News

თებერვლის სიახლეები, 2024

✔️ საქართველოში ახალი გადასახადი ამოქმედდა - 2024 წლის 1 თებერვლიდან ქვეყანაში შემოტანილი სავსე კონტეინერები 30 ლარით დაიბეგრება. შესაბამისი ცვლილება "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა (bm.ge).

✔️ წლიურ ჭრილში ფოთის პორტში კონტეინერების დამუშავების მაჩვენებელი 22%-ითაა გაზრდილი. 
APM Terminals Poti-ს მონაცემებით, 2024 წლის იანვარში კომპანიის ოპერირებად ტერიტორიაზე დამუშავდა 42,588 TEU კონტეინერი, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებლებთან 21.5%-იან ზრდას, ხოლო 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 99%-იან ზრდას აჩვენებს. 
დამუშავებული კონტეინერების ზრდის პარალელურად გაზრდილია პორტში შემოსული საკონტეინერო გემების რაოდენობაც. 2024 წლის იანვარში 2023 წლის იანვართან შედარებით ზრდა 30%-ია (businessinsider.ge).

✔️ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა. მასშტაბური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ  2 200 000 ლარი შეადგინა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია “ტავ ჯორჯიამ“ მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით განახორციელა (bp.ge).

✔️ თურქეთმა და ყირგიზეთმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გააძლიერეს. სამოქმედო გეგმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას ისახავს მიზნად. ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის 1992 წლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შეთანხმებას ცვლის (europetime.eu).

✔️ “შუა დერეფნის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთისთვის” - ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და მშენებლობის მინისტრმა კანატ შარლაპაევმა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ყაზახეთ-გერმანიის მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, გერმანიასთან სტრატეგიული სინერგია, კონტინენტთაშორისი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, ენერგომომარაგების გზების გზაჯვარედინზე მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, აძლიერებს ყაზახეთს, როგორც რეგიონულ საინვესტიციო კერას და ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს გლობალურ ენერგეტიკულ არენაზე (europetime.eu).

✔️ ყაზახეთი შუა დერეფნის ფარგლებში და საქართველოს გავლით, აზოტოვანი სასუქის ექსპორტს იწყებს. ტვირთი საზღვაო გზით მიემგზავრება ჰოვსანის პორტში (აზერბაიჯანი), შემდეგ კი, საქართველოს ბათუმის პორტის გავლით, ევროპისა და მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრებზე გავა (europetime.eu).

✔️ საქართველოს ნავსადგურებში სამთავრობო სერვისები გაციფრულდება. პროექტის მიხედვით, საქართველოს ყველა ნავსადგურში სამთავრობო სერვისები ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ, ერთი ფანჯრის სისტემაში გაერთიანდება. აღნიშნული სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივებს და მთლიანად გააციფრულებს გემის შესვლასთან და გასვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ჩაანაცვლებს ქაღალდებზე დაფუძნებულ ბიზნეს პროცესებს (bm.ge).

✔️ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ განაცხადა:  “ახალი სავაჭრო კავშირები და მარშრუტები არის გადამწყვეტი და საქართველოს აქვს მთელი პოტენცია, რომ გახდეს ცენტრი ახალი სავაჭრო მარშრუტის და ამისთვის გვჭირდება შავი ზღვა, რომ იქცეს ახალ დერეფნად ევროპისკენ და ამისთვის ჩვენ გვჭირდება საპორტო ინფრასტრუქტურის შეკეთება და გაუმჯობესება” (bp.ge).

✔️ ფინეთი მხარს უჭერს შუა დერეფნის განვითარებას. ამის შესახებ ყაზახეთში ფინეთის საელჩოში განაცხადეს. აქვე აღნიშნავენ, რომ შუა დერეფანში ინვესტიციები სარგებელს მოუტანს როგორც ფინეთს, ასევე, ფინურ კომპანიებს. „შუა დერეფნის საშუალებით, სატრანსპორტო მარშრუტები დივერსიფიცირებულია და ტრანსპორტირების დრო აზიიდან ევროპაში უფრო მოკლე ხდება,“ - განაცხადეს საელჩოში (europetime.eu).

✔️ საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და "შუა დერეფანი" სრულად თუ განვითარდება, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის - „დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად” რეგიონულ პრეზენტაციაზე განაცხადა (bp.ge).

✔️ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის დეპარტამენტის უფროსმა ხუდაიარ ჰასანლიმ თბილისში, შუა დერეფნის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონტეინერების რაოდენობის გაზრდას (europetime.eu).

✔️ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიის მსოფლიო კონგრესზე (MWC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “საქართველო გეოგრაფიულად ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ისტორიულად, სხვადასხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევასა და სირთულესთან უწევდა გამკლავება. დღეს კი ჩვენ გვაქვს ამბიცია და ხედვა, რომ ეს მოცემულობა შესაძლებლობად ვაქციოთ და ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხო და მდგრადი ციფრული სერვისების რეგიონულ ჰაბად ვაქციოთ" (businessinsider.ge).

TRACECA.GE