
2026-06-27
“ტრანს ლოგისტიკას” დირექტორი ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს, რომ ანაკლია არ არის მხოლოდ ფოთის პორტის ალტერნატივა. ის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს საქართველოსთვის.
“იცით, რომ გვაქვს ორი ძირითადი პორტი, რომელიც მშრალ ტვირთს ატარებს – ეს არის ბათუმის პორტი და ფოთის პორტი. ეს პორტები ძალიან კარგად მუშაობენ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, თავს ზევით ძალა არ არის. ფოთის პორტს შეუძლია დაახლოებით 8 მილიონი ტონის გატარება და თითქმის სრულად აქვს ათვისებული ეს მოცულობა. ბათუმის პორტს შეუძლია დაახლოებით 2 მილიონი ტონა მშრალი ტვირთის გატარება და ესეც სრულად არის ათვისებული, რაც რეალურად მათ უზღუდავს დამატებითი დიდი მოცულობების ტვირთის გატარების შესაძლებლობას.
აქ ჩნდება უკვე მოთხოვნა დამატებით ინფრასტრუქტურაზე და ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ანაკლიის პორტზე, რომელიც არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად, „თანამედროვე ოქროს საწმისიც“ შევარქვით ანაკლიის პორტს, რადგან ანაკლია არ არის, როგორც ბათუმის პორტი და ფოთის პორტი, ქალაქის ცენტრში. არ არის სივრცე ისეთი შეზღუდული, როგორც ამ არსებულ პორტებში. შესაბამისად, აქ გვაქვს ძალიან ფართო არეალი განვითარებისთვის და რომ მოვიზიდოთ არა მხოლოდ საკონტეინერო ტვირთები, არამედ ჩვენ აქ შეგვიძლია მოვიზიდოთ მშრალი ნაყარი ტვირთები, გენერალური ტვირთები, დავაგროვოთ „პანამაქსის“ ტიპის გემებისთვის 60 000 ტონამდე ტვირთები და ამით შევქმნით სრულიად ახალ სურათს საქართველოსთვის და სრულიად ახალ შესაძლებლობებს, რასაც საერთაშორისო პარტნიორები გამოიყენებენ”, - აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი.
“ანაკლიის პორტის” პროექტზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსპორტის და ლოგისტიკი სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე. მართალია ჯერ მთავრობას პორტის ინვესტორი შერჩეული არ ჰყავს, თუმცა მინისტრმა ბიზნესთან პირობა დადო, რომ 2029 წლისთვის ქვეყნის მთავარი ნავსადგური პირველ გემს მიიღებს.
ანაკლიის პორტის გარდა, ჯაბა თარიმანაშვილი საუბრობს რკინიგზის, როგორც „მწვანე ტრანსპორტი“-ს კონკურენტუნარიანობაზეც.
“პარიზის კლიმატური შეთანხმების ფარგლებში არის „NetZero 2050“, რომლის მიხედვითაც ნახშირბადის გამონაბოლქვი, სათბური გაზების ეფექტი უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად, რაც გარკვეულწილად აძვირებს საზღვაო გადაზიდვას. შესაბამისად, ეს 25 წლიან პერსპექტივაში, აჩენს კიდევ დამატებით მოთხოვნას სარკინიგზო გადაზიდვაზე.
თუ რკინიგზის ელექტრიფიკაცია ხდება, თუ ამ ხაზების მომარაგება ხდება განახლებადი ენერგიით ან ბირთვული ენერგეტიკით, შესაბამისად, რკინიგზით გადაზიდვა სრულად „მწვანე“ გადაზიდვად ჩაითვლება, რაც დამატებით ამ ნახშირბადის სპეციალურ კრედიტებს დაუგროვებს იმ გადამზიდავებს, რომლებიც სარკინიგზო გადაზიდვას გამოიყენებენ. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ახალი შესაძლებლობებია. ეს, გეოპოლიტიკის გარდა, არის დეკარბონიზაციით გამოწვეული შესაძლებლობები, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ”, - აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი ინტერვიუში.
Net Zero 2050 არის გლობალური მიზანი, რომელიც გულისხმობს ატმოსფეროში სათბურის აირების, მაგალითად, ნახშირორჟანგის გაფრქვევისა და მათი შთანთქმის დაბალანსებას ნულოვან ნიშნულამდე. ეს ნიშნავს, რომ ის აირები, რომლებსაც კაცობრიობა გამოყოფს (მაგალითად, ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის შედეგად), მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ემისიების განახევრების მიზნის მისაღწევად აუცილებელია სათბურის აირების გლობალური ემისიების შემცირება დაახლოებით 45%-ით.
პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 აპრილს მიიღო. სტრატეგიის მიზანი მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მიდგომას კლიმატის პოლიტიკის ნაწილში და გულისხმობს ემისიების მკვეთრ შემცირებას.