News

ევროპიდან პეკინისკენ საქართველოს გავლით პირველი საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა

ევროპული საქონლით დატვირთული პირველი მატარებელი ვარშავიდან საქართველოზე გამავალი ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტით პეკინში გაემგზავრა. მანამდე ამ მარშრუტზე კონტეინერები ძირითადად აზიიდან ევროპისკენ იტვირთებოდა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით მატარებელი პირველად ჩაიტვირთა.

პოლონეთის ლოგისტიკური ოპერატორი, PKP Cargo Connect აცხადებს, რომ „ვარშავის ტერმინალიდან ჩინეთში სატვირთო მატარებელი პირველად გავიდა, რომელსაც ევროპიდან, კერძოდ, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან პროდუქცია გადააქვს“.

მომსახურებაზე პასუხისმგებელი PKP Cargo Connect ჩინურ ოპერატორ Henan Zhongyu International Port Group-თან თანამშრომლობს.

კომპანიის ცნობით, „უახლოეს მომავალში ვარშავის მარივილსკის ტერმინალიდან, ასევე, სამი მატარებელი პოლონური ფეხსაცმლით, ადგილობრივ ქარხნებში ნაწარმოები საავტომობილო კომპონენტებითა და ჩეხური ლუდით გავა”.

ჩინეთში რკინიგზით ტრანსპორტირებას თერთმეტიდან ცამეტ დღემდე სჭირდება, რაც საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით დროს მნიშვნელოვნად ზოგავს, თუმცა ხარჯი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს. ამ გზის მთავარი მარშრუტი პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან, ტერესპოლთან ახლოს მდებარე ტერმინალზე გადის.

ცნობისთვის, აგვისტოს ბოლოს უკრაინის სახელმწიფო საწარმო ბელგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალებთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომ ჩინეთიდან ტვირთის გადაზიდვის მთავარი ჰაბი გახდეს. უკრაინის რკინიგზის განცხადებით, ომის მიუხედავად, უკრაინა აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დივერსიფიცირებული კავშირის პერსპექტიულ ქვეყნად რჩება, რასაც, განსაკუთრებით, ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-პოლონეთის მარშრუტი პოლონეთ-უკრაინის სარკინგზო-სასაზღვრო გადასასვლელებით განაპირობებს.

ასევე, აგვისტოში ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის აქციონერები რიგგარეშე საერთო კრებაზე შეთანხმდნენ, რომ სააქციო საზოგადება „ჩინეთის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები“ ერთობლივ საწარმოში გაწევრიანდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსკასპიური მარშრუტის მართვას ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კომპანიები განახორციელებენ.

ინფო: bpn.ge