
2026-09-03
ევროპის გეოპოლიტიკური ცენტრი აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება, რის ფონზეც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის მნიშვნელობა ევროპის უსაფრთხოებისთვის იზრდება. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ მონაკოში, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ბერსეს თქმით, ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ღერძი ჩრდილოეთის 39-ე პარალელის გასწვრივ გადის და ევროპის საბჭოს ოთხ წევრ ქვეყანას — აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოსა და თურქეთს — აერთიანებს.
მისი შეფასებით, ეს ქვეყნები ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესის გადაკვეთაზე იმყოფებიან, მათ შორის უკრაინის ომის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებისა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ფონზე.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მდებარეობას. ქვეყანა ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს და ჩართულია რეგიონულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სავაჭრო პროცესებში.
ბერსემ ასევე ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნებს მიღწეული პროგრესის მდგრად მშვიდობად ქცევის შესაძლებლობა აქვთ. მისი თქმით, სომხეთსა და თურქეთსაც ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით ნაბიჯები აქვთ გადადგმული.
ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში მან თურქეთის განსაკუთრებულ როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონტინენტზე უსაფრთხოებაზე თურქეთის გარეშე საუბარი შეუძლებელია.
ბერსეს განცხადებით, მდგრადი მშვიდობისთვის მხოლოდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება საკმარისი არ არის — აუცილებელია საზოგადოებებს შორის ნდობა, ადამიანის უფლებების დაცვა, გამჭვირვალობა და ძლიერი ინსტიტუტები.
წყარო: gbc.ge