორადიზიდან ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ორდუბადამდე გამავალ სატრასპორტო-სარკინიგზო მაგისტრალს მოიცავს. ზანგეზურის დერეფნის სომხური მონაკვეთის სიგრძე, დაახლოებით, 43 კმ-ია. პროექტის სამშენებლო სამუშაოები, სომხური სიუნიქის პროვინციის გარდა, ყველგან მიმდინარეობს.

დერეფნის საკუთრივ თურქული მონაკვეთის სიგრძე 224 კმ, ხოლო ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის თურქეთთან დამაკავშირებელი გზის სიგრძე, დაახლოებით, 100 კმ-ია. ამ გზის გაგრძელება იგდირი-ყარსის რკინიგზა იქნება, რაზეც ტენდერი გასულ წელს ჩატარდა და მშენებლობაც დაიწყო.

მთლიანობაში, ამ დერეფნის შექმნის მთელ პროცესს ოთხი წელი სჭირდება. კერძოდ, თურქული მხარე ყველა სამუშაოს 2028 წელს დაასრულებს, ხოლო ზანგეზურის დერეფნის პროექტის სრულად დასრულებას 2029 წლისთვის მოელის.

სავარაუდოდ, სომხური მონაკვეთის საკითხი 10 ივლისს, აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ზანგეზურის დერეფნის შექმნის პროექტს საქართველოს პორტებში ინვესტირების შესაძლებლობასთან ერთად განიხილავს. მისი შეფასებით, ბაქო-ნახიჩევანი-ყარსის მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზას შეუერთდება და საქართველოს საზღვაო პორტებთან ერთად დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სატვირთო მიმოსვლის გაზრდისთვის.

ასევე, მიმდინარე წლის მარტში პროექტის მენეჯერ ოსმან ბესერექმა განაცხადა, რომ თურქეთის ყარსს, იგდირსა და აზებაიჯანის ნახიჩევანს შორის რკინიგზის პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა, რომლის ინტეგრირებაც სამომავლოდ ბთყ-ის რკინიგზასთან მოხდება. მისი თქმით, ნახიჩევანი-იგდირის მარშრუტი ყარსამდე მგზავრობის დროს 85 წუთამდე შეამცირებს, ხოლო ბთყ-სთან ინტეგრირება ევროპა-აზიას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ხელ შეუწყობს და საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის ახალ პერსპექტივებს შექმნის. საბოლოოდ, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის მგზავრთა გადაყვანის დრო 18-დან 12 დღემდე შემცირდება.

ამოქმედების შემდეგ სარკინიგზო ხაზზე 160 კმ/სთ-მდე სიჩქარის მატარებლები იმოძრავებენ.

ინფო: bpn.ge