
გაეროს მიერ შემუშავებული Liner Shipping Connectivity Index – საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომელიც გლობალურ საზღვაო გადაზიდვების ქსელებში ამა თუ იმ ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის მსოფლიო ნავსადგურებთან ინტეგრირების პოზიციონირებაზე მიუთითებს. ამის შესახებ "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" წერს.
TCRC-ს განმარტებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი იმ ქვეკრიტერიუმების ერთობლიობას მოიცავს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ნავსადგურების მიერ საკონტეინერო გემებით მსოფლიოს სხვა ნავსადგურებთან კავშირებადობის ინტენსივობას, ხაზების რეგულარობას.
2025 წლის სექტემბრის განახლებული მდგომარეობით, Liner Shipping Connectivity Index-ის კომპონენტების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 179 სახელმწიფოს შორის 114-ე პოზიციაზეა.
საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფნის საკვანძო ადგილასაა განლაგებული, მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან კავშირებადობის (ინტენსივობის) გაზრდა.
საქართველოს გააჩნია საზღვაო ქვეყნისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი, მათ შორის: საზღვაო დროშა, სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, დანერგილია დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, მეზღვაურების მომზადების სასწავლო ცენტრები, სახელმწიფო წარმოადგენს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს, მეზღვაურთა დასაქმების კუთხით კი გაფორმებული აქვს 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან მემორანდუმი.
მსოფლიოში კავშირებადობის ინდექსის მიხედვით 114-ე საფეხურზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების ქვეყნის შესაძლებლობებს.
იბადება კითხვა – ახლო მომავალში ხომ არ წარმოჩინდება საქართველოს სანავსადგურე ინფრასტრუქტურის კავშირებადობის მაჩვენებელი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის შემზღუდავ ფაქტორად?, - წერს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი".
რაც შეეხება შავი ზღვის აუზის და რეგიონის სხვა ქვეყნებს, შესაბამის განახლებული მონაცემებით შემდეგ ადგილებზე იმყოფებიან:
თურქეთი – 17-ე, რუსეთი – 32-ე, ლიეტუვა – 60-ე, ირანი – 85-ე, რუმინეთი – 89-ე, ლატვია – 93-ე, საქართველო – 114-ე, ბულგარეთი – 124-ე, უკრაინა – 144-ე (ომამდე 61-ე).
Liner Shipping Connectivity Index – LSCI ინდექსის მიხედვით ლიდერობს ჩინეთი, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, მესამეზე – სინგაპური, მეოთხეზე შეერთებული შტატები, მეხუთეზე – მალაიზია.