News

ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს რკინიგზაში გარდაუვალია!

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სარკინიგზო ქსელი უშუალოდ ემიჯნება საქართველოს სარკინიგზო ქსელს, მასთან ურთიერთქმედება, სხვადასხვა ხარისხით, აუცილებლად მოგვიწევს. ეს „ურთიერთქმედება“ დღესაც გვაქვს, ცხადია, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია - აუცილებელია მისი ინტენსიურობის ამაღლება.

სარკინიგზო ხაზის „დივრიგი - ყარსი - საქართველოს საზღვარი“ მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გააქტიურებას, შექმნის სამუშაო ადგილებს მის უშუალო სიახლოვეს და დაეხმარება თურქეთს სივრცითი ეკონომიკური დისპროპორციის შერბილებაში. საქმე იმაშია, რომ აღმოსავლეთ თურქეთის ოთხი პროვინცია, რომელზეც გადის სარკინიგზო ხაზი, ჩამორჩება ქვეყნის დანარჩენ ნაწილის ეკონომიკური კეთილდღეობის რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით. მაგ., დერეფნის ფარგლებში უმდიდრეს ერზინჯანის პროვინციაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის უმდიდრესი ქოჯაელის პროვინციის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ნახევარზე ნაკლებია (49 %). თურქეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროვინციების სამრეწველო და სასოფლო სექტორები იხეირებენ სარკინიგზო მიმოსვლის გაუმჯობესებისგან როგორც შიდა განაწილებისთვის, ისე ექსპორტის უზრუნველყოფისთვის. ამაში იგულისხმება სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგიონის ისეთი ლოგისტიკური კლასტერების უფრო აქტიური გამოყენება, როგორიცაა ყარსის ლოგისტიკური ცენტრი. ყარსის ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც „ბაქო - თბილისი - ყარსის“ ბოლოშია განლაგებული, არასაკმარისად დატვირთული რჩება 2017 წელს სარკინიგზო ხაზის გახსნის მომენტიდან.

მართალია სარკინიგზო ხაზის „დივრიგი - ყარსი - საქართველოს საზღვარი“ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებისთვის ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდა, ეს ხაზი აგრეთვე ემსახურება შიდა სამგზავრო მატარებლების მიმოსვლას; მის მოდერნიზაციას შეუძლია სოციალურ-ეკონომიკური შედეგების გაძლიერება დერეფნის გასწვრივ განლაგებულ პროვინციებში შიდა და საერთაშორისო მიმოსვლის გაუმჯობესების ხარჯზე მგზავრთა გადაყვანის სექტორში. მაშინ როცა თურქეთის მოსახლეობა მესამედით გაიზარდა 2000 წლიდან 2023 წლამდე, სარკინიგზო ხაზის „დივრიგი - ყარსი - საქართველოს საზღვარი“ გასწვრივ განლაგებული პროვინციების მოსახლეობა ან უმნიშვნელოდ გაიზარდა ეროვნული ზრდის ტემპთან შედარებით (ერზინჯანი, +18 %), ან შემცირდა აბსოლუტური გამოხატულებით (სივასი, -0,2 %; ერზურუმი, -6,4 %; ყარსი, -14,7 %) იგივე დროის მონაკვეთში, ამასთან აღნიშნული შედეგი, ძირითადად, განპირობებულია შიდა ეკონომიკური მიგრაციით ეკონომიკურად უფრო წარმატებულ რაიონებში, როგორიცაა მარმარილოს ზღვის რეგიონის დასავლეთ ნაწილი. 

აღნიშნული პროვინციების შედარებით იზოლირებულობა, სადაც საჰაერო რეისებით სარგებლობა ბევრისთვის შესაძლისი არაა არსებული შემოსავლების დონისა გამო, ხოლო მისაწვდომი სამატარებლო მიმოსვლა შემოიფარგლება დღეში ერთი რეისით, როცა ყარსიდან მატარებლის ჩასვლას ანკარაში 26,5 საათი სჭირდება, აღრმავებს სუბრეგიონის ეკონომიკურ პრობლემებს. უფრო უსაფრთხო, სწრაფი და უფრო ხშირი სამგზავრო მიმოსვლის უზრუნველყოფა დერეფნის გასწვრივ განლაგებულ პროვინციებსა და დანიშნულების პუნქტებს შორის დასავლეთში (აგრეთვე საერთაშორისო დანიშნულების პუნქტებს შორის აღმოსავლეთში) გააძლიერებს ეროვნულ სოციალურ ერთიანობას და ხელს შეუწყობს კაპიტალის და სამუშაო ადგილების უკეთ განაწილებას მთელი ეკონომიკის მასშტაბით. 

უფრო მეტიც, სარკინიგზო ხაზზე გაუმჯობესებული ტექნიკური პირობები შექმნის ტურიზმისთვის განკუთვნილი პრემიუმ-კლასის მატარებლების შეთავაზების გაფართოების და მოდერნიზების საშუალებას ანკარასა და დერეფნის გასწვრივ განლაგებულ პროვინციებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობებს თურქეთის აღმოსავლეთში. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ეკონომიკური აქტიურობის ამაღლებას სუბრეგიონში. 

თურქეთის ის პროვინციები, რომლებზეც „შუა დერეფანი“ გადის, უცხო ნამდვილად არ არის ჩვენთვის. ავიღოთ, მაგ., ერზურუმი, „ჩვენი“ კარნუ-ქალაქი. 

XIII საუკუნის დამდეგს ერზურუმი საქართველოს ყმადნაფიცი იყო. თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, დაახლობით 1213 წელს, ერზურუმის სამფლობელო განუდგა საქართველოს ტახტს, მაგრამ მალე ლაშა გიორგიმ ილაშქრა და კვლავ შემოიმტკიცა ის. XIII საუკუნის 20-იან წლებში საქართველომ თავის კონტროლს დაუქვემდებარა დვინ–ერზურუმის სავაჭრო მაგისტრალი. 1223 წელს ლაშა გიორგიმ თავისი და რუსუდანი მიათხოვა თოღრულ-შაჰის ძეს ღიას ად-დინს, რომელიც გაქრისტიანდა. 

მაშასადამე, ერზურუმი არის მეფე დავით VI ნარინისა და გურჯი-ხათუნის მამის მშობლიური ქალაქი. 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზურუმის ფასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს. გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.

ხოდა, თქვენის ნებართვით, „ექსპლუატაციაში ვუშვებ“ ტურისტულ მატარებელს „ერზურუმი - ქუთაისი“, რომ ერთმანეთთან დავაკავშირო დავით ნარინის მამის მშობლიური ქალაქი, სადაც მისი დის, თამარ დედოფლის საფლავია განლაგებული, და დავით ნარინის სატახტო ქალაქი. მაგრამ... მაგრამ ამისთვის საჭიროა „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო მატარებელი ტექნიკურად თავსებადი იყოს იმ ახალ ქსელთან, რომლის შექმნაც თურქეთის მთავრობამ დაგეგმა „მსოფლიო ბანკის“ დახმარებით, ხოლო „თურქეთის რკინიგზების“ სამგზავრო მატარებელი - საქართველოს სარკინიგზო ქსელთან... ყოველივე ეს კი კოლოსალურ ძალისხმევას საჭიროებს, რომელიც შორს, ძალიან შორსაა საქართველოს სარკინიგზო სექტორის დღევანდელი „ბოსების“ აზროვნებისგან, პროფესიონალიზმისგან, მიდგომისგან და ა.შ.

ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს რკინიგზაში გარდაუვალია!

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი