
2026-08-26
ბილ გეითსი, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ფილანტროპი, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპებსა და თანმდევ რისკებზე საუბრობს. MIT Technology Review-სთან ინტერვიუში ის განიხილავს იმ ზღვრებს, რომლებიც ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ უკვე გადალახა და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ რეგულაციებზე, რომლებიც ამ პროცესის სამართავადაა საჭირო.
გეითსის შეფასებით, ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ მიაღწია ეტაპს, სადაც AI-ს რეალური ზიანის მოტანა შეუძლია, შესაბამისი დამცავი მექანიზმები კი ჯერ არ არსებობს. „ჩვენ უკვე გადავლახეთ ზღვარი ბიო-შესაძლებლობების, კიბერ-შესაძლებლობების, ფსიქოსოციალური შესაძლებლობების, შრომის ბაზრის განადგურებისა და კონტროლის ნაკლებობის კუთხითაც კი… უბრალოდ გაოგნებული ვარ იმით, თუ როგორი ინტერესისა და განხილვის ნაკლებობაა ინდუსტრიის მიღმა“.
მისი კრიტიკა ძირითადად ბიოტერორიზმის, კიბერშეტევებისა და შრომის ბაზრის ცვლილებებისკენაა მიმართული. გეითსი მიიჩნევს, რომ ახალი მოლეკულების გენერირების უნარი ბიოტერორიზმის რისკს ბუნებრივ პანდემიასთან შედარებით 50-ჯერ ზრდის, რის გამოც მსგავსი მოდელები მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. ასევე, ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ არატექნიკურმა პირებმაც განახორციელონ რთული კიბერშეტევები. შრომის ბაზართან დაკავშირებით გეითსი აღნიშნავს, რომ AI-ის დაბალი ღირებულებისა და მაღალი სიზუსტის გამო, საოფისე სამუშაოების დიდი ნაწილი ჩანაცვლების მაღალი რისკის ქვეშაა.
არსებული რისკების სამართავად ბილ გეითსი რამდენიმე მიდგომას გვთავაზობს:
პირველ რიგში, ის განიხილავს სპეციალურ გადასახადს რობოტებსა და ტოკენებზე, რომელიც დაეკისრებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ადამიანურ შრომას ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებენ. შეგროვებული თანხა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების სოციალური დახმარების პროგრამებს უნდა მოხმარდეს.
მეორე ინიციატივა ე. წ. „ადამიანებისთვის დაჯავშნილ“ პროფესიებს გულისხმობს. მისი აზრით, გარკვეული საქმიანობები, როგორებიცაა ბავშვებზე ზრუნვა, ჯანდაცვაში პაციენტთან ურთიერთობა ან პედაგოგიკა, მხოლოდ ადამიანებმა უნდა შეასრულონ. გარდა ამისა, საფრთხეების პრევენციისთვის გეითსი აუცილებლად მიიჩნევს გლობალურ თანამშრომლობას, რადგან ინდუსტრიის თვითრეგულირებას არასაკმარისად თვლის. მისი აზრით, აშშ-მა და ჩინეთმა ერთობლივად უნდა დააწესონ რეგულაციები, მაგალითად, ბიომონიტორინგის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ გეითსი AI-ის დადებით მხარეებსაც ხედავს და მიიჩნევს, რომ ტექნოლოგია ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობას გააუმჯობესებს, ის აღნიშნავს, რომ უახლოესი 10-20 წელი საკმაოდ რთული გარდამავალი პერიოდი იქნება. „დიახ, მე არასრულყოფილი მესენჯერი ვარ… იშვიათია, რომ ტექნოლოგიებით გამდიდრებული ადამიანი ინოვაციებს ასე ესხმოდეს თავს. მაგრამ თუ სწორი პოლიტიკა და დამცავი მექანიზმები არ დაინერგება, ეს კაცობრიობისთვის სუფთა ნეგატივი იქნება“.