News

CASCA+ სატრანსპორტო დერეფნის გამოწვევები

უზბეკეთის რკინიგზის ხელმძღვანელობამ წამოიწყო კონსორციუმის შექმნა CASCA+ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის კოორდინაციისთვის. 28-29 მაისს ტაშკენტში გამართულ შეხვედრაზე უზბეკური მხარის წინადადებას მხარი დაუჭირეს რკინიგზის ადმინისტრაციისა და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან.

უზბეკეთის დელეგაციამ მონაწილე მხარეებს ასევე შესთავაზა მალფუჭებადი საქონლის (ხილისა და ბოსტნეულის) ტრანსპორტირება CASCA+ დერეფნის გასწვრივ სამაცივრე კონტეინერებში და შესაბამისად ვაგონებისა და კონტეინერების ადგილსამყოფელის ონლაინ მონიტორინგის სისტემის შექმნა.

CASCA+ მულტიმოდალური სატრანსპორტო პროექტი წარმოადგენს ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო რკინიგზების ინიციატივას სახელად - Central Asia, South Caucasus and Anatolia. სახელში "+" ნიშანი სიმბოლოა ახალი მონაწილეების მიღების მზაობაზე. 

2022 წლის დეკემბერში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა სპილენძის კონცენტრატით გაიარა CASCA+ მარშრუტზე (უზბეკეთიდან ბულგარეთში). მატარებელი შედგებოდა 46 ვაგონისა და 91 ერთეული 20 ფუტიანი კონტეინერისგან. სატრანზიტო მანძილი შეადგენს 4000 კმ-ზე მეტს. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკონტეინერო მატარებლები რეგულარულად მოძრაობდნენ ამ მარშრუტზე. ოპერატორების მიზანია კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 30 ათას კონტეინერამდე გაიზარდოს.

გასული წლის ნოემბერში მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტის CASCA+ წევრი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ლოჯისტიკურ სტრუქტურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას, რომლის მიზანია CASCA+ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება და მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლა საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზების მიზნით.

წყარო: railway.supplyturkmenistan.gov.tm; centralasianlight.org

TRACECA.GE