
2026-03-29
„შუა დერეფანში“ ყველაზე კრიტიკული მაინც ღრმაწყლოვანი პორტის არ არსებობაა - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ Cosco Shipping Lines-ის კომერციული მენეჯერი აცხადებს.
გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს პორტები მართალია გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობენ, თუმცა დერეფანში არსებულ ტვირთებს “აუდის”, თუმცა „შუა დერეფნის“ მონაწილე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში რკინიგზის მოდერნიზება, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ახალი ინფრასტურქტურის მშენებლობა და სიმძლავრეების დამატება, არის მნიშვნელოვანია ფაქტორი, რომ საქართველომაც დააჩქაროს პროექტები და პირველ რიგში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რადგანაც საქართველო დერეფანში ე.წ „ვიწრო ყელი“ არ გახდეს.
„ტყუილად ფულს არავინ არ დახარჯავს. შესაბამისად, თუ იქ მიდის ინფრასტრუქტურის გამართვა, ჩვენც თავისთავად უნდა ავწიოთ ჩვენი შესაძლებლობები. ყოველთვის ამას ვამბობ და გავიმეორებ, გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. იმიტომ, რომ სახლს საძირკვლიდან აშენებენ და არა სახურავიდან. ჩვენც უნდა ავაშენოთ პირველ რიგში ღრმაწყლოვანი პორტი, რაც ავტომატური შესაძლებლობაა ახალი ტვირთის ამ დერეფანში წამოსვლის. ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურების აშენება საბოლოო ჯამში მაინც მოითხოვს ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას. მაგალითად, თუ ჩვენ ფულს ჩავდებთ გარკვეულ ინფრასტრუქტურაში (ლოგისტიკური ცენტრები, რკინიგზის მოდერნიზება და ა.შ), გამოჩნდება ახალი ტვირთი და არ გვექნება დიდი გემების მიმღები პორტი ჩნდება ამ ტვირთის გატარების პრობლემა“, - მიიჩნევს გივი ჩაჩანიძე.
Cosco Shipping Lines-ის კომერციული მენეჯერი რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს და მიიჩნევს, რომ ზაფხულში პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაჩქარდება, მათ შორის, ახალი სარკინიგზო ხაზი შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას ბლოკ-მატარებლები დაშლის გარეშე გაატაროს. (ამ დრომდე მთლიან შემადგენლობას უღელტეხილის გავლა გავლა უჭირდა და მათი დაშლა ხდებოდა).
“ეს ძალიან კარგი ფაქტია და უკვე პირდაპირ მოითხოვს ღრმაწყლოვან პორტს”, - ამბობს გივი ჩაჩანიძე და აღნიშნავს, რომ დღეს უკვე საქართველოს პორტები გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობს და ამ ვითარებაში რთულია დამატებითი ტვირთების მოზიდვაზე მუშაობა.
“დღეს “ემერჯენსი” მდგომარეობა გვაქვს. გათვლა რომ გავაკეთოთ ცენტრალური აზიის სრულად ათვისებაზე ფიზიკურად ვერ მივიღებთ, საქართველომდეც ვერ ჩამოვა ეს ტვირთი. არ მინდა რომ წარმოჩნდეს სურათი, თითქოს მარტო ჩვენ გვაქვს პრობლემა, ჩვენამდეც არის პრობლემები კასპიის ზღვაზე გადმოსასვლელი, პატარა გემები, პატარა პორტები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ დაწყებული პრობლემები ჩვენთან გრძელდება. ჩვენ არა გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი. მარტივად რომ ვთქვათ, არა გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, ისეთი გამტარიანობა როგორიც საჭიროა, რომ მოვიზიდოთ ტვირთები ცენტრალური აზიიდან. სამომავლოდ მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ სულ არ ვიყოთ დამოკიდებულნი მომენტზე, რომ მოკლე დროში პატარა შემოსავალი გავაკეთოთ. როდესაც სადღაც რამე ხდება მაშინ მოდის ჩვენთან ტვირთი...ერთხელ და სამუდამოდ ისეთი დერეფანი უნდა გავჭრათ და ისეთი პოზიციონირება უნდა გვქონდეს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე კი არ წამოვიდეს ჩვენთან ტვირთები, არამედ ჩვენ დერეფანზე გააკეთონ არჩევანი”- აღნიშნავს გივი ჩაჩანიძე.