
ყაზახეთი შუა დერეფნის მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსებით - საქართველოს უბიძგებს საკუთარი ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარებისკენ
ყაზახეთის მიერ, შუა დერეფნის საკუთარ მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მიმართულია მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარუნარიანობის გასაზრდელად, მეორეს მხრივ, შუა დერეფანში ჩართულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ მან სინქრონულად დაიწყოს საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მონაკვეთზე შექმნილი „ვიწრო“ ადგილის გამო, ყაზახეთის მიერ საკუთარ ინფრასტრუქტურაში განთავსებული ფინანსური სახსრები დაბალი უკუგებით იქნება დაბრუნებული, რითაც დერეფნის ყველა სახელმწიფო იზარალებს.
შეთანხმების თანახმად, ყაზახეთი 600 მლნ დოლარის სესხს, სამი წლის ვადით - Abu Dhabi Commercial Bank იდან და Deutsche Bank იდან აიღებს.
დაგეგმილია, რომ ფინანსური სახსრები ძირითადად ტრანსყაზახური სარკინიგზო დერეფნის შეზღუდული გამტარუნარინაობის მქონე მონაკვეთების და ახალი სარკინიგზო უბნების მშენებლობისკენ იქნება მიმართული, გარდა ამისა ფინანსების ნაწილი ყაზახეთის რკინიგზის მიერ ადრე აღებული სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.
ყაზახეთის სატრანსპორტო სტრატეგიის დოკუმენტის საფუძველზე, დაგეგმილია სამი მნიშვნელოვანი მიმდინარე სარკინიგზო პროექტის დასრულება:
ალტინკოლი - ჟეტიგენის მონაკვეთის მოდერნიზაცია;
დოსტიკი - მოინტის მონაკვეთის მოდერნიზაცია;
ალმაათის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა;
იმ ვითარებაში, როცა ყაზახეთი პრიორიტეტულად თვლის ალმაათის შემოვლით რკინიგზის განვითარებას, საქართველოს მთავრობამ რატომღაც გააუქმა, თითქმის დასრულებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი.
აღსანიშნავია, რომ გადაზიდვების ზრდის პირობებში 20 – 25 წლიან პერსპექტივაში თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიბრუნებს აქტუალობას - სადღესოდ მიღებული გადაწყვეტილების პირობებში მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.
ბუნებრივია იბადება კითხვა, რით არის განპირობებული, რომ ყაზახეთის რკინიგზამ, საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისათვის საფინანსო - საბანკო ინსტიტუტებიდან 600 მლნ დოლარის დაუბრკოლებლივ მოზიდვა შეძლო, ხოლო საქართველოს რკინიგზამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში რკინიგზის მოდერნიზაციის და მოძრავი შემადგენლობის რენოვაცია - განახლებისათვის საფინანსო - საბანკო ინსტიტუტებიდან ვერანაირი ანუ ნულოვანი ინვესტიცია მოიზიდა?
ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი არ გაუმჯობესებულა და ფაქტიურად "BB-" არასაინვესტიციოდ მიმზიდველ, მაღალი რისკის დონეზეა შეჩერებული, რაც იმაზე მოწმობს, რომ საქართველოს რკინიგზაზე საფინანსო - საბანკო ორგანიზაციების დაინტერესება, საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით დაბალია.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით, საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა მნიშვნელოვნად დაბალია, რეგიონის, მათ შორის შუა დერეფნის ქვეყნების რკინიგზების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
ინფო: transcor.ge