
2026-01-05
ევროკავშირს შეუძლია, TRIPP-ის („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტს იმავე სტრატეგიული ხედვით მიუდგეს, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მშენებლობას საფუძვლად დაედო.
ამის შესახებ ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (GCSP) სტატიაში წერია, რასაც Report ავრცელებს.
კერძოდ, ცენტრის შეფასებით, „1990-იან წლებში აზერბაიჯანის შეზღუდული ფინანსური რესურსების მიუხედავად, ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო კომპანიების პოლიტიკურმა მხარდაჭერამ და ინვესტიციებმა ბთჯ-ის პროექტი შესაძლებელი გახადა, რამაც ქვეყნის დამოუკიდებლობა, ასევე, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის რეგიონული თანამშრომლობა გააძლიერა.”
“ანალოგიურად, TRIPP დღეს მდგრად პოლიტიკურ, ტექნიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას ევროკავშირისა და აშშ-სგან მოითხოვს. ასეთი ჩართულობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას, გააძლიერებს რეგიონულ კავშირს და სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში სამომავლო სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საფუძველს ჩაუყრის,” - წერს GCSP.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის როლი აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ცალსახა თანხმობით უნდა განისაზღვროს და ბაქოსა და ერევნისთვის პროცესის სრული კონტროლის შენარჩუნებით ბლოკმა ადგილობრივი პასუხისმგებლობა უნდა შეავსოს და არა ჩაანაცვლოს.
ამასთან, ცენტრის შეფასებით, ციფრული ტრანსფორმაცია TRIPP-ის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გასაღებია. კერძოდ, სარკინიგზო მოძრაობის მართვის ევროპული სისტემის, ანუ ERTMS-ის დანერგვის გამოცდილების საფუძველზე ბრიუსელს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოთხოვნით, შეუძლია, ხელი შეუწყოს ციფრული საბაჟო და სატრანზიტო პლატფორმების შემუშავებასა და დანერგვას. ეს პლატფორმები ელექტრონული მონაცემების შეუფერხებელ გაცვლას, უქაღალდო დოკუმენტების ნაკადსა და ტვირთის რეალურ დროში მონიტორინგს უზრუნველყოფს.
GCSP წერს, რომ სტანდარტიზებული საბაჟო კოდების, ელექტრონული ბეჭდებისა და ინტელექტუალური ლოგისტიკური ტექნოლოგიების, მათ შორის, რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის (RFID) დანერგვის მხარდაჭერა TRIPP-ის ოპერაციულ სისტემებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის, ანუ TRACECA-ს სტანდარტებთან და ევროპულ ციფრულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანს.
ამის გარდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში ევროკავშირის შესაძლებლობების განვითარების პროგრამებმა შესალოა, გააუმჯობესოს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების უნარი, შეამციროს შეფერხებები და მარშრუტზე სამართლებრივ-პროცედურულ ჰარმონიზაციას ხელი შეუწყოს.
პარალელურად, როგორც სტატიაშია წერია, ევროკავშირს შეუძლია, თანადააფინანსოს აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და საქართველოს შორის ტექნიკური კოორდინაციის პლატფორმის შექმნა პოტენციურად ევროკავშირისა და შეერთებული შტატების თანათავმჯდომარეობით.
„ასეთი პლატფორმა მარეგულირებელ ჰარმონიზაციას, ტექნიკური სტანდარტების სინქრონიზაციასა და მონაცემთა გაცვლის გამარტივებას ხელს შეუწყობს. ტრანსნაციონალური დერეფნების მართვის გამოცდილების საფუძველზე ევროკავშირს შეუძლია, ხელი შეუწყოს რეალურ დროში მონაცემთა გაცვლის სისტემების, ციფრული დაფებისა და ტვირთის ნაკადის თვალთვალის ინსტრუმენტების შემუშავებას, რომ შეფერხებები გამოავლინოს და ინფრასტრუქტურის მომსახურება კოორდინირებული იყოს,” - წერს GCSP.
ცნობისთვის: TRIPP-ის, ანუ „ტრამპის მარშრუტის“ 42-კილომეტრიანი სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა სამხრეთ სომხეთში, სიუნიქის რეგიონში გაივლის, რომელსაც აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფანს უწოდებს. პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის სატრანსპორტო კავშირის განბლოკვაა. თავის მხრივ, სომხეთი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, თუმცა შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მარშრუტის მმართველი კერძო ამერიკული კომპანია იქნება. ამჟამად სომხეთი აშშ-სთან TRIPP-ის პროექტისთვის სატრანსპორტო დერეფნის იჯარით გაცემის ორ სცენარს განიხილავს, რომელთაგან ერთი 49-წლიან, ხოლო მეორე 99-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს.
პროექტთან დაკავშირებით პირველ სომხურ-ამერიკულ დოკუმენტს ხელი უახლოეს დღეებში ან კვირებში მოეწერება, ხოლო მშენებლობა 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.