News

ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი - ძირითადი გზავნილები

2026-09-09

ფორუმის შესახებ

ბათუმში 7-8 სექტემბერს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ჩატარდა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის გაძლიერებას, „შუა დერეფნის“ პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ემსახურება. ფორუმი საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა და წელს რამდენიმე ათეული ქვეყნიდან 300-ზე მეტ დელეგატს აერთიანებს. საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ზღვებიდან დერეფნებამდე

"შუა დერეფანში სრული სისტემა უნდა იყოს ერთიანი და მუშაობდეს როგორც ერთი ინსტრუმენტი" - ამის შესახებ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჟანიბეკ ტაიჟანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ყაზახეთში დღესდღეობით 5000 კილომეტრის მანძილის სარკინიგზო პროექტები სრულდება, გათვალისწინებულია საავტომობილო გზების მოდერნიზება. ხდება აქთაუ-კიურიკის პორტების განვითარება და ფსკერის დაღრმავება.  2028 წლისთვის იგეგმება ყაზახური ფლოტის გაზრდა 8 ერთეულით, ახალი გემების შევსებით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გარკვეული შეთანხმებების საფუძველზე ყოველწლიურად მოსალოდნელია 3000-მდე მატარებლის ფორმირება და ყაზახეთი მზად არის გაატაროს აღნიშნული მატარებლები.

შეხვედრა Abu Dhabi Ports Group-ის ხელმძღვანელთან

საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Abu Dhabi Ports Group-ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჯგუფის საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის თბილისის მშრალი პორტის განვითარების მომდევნო ეტაპები და მისი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმდინარეობასა და ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით მის განვითარებაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი: "წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა - 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა ძირითად კატეგორიაში. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაზეც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა.

იცვლება კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიც. დღეს უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული მანძილით. სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის უნარი, უზრუნველყოს ტვირთის სწრაფი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი გადაადგილება საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. სწორედ ამ დინამიკის ფონზე იზრდება შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც... ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში საქართველოს მთავრობა $700 მილიონ დოლარს დააბანდებს, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიციით ეს რიცხვი $1.1 მილიარდამდე იქნება.

ჩვენი საზღვაო სექტორის ერთ-ერთი მთავარი რესურსი ადამიანური კაპიტალია. დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს. დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი".

მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი: "შუა დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია. ჩვენი ამოცანაა, ეს მარშრუტი მაქსიმალურად შეუფერხებლად მომუშავე გავხადოთ და პორტები და საზღვაო გადაზიდვები რკინიგზასთან, ავტომაგისტრალებთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ციფრულ სისტემებთან დავაკავშიროთ.

ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მთლიან სატრანსპორტო ჯაჭვში: რკინიგზაში, ავტომაგისტრალებში, არსებულ პორტებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. თუმცა ამ ინვესტიციების რეალური ღირებულება გამოჩნდება იმით, თუ რამდენად ეფექტურად დაუკავშირდება ეს პროექტები ერთმანეთს და ფართო რეგიონის ინფრასტრუქტურას."

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია (IHO) 

გენერალური მდივანი, ადმირალი ლუიჯი სინაპი: „წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში საზღვაო დერეფნები შეჩერდეს აღარ გვექნება საქონლის მიწოდება, საწვავი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის საზღვაო დერეფნები ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომაც აქვს ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით ამ რეგიონში საქართველო მოქმედებს როგორც ხელშემწყობი და დამაკავშირებელი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და ორგანიზაციებს რეგიონთან და მის მოსახლეობასთან. სწორედ ამიტომ არის საქართველოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ, შავი ზღვის რეგიონში. 

წყაროები:

bp.ge / businessinsider.ge  / share.google

bm.ge / bp.ge / bp.ge / bm.ge / bp.ge