News

ევროკავშირში მაღალსიჩქარიანი მატარებლები ყველა დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქს დააკავშირებს

ევროკომისია უახლოეს თვეებში ევროპაში მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო კავშირის გაუმჯობესების გეგმას წარადგენს.

ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, აპოსტოლოს ძიძიკოსტასმა The Guardian-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

გეგმის მთავარი მიზანია, მატარებლით მგზავრობამ მოხერხებულობის, სიჩქარისა და ღირებულების თვალსაზრისით ავიამგზავრობას კონკურენცია გაუწიოს.

"საბოლოოდ, ადამიანები მატარებლით მგზავრობას არა მხოლოდ იმიტომ აირჩევენ, რომ ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, არამედ იმიტომაც, რომ ეს ევროპაში შორ მანძილზე მგზავრობისთვის უფრო მოსახერხებელი, სწრაფი და ხელმისაწვდომი ვარიანტი იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ,“ - აცხადებს ევროკომისარი.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირის მიზანია, 2030 წლისთვის მაღალსიჩქარიან რკინიგზაზე მოძრაობა, 2015 წელთან შედარებით, გაორმაგდეს, ხოლო 2050 წლისთვის სამჯერ გაიზარდოს.

ევროკომისიის გეგმა 250 კმ/სთ ან მეტი სიჩქარის კოორდინირებული სარკინიგზო ქსელის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ევროკავშირის ყველა დედაქალაქსა და მთავარ ქალაქს დააკავშირებს. ძიძიკოსტასის თქმით, ახალი გეგმა მიზანს სისტემური შეფერხებების აღმოფხვრით მიაღწევს. ამისთვის საჭირო იქნება ახალი რკინიგზის ოპერატორებისთვის ბაზარზე წვდომის გახსნა, მოძრავი შემადგენლობის სტანდარტიზაცია და ურთიერთგანსხვავებული ეროვნული ოპერატორების ერთიან სისტემად გარდაქმნა ანალოგიური წესებითა და საოპერაციო პირობებით.

ევროკომისარი დარწმუნებულია, რომ თუ რკინიგზა „კომფორტული, ხელმისაწვდომი და ადვილად დასაჯავშნი სერვისი“ გახდება, მგზავრები მას უფრო აქტიურად გამოიყენებენ.

„ბუნებით ოპტიმისტი და რკინიგზის ფანი ვარ. უკვე წარმომიდგენია ის დღე, როცა ადამიანი კოპენჰაგენის ვესტერბროში ისადილებს და მატარებლით მგზავრობის შემდეგ უკვე პრაღის ცენტრალური სადგურის გვერდით, ვაცლავის მოედანზე ივახშმებს,“ - ამბობს ევროკომისარი.

bpn.ge