
2025-04-15
პირველი საფონდო ბირჟა ბელგიაში, ანტვერპენში, ჯერ კიდევ 1531 წელს არსებობდა. ბროკერები და ფულის გამსესხებლები ხვდებოდნენ იქ, რათა ბიზნესთან, მთავრობასთან და თუნდაც ინდივიდუალურ ვალთან დაკავშირებულ საკითხებს გამკლავებოდნენ. ჰოლანდიელებიც პიონერები იყვნენ საფონდო ბირჟის განვითარების საქმეში, რომელიც ამსტერდამში 1602 წელს შეიქმნა.
დღეს, მსოფლიოში 43,000-მდე საჯარო კომპანია ირიცხება, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ ღირებულება, $100 ტრილიონს აღემატება. საფონდო ბირჟაზე დალისტული (ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება) კომპანიები გლობალური ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენენ, რადგან აქციების საჯაროდ გაყიდვით, კომპანიას დამატებითი კაპიტალის მოზიდვა შეუძლია, რაც დოვლათის გაზრდას ნიშნავს. თანამედროვე მსოფლიოში დაახლოებით 60 საფონდო ბირჟა მოქმედებს, $100 ტრილიონი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციით.
მთავრობებისა და კომპანიების მიერ ფინანსური რესურსის მოზიდვის ერთ-ერთი ეფექტური გზა ფასიანი ქაღალდების გამოშვებაა. მთავრობებს ფულადი სახსრების მობილიზაცია ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით შესაძლებელია დასჭირდეთ სხვადასხვა პროექტის (მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - გზების, ხიდების, ჰესების მშენებლობა) დასაფინანსებლად, ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად. კომპანიებს კი საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის. ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ემისია, ხოლო ფასიანი ქაღალდების გამომშვებს - ემიტენტი ეწოდება.
საფონდო ბირჟა და მისი გამართული ფუნქციონირება ეკონომიკის სტაბილურობის და განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს მსგავსად, განვითარების სტადიაზე მყოფი ქვეყნები განიცდიან ადგილობრივი საინვესტიციო რესურსების ნაკლებობას, ამიტომ ქვეყნის ეკონომიკაში აუცილებელია უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვა, ხოლო მისი მოზიდვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალება - საფონდო ბირჟის მდგრადი ფუნქციონირებაა.
საფონდო ბირჟა ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებით ორგანიზებული ვაჭრობის რეგულარულ ფუნქციონირებას დადგენილი წესების შესაბამისად და ამასთან, ავრცელებს ბირჟაზე დადებული გარიგებებისა და ფასების შესახებ ინფორმაციას. საფონდო ბირჟა საშუამავლო დაწესებულებაა, რაც გულისხმობს, რომ ის მხოლოდ ქმნის სამართლიან პირობებს გარიგებების დასადებად, ერთმანეთთან აკავშირებს ფასიანი ქაღალდების მყიდველებსა და გამყიდველებს და მათ ყველა იმ მომსახურებას უწევს, რაც ხელს უწყობს გარიგების დადებას.
მეწარმეს თავისი ბიზნესისთვის თანხის მოზიდვა შეუძლია კაპიტალის ბაზარზე ფასიანი ქაღალდების - აქციების ან ობლიგაციების გამოშვების, ანუ ემისიის, გზით. აქცია ადასტურებს მისი მფლობელის (აქციონერის) წილს კომპანიაში და მისი გამოშვება მხოლოდ სააქციო საზოგადოებას შეუძლია. ობლიგაცია კი სასესხო ტიპის ფასიანი ქაღალდია, რომელიც ადასტურებს კომპანიის ვალდებულებას, ობლიგაციის მფლობელს, საემისიო პირობების შესაბამისად, გადაუხადოს ნომინალური ღირებულება და ობლიგაციაზე დარიცხული პროცენტი. ობლიგაცია განიხილება, როგორც საბანკო კრედიტის ალტერნატივა. ობლიგაციის უპირატესობა, აქციასთან შედარებით, ისაა, რომ მისი გამომშვები არ თმობს წილს კომპანიაში.
არსებობს სასაქონლო, სავალუტო, საფონდო და ტექნოლოგიური ბირჟები, სადაც დგება საქონლის, ვალუტების, ფასიანი ქაღალდებისა და ნოუ-ჰაუს გაცვლა, ყიდვა-გაყიდვა. ასეთ ბირჟებზე ყალიბდება ყველაზე სამართლიანი ფასებიც და ასევე მიიღება შესრულებული კონტრაქტებიც. ბირჟების საქმიანობის ზედამხედველი და მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ფასიანი ქაღალდების კომისია დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის გადაწყვეტილებებში, ისევე როგორც, ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მარეგულირებელი საბანკო სისტემისთვის. დამოუკიდებელი ბანკები და დამოუკიდებელი ბირჟები ერთობლიობაში ქმნიან საბაზრო ეკონომიკის წესრიგს.
საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის კარიბჭე ქვეყანას, კვეთს ათი რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო მარშრუტი. ესენია:
1. TRACECA - ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ან ტრასეკა (Transport Corridor Europe - Caucasus - Asia);
2. შუა დერეფანი, იგივე ტრანსკასპიური დერეფანი;
3. ლაპის ლაზულის დერეფანი;
4. CASCA მარშრუტი - ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია (Central Asia, South Caucasus and Anatolia);
5. CAREC - ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (Central Asia Regional Economic Cooperation);
6. ვიკინგი მარშრუტი - ბალტია-შავი ზღვის ქვეყნების სატრანზიტო ღერძით.
7. CAMCA (Central Asia - Mongolia - Caucasus - Afghanistan) რეგიონალური ფორუმი, რომელიც შექმნილია რეგიონის 10 ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების საშუალებების შესახებ დისკუსიების ხელშეწყობისთვის.
8. სამხრეთ-დასავლეთის დერეფანი;
9. სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონა;
10. კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი.
აზიასა და ევროპას შორის აბრეშუმის გზის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია საქართველოს საბანკო, სადაზღვევო და საბირჟო სისტემების ფუნქციონირებაზე. მსოფლიო ბანკის მიერ 2023 წლის ნოემბერში წარმოდგენილ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშში, მითითებულია სამი ქალაქი - თბილისი, რუსთავი და გორი, როგორც შუა დერეფნის მთავარი ეკონომიკური ცენტრები. ეკონომიკურ ცენტრებში უნდა ვიგულისხმოთ სწორედ კაპიტალის მოძრაობის ადგილები - ბირჟები.
ნიშანდობლივია ასევე, რომ 2023 წლიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების წინაპირობად დადგენილია ევროკომისიის 9 დათქმა, მათ შორის - დეოლიგარქიზაცია, რაც ქვეყნის განაწილებითი ეკონომიკიდან, ლიბერალურ ანუ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, ანუ ბირჟების გახსნას ნიშნავს. საქართველოს მიერ ევროპის 9 პუნქტის შესრულების პროცესი გარდაუვლად შექმნის, როგორც აბრეშუმის გზის აღდგენის, ასევე ქვეყანაში დოვლათის ზრდის გარდაუვალ შესაძლებლობას.
ზურაბ მაღრაძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი