2024 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა ევროპის ცხრა კოორდინატორი, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (trans-European transport network - TEN-T) შექმნისკენ მიმართული სამუშაოების დასრულებას. აღნიშნული ქსელი აერთიანებს რკინიგზების, საავტომობილო გზების და შიდა წყალსავალი გზების ვრცელ ინფრასტრუქტურულ ქსელს, რომელიც წარმოადგენს ევროპის კავშირის სატრანსპორტო სისტემის საფუძველს. შვიდი კოორდინატორი უხელმძღვანელებს შვიდ "ევროპის სატრანსპორტო დერეფანს" (European Transport Corridor) ცხრიდან. დაინიშნა აგრეთვე ორი ჰორიზონტალური პრიორიტეტის - "ევროპის სარკინიგზო მოძრაობის მართვის სისტემა" (European Rail Traffic Management System - ERTMS) და "ევროპის საზღვაო სივრცე" (European Maritime Space - EMS) - კოორდინატორი. ყველა მანდატის მოქმედების ვადაა ოთხი წელი და ძალაში შედის 2024 წლის 9 სექტემბერიდან. ისინი ითანამშრომლებენ წევრ-ქვეყნებთან, ქალაქებთან, რეგიონებთან და ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებთან ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და ევროპის კავშირის დონეზე, რათა ხელი შეუწყონ TEN-T-ქსელის შექმნას.
ვინაიდან არსებობს ცხრა "ევროპის სატრანსპორტო დერეფანი", ორი დერეფნის - "ბალტიის ზღვა - შავი ზღვა - ეგეოსის ზღვა" (Baltic Sea-Black Sea-Aegean Sea Corridor) და "რეინი - დუნაი" (Rhine-Danube Corridor) - კოორდინატორი დაინიშნება 2025 წლის დასაწყისში.
ჩვენთვის უაღრესად საინტერესო „ევროპის სატრანსპორტო დერეფანი“ (European Transport Corridor - ETC) "ბალტიის ზღვა - შავი ზღვა - ეგეოსის ზღვა" (Baltic Sea-Black Sea-Aegean Sea Corridor [BBA]) ცოტა ხნის წინ შეიქმნა. დერეფანი ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის კავშირის წევრ-ქვეყნებს ევროპის უკიდურესი ჩრდილოეთიდან უკიდურეს სამხრეთამდე, ბალტიის ზღვის, შავი ზღვის, ეგეოსის ზღვის, ხმელთაშუა ზღვის ნაწილის, უკრაინის და მოლდოვას გავლით. დერეფნის გასწვრივ განლაგებულია 13 ქვეყანა, კერძოდ 11 წევრი-ქვეყანა: ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და კვიპროსი, აგრეთვე ორი მეზობელი ქვეყანა - უკრაინა და მოლოდოვა. ის ერთმანეთთან აკავშირებს BBA-ს ქვეყნების თითქმის ყველა დედაქალაქს, სლოვაკეთის გარდა, სადაც ის უკავშირება სიდიდის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქს - კოშიცე, უნგრეთში - დებრეცენი, უკრაინაში - ლვოვი.
დერეფანი ევროპის ჩრდილოეთში იწყება ფინეთის დედაქალაქში (ჰელსინკი), ხოლო სამხრეთში - კვიპროსის დედაქალაქში (ნიქოზია), ჰელსინკიდან მიემართება სამხრეთისკენ, შედის ესტონეთის დედაქალაქში (ტალინი), შემდეგ აქვს ორი განშტოება: სამხრეთისკენ, ლატვიის დედაქალაქი რიგა, ბალტიის ზღვის პორტები, და შემდეგ - კაუნასი და ვილნიუსი ლიეტუვაში. პოლონეთში დერეფანი ლიეტუვიდან შედის ელკში (პოლონეთი, ელკის პოვეტის ადმინისტრაციული ცენტრი) და უკავშირდება გდანსკის და გდინიას პორტებს, მიდის სამხრეთისკენ ვარშავას და ლუბლინის გავლით, კრაკოვისკენ, და ჟეშუვის ახლოს გადაიხრება ლვოვისკენ (უკრაინა) და გრძელდება შავ ზღვაზე ოდესის მიმართულებით, აგრეთვე რუმინეთის გავლით სამხრეთისკენ, ბუქარესტამდე და აღმოსავლეთით - მოლდოვის დედაქალაქისკენ (კიშინიოვი), რომელიც აგრეთვე უკავშირება ოდესას.
პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, დერეფნის ორი განშტოება კვეთს სლოვაკეთის საზღვარს, შემდეგ ეს ორო განშტოება ერთიანდება კოშიჩეს (სლოვაკეთი, კოშიჩეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი) ჩრდილოეთით, შემდეგ შედის უნგრეთში და რუმინეთში, სადაც ის იყოფა ორადიაში (ქალაქი დასავლეთ რუმინეთში, შუა დუნაის დაბლობზე): სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ბუქარესტამდე და იქით, კონსტანცას პორტამდე და სამხრეთ-დასავლეთისკენ - ტიმიშოარამდე (რუმინეთის სიდიდით მესამე ქალაქი, ბანატის ისტორიული რეგიონის ცენტრი). აქედან გამოდის დერეფნის ორი განშტოება, რომელიც მიემართება ბულგარეთის სამხრეთისკენ: ერთი, დასავლეთის განშოტება, გაივლის ვიდინს (პორტი დუნაის მარჯვენა სანაპიროზე, რუმინეთის საზღვართან) და უკავშირდება სოფიას, ხოლო მეორე, აღმოსავლეთის განშტოება, უკავშირდება ბურგასის პორტს შავ ზღვაზე და მიემართება სამხრეთისკენ, თურქეთის საზღვრისკენ. ორივე განშტოება მიდის შემდეგ საბერძნეთში, ეგეოსის ზღვაზე სალონიკის და ათენის პორტებში. დერეფანი "ბალტიის ზღვა - შავი ზღვა - ეგეოსის ზღვა" სრულდება კვიპროსში (საზღვაო მიმოსვლა), კუნძულ კრეტას გავლით, ლიმასოლის პორტში (კვიპროსის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილი, ლიმასოლის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი).
აი, ამ დერეფნის ნაწილი უნდა გახდეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემა. ამისთვის აუცილებელია „დეოლიგარქიზაცია“ და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა პირობის შესრულება. „ანაკლიის პორტის“ აშენება, მით უმეტეს, ჩინური ინვესტიციების გამოყენებით, ვერ გვიშველის - პორტი ვერ გახდება ევროპის ჰორიზონტალური პრიორიტეტის - "ევროპის საზღვაო სივრცე" (European Maritime Space - EMS) ნაწილი, ხოლო ამის გარეშე საქართველოს სატრანსპორტო ქსელი ვერ გახდება ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ნაწილი. ევროპა, უბრალოდ, ჩინეთისკენ მიმავალ ტვირთებს სხვა მიმართულებით გაუშვებს. თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ პოსტს, მიხვდებით, რომ მას ეს არ გაუჭირდება.