News

ევროპის კავშირი - ცენტრალური აზია

2025-03-30

28 მარტს აშხაბადში გაიმართა მინისტერიალი "ცენტრალური აზია - ევროპის კავშირი". პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მზად არის "შუა დერეფნის" განვითარებაში 10 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიციები განახორციელოს. 

3-4 აპრილს სამარყანდში გაიმართება სამიტი "ევროპის კავშირი - ცენტრალური აზია". პირველად, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები შეხვდებიან ევროპის კავშირის ხელმძღვანელებს უმაღლეს დონეზე და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.

26 მარტს, სანამ კალასი ჩავიდოდა აშხაბადში, ასტანაში ტოკაევი შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელს, რომელთანაც განიხილა სი ძინფინგის მომავალი ვიზიტი 2025 წლის ივნისში, როცა უნდა გაიმართოს მეორე სამიტი "ჩინეთი - ცენტრალური აზია". პეკინი ყაზახეთს განიხილავს საკვანძო ქვეყანად თავისი ევრაზიული ინტერესების რეალიზაციაში. "ერთი გზა, ერთი სარტყელი" იქიდან დაიწყო თავის დროზე. 

ამავე დროს, 28 მარტს რუსეთმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსული გიგანტი Татнефть მონაწილეობას მიიღებს პავლოდარის და ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პრივატიზაციაში. რუსეთი დიპლომატიური სამიტების მაგიერ ფსონს ეკონომიკაში გააქტიურებაზე დებს. ის ჩინეთთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანია ლოგისტიკური ჰაბის შექმნა აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქში, ახალი აეროპორტის აშენება ყაზახეთის ქალაქ ზაისანში, მდინარის პორტის - დასახლებაში ტუგილი და სარკინიგზო-სასაზღვრო გამშვები პუნქტის - ჩინეთის, ყაზახეთის და რუსეთის საზღვარზე. 

სამარყანდის სამიტმა შეიძლება გვიჩვენოს, რამდენად არის მზად ევროპის კავშირი სისტემური და გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის ცენტრალურ აზიასთან. ბრიუსელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი შეთავაზება დიპლომატიური აქტიურობის დროებითი გამოვლენა კი არ არის, არამედ სრულფასოვანი სტრატეგიული ყოფნის დასაწყისია. 

შეგახსენებთ, მიუხედავად "შუა დერეფნის" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა, აღნიშნული მარშრუტით გადაზიდული ტვირთნაკადების მოცულობა არ აღემატება "ჩრდილოეთის დერეფნით" გადაზიდული ტვირთნაკადების მოცულობის 5 %-ს. აღნიშნული ციფრის გაზრდას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები "შუა დერეფნის" გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, რომლის განხორციელებაში, - ყოველ შემთხვევაში, უახლოეს დროში, - მე ეჭვი მეპარება. ეს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებია, რომლებმაც უნდა დაძლიონ საბჭოთა მემკვიდრეობა, უპირველეს ყოვლისა აზროვნებაში. და ამ გზაზე ევროპის კავშირს "მოკავშირედ", მინიმუმ, ადგილმდებარეობის მიხედვით, - ბუნებრივად, თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, - საქართველო ევლინება. წარმოუდგენელია ამ დროს საქართველოში ის ხდებოდეს, რაც ხდება, - ხელისუფლების მოქმედებას, მის ხედვას, მის მისწრაფებას ვგულისხმობ.

დათო გოჩავა

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი