News

ევროკავშირი კრიტიკული ნედლეულის ტრანსპორტირებას შუა დერეფნით გეგმავს – TCRC

2026-04-09

ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოსაპოვებლად საჭირო თანამედროვე დანადგარების ტრანსპორტირება საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” (TCRC) პუბლიკაციაშია ნათქვამი.

“ევროკავშირი ცენტრალური აზიიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ტრანსპორტირებისას პრიორიტეტს შუა დერეფანს ანიჭებს

ცენტრალურ აზიაში ევროკავშირისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვებისთვის, როგორც თანამედროვე დანადგარებისა და ტექნოლოგიების, ასევე „რევერსული“ მზა პროდუქციის ტრანსპორტირება საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით იქნება შესაძლებელი - ასეთ პირობებში შუა დერეფნის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბოლო პერიოდში ევროკავშირი ცენტრალური აზიის კრიტიკული რესურსების მიმართ გაზრდილ ინტერესს იჩენს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ასეთი მისწრაფება რეგიონის ქვეყნებისთვის ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა, ამავდროულად, ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის გეოპოლიტიკური რისკები იზრდება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

როგორც TCRC წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის კონტექსტში ცენტრალური აზია ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ევროკავშირისათვის აუცილებელი მიკროჩიპების, ტურბინების, სმარტფონების, ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის აღჭურვილობის წარმოებისთვის რეგიონს იშვიათი მიწების ლითონებისა და სტრატეგიული მინერალების მნიშვნელოვანი მარაგები გააჩნია.

„ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მრავალი საბადო ჯერ კიდევ შეუსწავლელია. წინასწარი შეფასებით, ერთობლივად რეგიონის ხუთ ქვეყანას მანგანუმის მადნის (მსოფლიო რეზერვების 38.6%), ქრომის (31%), ტყვიის (20%), თუთიის (12.6%), ტიტანის (8.7%), ცინკის (2.6%), ასევე სპილენძის, კობალტისა და მოლიბდენის მნიშვნელოვანი მარაგები გააჩნიათ. ასევე, რეგიონს იშვიათი მიწების ლითონების, როგორიცაა სკანდიუმი, იტრიუმი და ლანთანოიდები, მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, რეგიონში იშვიათი მიწების ლითონების და სტრატეგიული მინერალების 384 საბადოა აღმოჩენილი, მათ შორის 160 ყაზახეთში, 87 უზბეკეთში, 75 ყირგიზეთში, 60 ტაჯიკეთში და 2 თურქმენეთში.

ამჟამად ევროკავშირი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ჩინეთიდან სტრატეგიული მინერალებისა და იშვიათი მიწების ლითონების იმპორტზე.

ამავდროულად, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მთავარი რისკი მსხვილი ეკონომიკური ცენტრების (აშშ, ჩინეთი) ნედლეულის მომარაგების დანამატად გადაქცევაა.

ცენტრალური აზია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სტრატეგიული მინერალების ექსპორტით, ხელიდან არ უნდა გაუშვან მათ ქვეყნებში მაღალი დამატებითი ღირებულების ტექნოლოგიების შექმნის შესაძლებლობა.

ჩინეთი მსოფლიოში იშვიათი ლითონების მოპოვების საწარმოების 60 %-ს და მსოფლიო გადამუშავების სიმძლავრეების 90 %-ს აკონტროლებს, რაც ევროკავშირის მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებს ერთგვარ დაუცველობას უქმნის.

2024 წლის დასაწყისიდან ჩინეთმა რიგი მინერალებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, რამაც ევროკავშირისთვის სტრატეგიული რისკები გაზარდა.

ყაზახეთი რეგიონულ კონტექსტში გამოირჩევა. მას შეუძლია ევროკავშირს შესთავაზოს ბრიუსელის მიერ სტრატეგიულად მიჩნეული 34 კრიტიკული მინერალიდან და ლითონიდან 21.

ყაზახეთი უკვე აწარმოებს ევროკავშირის მიერ სტრატეგიულად მიჩნეული 34 ძირითადი მინერალიდან 19-ს. მას გააჩნია მსოფლიოში ქრომიტის უდიდესი მარაგი, ტიტანის, ბარიტის, ვერცხლის, ტყვიისა და ქრომის მნიშვნელოვანი მარაგები, ასევე სპილენძისა და ურანის მნიშვნელოვანი საბადოები.

იშვიათი ლითონების გადამუშავებაში, გარდა ყაზახეთისა და უზბეკეთისა, ევროკავშირის მიერ ტაჯიკეთზე, ყირგიზეთსა და თურქმენეთზე ფოკუსირება ასევე გააძლიერებს მის პოზიციას ჩინეთის მონოპოლიის წინააღმდეგ ძალთა ბალანსის შესაქმნელად.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს ევროკავშირის სტრატეგიულ ხედვას, რათა ევროკავშირი მხოლოდ ნედლეულის შეძენით არ იყოს დაინტერესებული, არამედ ორიენტირებული იყოს ადგილობრივი გადამუშავების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირების, ტექნოლოგიების გადაცემისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე.

ცენტრალური აზიის მრავალი კომპანია და ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპულმა ბიზნესმა რეგიონში უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, რადგანაც კონკურენტები აშშ, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა უკვე აქტიურად ავითარებენ ახალ საბადოებს და ქმნიან წარმოების ჯაჭვებს.

ბრიუსელის მთავარი ამოცანა პროცესებზე სწრაფი რეაგირებაა, ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის კონკურენტული პირობების შეთავაზება, ასევე ტექნოლოგიური პოტენციალის, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერებაში დახმარება - დაყოვნებას არ ექვემდებარება.

ყაზახეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ახორციელებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა დაბრკოლებების გარეშე და უსაფრთხოდ მოხდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდება ევროპულ ბაზრებზე”, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

bpn.ge