News

გლობალური გადაზიდვების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2026-08-18

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მრავალი საზღვაო არხით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა ომისა და კლიმატის ცვლილების გამო. ამან კი შესაძლოა, საქონლის ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ბელგიური გადაზიდვების კომპანია CMB Tech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე სავერისმა განაცხადა:„ეს უპრეცედენტო სიტუაციაა. ქარხნებს მოუწევთ წარმოების შეჩერება ან მომწოდებლების ძებნა მსოფლიოს უფრო ძვირადღირებულ რეგიონებში“.

ნავთობის ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებით, სპარსეთის ყურიდან აზიაში ტრანსპორტირებული ნავთობის ფასმა 10 აგვისტოს ბარელზე 15.22 დოლარს მიაღწია, რაც გამოწვეული იყო ბაბ ელ-მანდების სრუტეში ტრანზიტით მყოფ საუდის არაბეთის მხარესთან დაკავშირებული ტანკერების თავდასხმის საფრთხით. ეს ყველაზე მაღალი დონეა მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2005 წელს მსგავსი შეფასებების ჩატარება დაიწყო.

ამავე დროიდან მოყოლებული, მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია შავ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალი ტანკერების ტვირთის ფასებმა.

რეკორდულ დონემდე გაიზარდა პანამის არხში გავლის სლოტების ღირებულება ელ-ნინიოს ძლიერი ფენომენის შედეგად წყლის დონის ვარდნისა და მაღალი საცობების გამო, რაც ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გვერდითი ეფექტია.

ევროპაში გვალვამ ასევე გამოიწვია წყლის დონის სახიფათოდ დაწევა რაინში, მდინარეში, რომელიც გერმანიის მძიმე ინდუსტრიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რაინის გავლით კიოლნში, დუისბურგში, ფრანკფურტსა და კარლსრუეში მოძრავი ტვირთის ტარიფებმა 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

bpn.ge