News

ბულგარეთის სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების სფეროს ლიბერალიზაციის გამოცდილება

2026-03-29

ევროკავშირის მიერ 25 ერთეული სამგზავრო მატარებლის სუბსიდირების სანაცვლოდ ბულგარეთმა სარკინიგზო ქსელზე კერძო კომპანიის დაშვება განახორციელა. ბულგარეთის სარკინიგზო ქსელზე კერძო სამგზავრო კომპანიის გამოჩენა რევოლუციურ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღნიშნული ქმედება, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციით, ასევე მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გაუმჯობესებითაა განპირობებული.

პრაქტიკულად ბულგარეთმა ევროკავშირის მხრიდან სუბსიდირებული სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის სანაცვლოდ, დარგის მონოპოლიურიდან ლიბერალურ მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ბულგარეთის ანალოგიით სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის უკმარისობით და მომსახურების დაბალი დონით ხასიათდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების მიმართულება, სადაც ზარალიანი სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ხარჯები შემოსავლებს 60%-ით აღემატება.

ბოლო სამ წელიწადში საქართველოს რკინიგზაზე სამგზავრო გადაყვანების პერმანენტული შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. მხოლოდ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რკინიგზით სამგზავრო გადაყვანები 17%-ითაა შემცირებული.

ფინანსური რესურსების დეფიფიტის გამო, საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანების მოძრავი შემადგენლობის პარკის განახლების რადიკალურ გადაწყვეტილებად, არა ახალი შემადგენლობების შეძენა, არამედ 2010 – 2013 წლებში 30 მლნ დოლარად შეძენილი ხუთი ერთეული ჩინური ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის კაპიტალური შეკეთება გადაწყვიტა.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენის ნაცვლად 15 წლის წინ შეძენილი ამორტიზირებული ელექტროსექციების რემონტზეა აქცენტი გადატანილი, ნათელია, რომ სახელმწიფოს სამგზავრო გადაყვანების “ჩიხიდან” გამოყვანის არანაირი სტრატეგია არ გააჩნია.

სადღეისოდ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანის სფეროში უკონკურენტო კომპანიაა, რომელიც სახელმწიფოსგან სამგზავრო გადაყვანების ზარალის კომპენსირებისთვის, არა სამგზავრო მიმართულების ეფექტიანობის გაზრდას, არამედ სახელმწიფოსგან სუბსიდირების სახით, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მოთხოვნის წინადადებას აყენებს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ევროკავშირის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოს, ბულგარეთის, სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების სფეროს ლიბერალიზაციის გამოცდილების გაზიარება.

ბულგარეთში ვარაუდობენ, რომ სამგზავრო გადაყვანების მიმართულებას აშკარად ცვლილებები და დაფინანსების გაზრდა ესაჭიროება. სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ამ პრობლემის ნაწილობრივი მოგვარება სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე კერძო სამგზავრო კომპანიების დაშვების ხარჯზეა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, საქართველოს რკინიგზისთვის ესოდენ აუცილებელი სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის სისტემური განახლება, ევროკავშირის დაფინანსების ანალოგიური მოდელის გამოყენებით, ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ საქართველოს საკუთარი საბიუჯეტო ან რკინიგზაში გენერირებული თანხებით მოუწევს სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის განახლება, რაც მოკლე ვადაში რთულ და მიუღწევად ამოცანას წარმოადგენს.

2025 წლის დეკემბერში ბულგარეთში ტენდერში გამარჯვებულად ქვეყანაში ცნობილი ავტობუსების გადამზიდავი კომპანია Ivkoni Express-ი გამოცხადდა.

საჯარო ტენდერი ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში არსებულ სარკინიგზო მარშრუტებზე სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანების მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებდა, გამარჯვებულს ქვეყანაში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ტრაფიკის 25%-ის განხორციელების უფლება მიეცა.

ბულგარეთის პარლამენტმა, სამგზავრო გადაყვანების ბაზრის ლიბერალიზაციის პარალელურად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და რკინიგზის ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებები განახორციელა. კანონმდებლობით ეროვნული მონოპოლისტის მიერ ინფრასტრუქტურის საფასურის აკრეფა, მატარებლების განრიგის შემუშავება, რკინიგზის მოძრაობის მართვა და რკინიგზის გამტარუნარიანობაზე განაცხადების ექსკლუზიური განხორციელების უფლება გაუქმდა.

ბუნებრივია, იმ ვითარებაში, თუ საქართველო მიიღებს სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ანალოგიური ცვლილებების შეტანა.

ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტრომ სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ოპერატორების შესარჩევი ტენდერი 2025 წლის აგვისტოში გამოაცხადა. ორივე - ჩრდილოეთ და სამხრეთ ლოტისთვის - კონტრაქტები 12-წლიან პერიოდს მოიცავს, ამასთან, სახელმწიფო ორივე ოპერატორ (იგულისხმება სახელმწიფო და კერძო) კომპანიას წამგებიანი გადაყვანების სანაცვლოდ სუბსიდიის სახით 1.4 მილიარდი ევროს ოდენობით თანხას გამოუყოფს.

მთავარი შეკითხვაა სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის მიერ სუბსიდირებული სამგზავრო მატარებლების კერძო ოპერატორისთვის განაწილების საკითხი.

სახელმწიფო ჩაერთვება ახალი მოძრავი შემადგენლობის განაწილების პროცესში. კერძოდ, კერძო ოპერატორი იჯარით აიღებს ახალ Škoda-ს რეგიონულ მატარებლებს, რომლებსაც ჩეხი მწარმოებელი ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიაწვდის. ეს მატარებლები (25 ერთეული) ევროპული სუბსიდიებითაა შეძენილი.

ახალი მატარებლები სატრანსპორტო მომსახურების მოცულობის ტრაფიკის პროპორციულად გადანაწილდება. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამგზავრო შემადგენლობები სახელმწიფოს გამართულ მდგომარეობაში დაუბრუნდება. ცხადია, პირველ ეტაპზე კერძო გადამზიდავი უბრალოდ გამოიყენებს სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მატარებლებს და არ შეიძენს ახლებს.

კერძო კომპანიას სოციალური ვალდებულებების შესრულება მოუწევს. კერძოდ, სახელმწიფო BDZ Passenger Transportation-დან 800 თანამშრომელს, მათი სურვილის შემთხვევაში, არსებული სამუშაო პირობების შენარჩუნებით Ivkoni Express-ში დაასაქმებს.

ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, 2027 წლისთვის იგეგმება მატარებელ-კილომეტრზე სუბსიდიის 50 % -ით, ამჟამინდელი 6 ევროდან 9 ევრომდე გაზრდა. აღნიშნული თანხა დაფარავს არა მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს, არამედ მოდერნიზაციაში, უსაფრთხოებასა და გაუმჯობესებულ მოვლა-შენახვაში ჩადებულ ინვესტიციებსაც.

დასკვნის სახით - ევროკავშირის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოს, ბულგარეთის, სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების სფეროს ლიბერალიზაციის მოდელის გაანლიზება, ნათლად წარმოაჩენს, დარგში სამოქმედო სტრატეგიის და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას. საქართველოს სამგზავრო გადაყვანების სისტემური განახლება ქვეყანას ანალოგიური პროცესის გაზიარების წინაშე დააყენებს.

transcor.ge