
2026-03-13
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს XIII გლობალური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, რომ სომხეთი თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გახდება სატრანზიტო ქვეყანა. ქვეყნის ლიდერის თქმით, ეს შესაძლებლობა მეზობელ სახელმწიფოსთან მიღწეულმა სამშვიდობო შეთანხმებამ გააჩინა.
ალიევის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „შუა დერეფნის“ ახალ განშტოებაზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, დააკავშიროს ქვეყნის ძირითადი ნაწილი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მყარი სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და პოტენციურად მილსადენების სისტემებით.
სომხეთზე საუბრის გარდა, აზერბაიჯანის ლიდერმა იმაზეც ისაუბრა, რომ წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი ქვეყანამ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში დააბანდა. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი იქცა შეუცვლელ პარტნიორად როგორც „აღმოსავლეთ-დასავლეთის“, ისე „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნებისთვის.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორივე მიმართულებით უკვე დასრულებულია და ამჟამად ინვესტიციები მხოლოდ არსებული გამტარუნარიანობის გაფართოებისკენ არის მიმართული.