ფინანსური წესრიგის გადაწყვეტა უბიძგებს ადამიანებს უფრო დიდი გადაწყვეტილებების მიღებისკენ, კვლევისკენ, განვითარებისკენ, ახლის ძიებისკენ და მის ათვისებისკენ. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ აღადგინონ ძველი ან შექმნან ახალი ბრენდები, ახალი გამოგონებები. ადამიანი კი თავისუფალი არის მაშინ, როცა ის ეკონომიკურად დამოუკიდებელია. ეს კი ნიშნავს საბაზრო ეკონომიკას, რომელშიც საბანკო და საბირჟო სისტემები ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნულია. საფონდო ბირჟა უნდა იყოს სახელმწიფისგან და ბანკებისგან სრულიად დამოუკიდებელი და მისი საქმიანობის რეგულატორი უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების კომისია, რომელიც ასევე იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და იქნება მხოლოდ პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული. რაც ნიშნავს, რომ მის პროფესიულ საქმიანობაში ვერც ერთი სხვა უწყება ვერ ჩაერევა.
საფონდო ბირჟაზე მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ კომპანიების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების - აქციების და ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვა. ასეთ ფინანსურ ოპერაციებში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის შესაძლებლობაც კი ცალსახად გამორიცხულია. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი შესაძლებლობა, შეიძინონ ქვეყანაში არსებული ან შესაქმნელი სიმძლავრეების - ჰესების, პორტების, აეროპორტების, რკინიგზების, ტერმინალების, საბადოების, ბანკების და სხვა საწარმოების აქციები. განვითარებულ საფონდო ბაზარზე საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ადამიანები დამოუკიდებლად იღებენ. ფასიანი ქაღალდების შეძენით მიღებული ყოველწლიური დივიდენდებიდან კი აქციონერები იხდიან გადასახადებს. მეტი აქციონერი ნიშნავს მეტ გადასახადებს ხაზინისთვის, რაც სახელმწიფოს ინტერესია და რომლის მეშვეობითაც მთავრობა უზრუნველყოფს შემდეგ უფრო მაღალი კლასის უსაფრთხოებას ქვეყანაში. ეს კი ნიშნავს მაღალანაზღაურებად პოლიციელს, მაღალანაზღაურებად მესაზღვრეს და მაღალანაზღაურებად მეხანძრეს. თავისუფალი ბაზრის ასეთ წესრიგში კომპანიები დაინტერესებული არიან მეტი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, მეტი ინვესტიციები მოიზიდონ, დააფინანსონ ბიზნეს იდეები, შექმნან რაც შეიძლება მრავალმხრივი და ხარისხიანი პროდუქტი და ამის შემდეგ, ასევე დამოუკიდებელ სასაქონლო ბირჟაზე განათავსონ სარეალიზაციოდ. სასაქონლო ბირჟა არის ადგილი, სადაც მწარმოებლისთვის და მომხმარებლისთვის ყოველთვის ყველაზე სამართლიანი ფასი დგინდება. თუ საქართველოს უნდა რომ ღვინის დიდებული ინდუსტრია შექმნას, მაშინ მას უნდა გააჩნდეს ღვინის ბირჟა. მთავრობის საქმე არ არის ყურძნის ჩასაბარებელი ფასის განსაზღვა. ამას ღვინის ბირჟა საუკეთესოდ გააკეთებს. ხოლო საბირჟო ინდექსებიდან (გადადახადებით) მიღებული მძლავრი ბიუჯეტით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობად რჩება უსაფრთხოება. სხვა პრეროგატივა სახელმწიფოს არ გააჩნია. რაც უფრო უახლოვდება მწარმოებელთა და მომხმარებელთა რიცხვი ერთმანეთს, მით უფრო ბედნიერია ერი. თანამედრივე სახელმწიფოს საქმე არ არის არც ფასები აფთიაქებში და არც სათიბ-საძოვრების მართვა. განვითარებული სახელმწიფოს საქმე და ინტერესი არის, ქვეყანას ყავდეს რაც შეიძლება მეტი აქციონერი მოქალაქე.
ადამიანები ემიგრაციაში მიდიან იმ ქვეყნებში სადაც ბირჟებია განვითარებული. და სადაც უფრო განვითარებულია საბირჟო სისტემა, უფრო მეტად იქით წასვლას ეშურებიან. რადგან სადაც ბანკები და ბირჟები ერთად ქმნიან საბაზრო ეკონომიკას, იქ შრომის ანაზღაურებაც, შრომის უფლებაც, თავისუფლებაც და ღირსებაც მაღალ თამასაზეა.
საბაზრო ეკონომიკის წესრიგი ნიშნავს, რომ ქვეყანაში შობადობა რაოდენობრივად უსწრებს გარდაცვალებას, ხოლო ქორწინება - განქორწინებას. საფონდო ბირჟა კი ნიშნავს, რომ ახალგაზრდები თავიანთ მცირე ფინანსურ რესურსს ტოტალიზატორების ნაცვლად ფასიან ქაღალდებში აბანდებენ და ამით ქმნიან საკუთარ მომავალს. საბაზრო ეკონომიკა აგრეთვე ნიშნავს, რომ ხალხი ემიგრანტობიდან გადაიქცევა აქციონერებად საკუთარ ქვეყანაში.
დაბოლოს, საქართველოში გამართული საფონდო, სასაქონლო, სავალუტო, ტენოლოგიური და სხვა სახის სპეციალიზებული ბირჟები ნიშნავს, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის საქმეში ქართველი ერის მიერ მოწყობილ ჰარმონიულ წესრიგს. რაც საქართველოს ისტორიული, ბუნებრივი და სახელმწიფო ფუნქციაა.
TRACECA.GE