
28 მაისს ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
სტრატეგიის მიზანია კავშირებისა და ზრდის წახალისება სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან ევროპის დაკავშირების გზით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირობებში, სტრატეგია ასევე განამტკიცებს ევროკავშირის, როგორც სანდო აქტორის, გეოპოლიტიკურ როლს შავი ზღვის რეგიონში.
ევროკავშირი გაამყარებს თანამშრომლობას რეგიონთან და განავითარებს რეგიონულ პარტნიორობას დაკავშირებულობის მიმართულებით. შავი ზღვის რეგიონთან მომავალ თანამშრომლობას საფუძვლად სამი ძირითადი მიმართულება უდევს:
○უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერება;
○ მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა;
○გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობისა და მზაობის და სამოქალაქო დაცვის ხელშეწყობა.
ევროკავშირი რეგიონში თავის პარტნიორებთან ერთად თითოეული მიმართულების ფარგლებში სამ საფლაგმანო ინიციატივას განახორციელებს. ამის მიზანი იქნება რეგიონის განვითარების პოტენციალის სრულად გამოყენება და, იმავე დროს, კონფლიქტებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სასწრაფო გამოწვევების გადაჭრა:
შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოება და შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნა გააძლიერებს საზღვაო დაცულობასა და უსაფრთხოებას, დაიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საზღვაო ინფრასტრუქტურასა და საზღვაო გარემოს. ინიციატივა ასევე გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას ნაღმების გაუვნებლების კუთხით და შეამცირებს გარემოსა და საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ რისკებს.
დაკავშირებულობის დღის წესრიგი, რომელიც შეესაბამება გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების მიზნებს, განავითარებს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ ქსელებს. ინიციატივის მიზანია შავი ზღვის რეგიონის, როგორც ევროპის ცენტრალურ აზიასთან სამხრეთ კავკასიის გზით დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი დერეფნის, პოტენციალის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობას.
ზღვისპირა თემებისა და „ლურჯი ეკონომიკის“ სექტორების მზადყოფნა გაძლიერდება იმ მიზნით, რომ შავიზღვისპირა ქვეყნებმა შეძლონ ომით გამოწვეულ ეკოლოგიურ ზიანზე რეაგირება, კლიმატის ცვლილებით დაკავშირებულ რისკებთან გამკლავება და მდგრადი ზრდის შესაძლებლობების გამოყენება.
სტრატეგია გააერთიანებს ევროკავშირის ყველა შესაბამის ინსტრუმენტსა და პოლიტიკას, მობილიზაციას გაუწევს ინვესტიციებს „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიასთან და „ევროპის გუნდის“ (ევროკავშირის ინსტიტუტები წევრ სახელმწიფოებთან და ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით) პრინციპებთან შესაბამისობაში.
„ევროკავშირის აქტიური როლი გადამწყვეტია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე“, — განაცხადა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, — „ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს მეზობლებთან, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ერთად ჩვენ უფრო ძლიერი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული მომავლის უზრუნველყოფას შევძლებთ“.
ევროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სპეციალური მინისტერიალის გამართვის წინადადება წამოაყენა.
ინფო: euneighbourseast.eu