
„ჩვენ არ უნდა ჩავყაროთ წყალში ის შრომა, რომელიც საქართველოსთვის ყველა ჩვენგანმა გავწიეთ; მართლა აგურ-აგურ გვაქვს ნაშენები ეს ქვეყანა და რისთვისაც ვიბრძვით, საბოლოოდ, არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი ინერტულობით და შეგუებით“, - ამის შესახებ „დიზაინის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა ნინო ეგაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
სტრატეგიული და ვიზუალური კომუნიკაციების და ბრენდინგის და მარკეტინგის გამოცდილმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2023 წელს „დიზაინის ინსტიტუტის“ შექმნის პერიოდი გაიხსენა.
„ყველაზე რთულ მომენტში საკუთარ თავს დავაძალე, რომ აუცილებლად უნდა გაგვეგრძელებინა იმის კეთება, რასაც ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რა სირთულეები გველოდა... ეს ის დრო იყო, როცა უკვე ბევრი რამ უარესობისკენ იყო შეცვლილი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, მაგალითი შემექმნა“, - თქვა მან.
„დიზაინის ინსტიტის“ დამფუძნებელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა, რატომ სჭირდება ქვეყანას ევროინტეგრაცია და მეორე მხრივ, რა როლი აქვს საქართველოს, როგორც ევროპის კარიბჭეს.
„პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ საქართველო არაა იმ მასშტაბის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. არ ვგულისხმობ მის იდენტობას და ისტორიას... ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელს, რომ ვიყოთ კულტურების შემაკავშირებელი; ძალიან დიდი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გადიოდა საქართველოზე და მისი შეფერხება გამოიწვევს ბევრი სფეროს შეფერხებას.
ის, რომ ბევრი ქვეყნისთვის ჩვენ ვართ კარიბჭე ევროპის, ეს შეიძლება, არაცხადია ქართველებისთვის, მაგრამ ძალიან დიდი ბენეფიტი ცენტრალური აზიისთვის და ბევრი იმ ქვეყნისთვის, რომელიც საქართველოს მიიჩნევს მართლაც გზას ევროპისკენ და თავად საქართველოსაც მიიჩნევს ევროპის საწყისად. ხშირად ჩვენ ვერ აღვიქვამთ ასე კარგად, როგორც ის ქვეყნები აღგვიქვამენ და სწორად აპოზიციონირებენ ჩვენს არსებობას...
არ ვამბობ, რომ უკიდეგანოდ ნიჭიერები ვართ, მაგრამ გენეტიკურად გვაქვს უნარი, სწრაფად ავითვისოთ ის, რაც კარგია და ასევე - რაც ცუდია, სამწუხაროდ. შესაბამისად, ეს პოზიცია, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, განპირობებულია იმით, რასაც ჰქვია დემოკრატიული წყობა და ინსტიტუციები და მეორე - გამტარობა ანუ ჩვენ გამტარობის გარეშე გვეკარგება როლი და ეს არის ალბათ დიდი ზიანი როგორც ბრენდის პოზიციონირებისთვის, მეორე მხრივ, ის ტრენდულობა რაც ჩვენ ძალიან მოგვწონს, რატომაც ადამიანები მოდიან ტურისტული მიზნით თუ საქმის საკეთებლად, ეს ყველაფერი შეიძლება დავკარგოთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავკარგოთ ჩვენი ბუნებრივი როლი, რომლისკენაც ამდენი ხანია ვისწრაფით“, - განაცხადა ნინო ეგაძემ.
საიდან უნდა დავიწყოთ საქართველოს დაბრენდვა? - ჰკითხა ბრენდინგის და მარკეტინგის გამოცდილ სპეციალისტს „წერტილის“ წამყვანმა.
„სულ წინააღმდეგი ვარ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ „ჩვენ მივდივართ ევროპაში“. ვფიქრობ, საქართველო არის საწყისი ევროპის და ჩვენ კი არ მივდივართ სადღაც, არამედ ცივილიზაციას ვიბრუნებთ“ - ამბობს ნინო ეგაძე.
„დიზაინის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ქვეყნის ბრენდის შესაქმნელად, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ ღირებულებებზე.
„ვფიქრობ, ის საკმაოდ მწარე გზა, რომელსაც ახლა გავდივართ, გვაფიქრებს იმაზე, რა გვაქვს ყველაზე ღირებული. მგონია, რომ თუ სწორად აღვიქვამთ ღირებულებებს, შემდეგ სწორად ავაშენებთ ბრენდს... ღვინის გზა, ოქროს გზა, ქრისტიანობის გზა თუ სხვა, რასაც ჩვენ ავირჩევთ როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილს, აუცილებლად იქნება ბრენდის მაჩვენებელი; მართლა კარგი პროდუქტი ვართ იმისთვის, რომ შემდეგ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. მართლა არცერთ ქვეყანას არ აქვს ასე ერთად თავმოყრილი ამდენი შესაძლებლობა, ისაუბროს თავის თავზე, როგორც საქართველოს. საქართველოს აქვს პოტენციალი ერთ-ერთი საუკეთესო სამოგზაურო წერტილი იყოს მსოფლიოში, რაც მტკიცდება, როგორც კი, სწორად ვაპოზიციონრებთ თავს“, - განაცხადა ნინო ეგაძემ.
რა აფუჭებს საქართველოს ბრენდს ყველაზე მეტად? - „თავს მოხვეული ღირებულებები, რომელიც ჩვენი არაა; რაღაცნაირი ყალბი იმიჯი, სიზარმაცე და არადისციპლინური ქცევა, კონფორმიზმი და შეგრძნება, რომ ყველაფერი თავისით გაკეთდება. ჩემი აზრით, დღევანდელი პროცესები აჩვენებს იმას, ერთ ადამიანს რამდენი ძალა აქვს და თუ ყველა ადამიანი ვერ გაერთიანდება ბრენდის - ქვეყნის ირგვლივ, ეს ქვეყანა ვერ შედგება“, - ასე ფიქრობს ნინო ეგაძე.