News

არის თუ არა რუსეთი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა?

2026-02-09

რამდენჯერ მაქვს გაგონილი, რომ რუსეთი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. მსოფლიო ლიდერი ბუნებრივი გაზის, ალმასების, ნიკელის, ოქროს, ვერცხლის, რკინის მადნის, ტყეების ფართობისა და წყლის რესურსების რაოდენობებით. რომ ტოპ-ხუთეულში შედის ნავთობის, კობალტის, თუთიის, სპილენძის, ურანის მარაგებით... მოკლედ, რომ რუსეთში მენდელეევის მთელი პერიოდული სისტემა მოიპოვება.

ახლა არ შევუდგები იმის ახსნასა და დასაბუთებას, რომ, ასეთი მარაგების ქონასთან ერთად, კარგი იქნებოდა, მხრებზე თავი და თავში ტვინიც მოიპოვებოდეს. ამჯერად უბრალოდ ნედლეულზე, როგორც ერის საგანძურზე ვისაუბროთ.

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ნედლეული დროთა განმავლობაში გამუდმებით და უცილობლად იაფდება და ამის მიზეზი თითქმის ყოველთვის ერთადერთია - პროგრესი.

მაგალითად, მარილი ათასწლეულების განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი, პრაქტიკულად თავის გადასარჩენი რესურსი. მარილით უხდიდნენ ხელფასს ჯარისკაცებს, მარილის გამო ომები იწყებოდა; გაიხსენეთ მარილის აჯანყებები, ან და მაჰათმა განდის მარილის ლაშქრობა. დღეს კი მარილი პრაქტიკულად არაფერი აღარ ღირს.

მსგავსი ისტორია იყო შაქართან დაკავშირებითაც. თავის დროზე ის ფუფუნების სიმბოლო და წამალი იყო. მერე კი წამოვიდა პლანტაციები, მონური შრომა, შაქრის ლერწამი თუ შაქრის ჭარხალი და მათგან მოპოვება, ქიმია, სელექცია... დღეს შაქრის მოპოვება ყველაფრიდან შეიძლება და უკვე იმდენია და ისეთი ხელმისაწვდომი, რომ დელიკატესიდან და ფუფუნების საგნიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან, გლობალურ პრობლემად გადაიქცა.

გვარჯილა ერთ დროს ასევე სტრატეგიული რესურსი იყო: სასუქი, დენთი, ასაფეთქებელი ნივთიერებები... ჩილეს გვარჯილის (გუანო) გამო პერუ, ბოლივია და ჩილე ომობდნენ. მერე კი ფრიც ჰაბერმა და კარლ ბოშმა ჰაერიდან ამიაკის სინთეზირება მოახერხეს და კაცობრიობამ აზოტის ულევი რესურსი მიიღო.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ალუმინი ოქროზე ძვირად ფასობდა. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III სუფრაზე მიწვეულ მნიშვნელოვან სტუმრებს ალუმინის სერვირებას ახვედრებდა, ნაკლებად მნიშვნელოვან სტუმრებს კი - ოქროსას. მერე კი ჰოლ-ერუს პროცესი (Hall-Heroult process) და იაფი ელექტროენერგია გაჩნდა და იმპერატორის სადღესასწაულო სუფრის დამამშვენებელი ლითონი სწრაფი კვებისა და გამაგრილებელი ან ალკოჰოლური სასმელების შესანახ ერთჯერად ფოლგად და ტარად გადაიქცა.

იგივე მოხდა ტელეკომუნიკაციების დარგში მაგნიუმის და ნიკელის, მოგვიანებით კი სპილენძის შემთხვევაშიც. სპილენძის ფასი თავის დროზე ყველა რეკორდს ხსნიდა („აბა რით დავამზადოთ მავთული?“), თუმცა ქვიშისგან დამზადებულმა ოპტიკურმა ბოჭკომ სწრაფად დააგდო სპილენძის ფასი, რადგან ის შეუცვლელი ნედლეული აღარ იყო.

თავის დროზე განთქმული ნიძლავი დადო ორმა ეკონომისტმა. 1968 წელს პოლ ერლიხმა თავის ბესტსელერ წიგნში „პოპულაციური ბომბი“ (The Population Bomb) თომას რობერტ მალტუსის იდეები გაიმეორა და მასობრივი შიმშილი და ცივილიზაციის დაღუპვა უკვე 1970-1980-იან წლებში იწინასწარმეტყველა. რომის კლუბის 1972 წელს გამოქვეყნებული მოხსენება „ზრდის ზღვარი“ (The Limits of Growth), რომელიც კომპიუტერულ მოდელირებაზე იყო დაფუძნებული, ძირითადი ბუნებრივი რესურსების (ნავთობის, სპილენძის, ოქროს) ამოწურვას უახლოეს ათწლეულებში წინასწარმეტყველებდა. ამ ალარმიზმის პასუხად ეკონომისტმა ჯულიან საიმონმა გამოსცა წიგნი „ამოუწურავი რესურსი“ (The Ultimate Resourse), რომელშიც ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის რესურსები არასდროს ამოიწურება აბსოლუტური ნიშნულამდე, რადგან ყოველთვის ხდება ერთი და იგივე:

1. როგორც კი რომელიმე იოლად ხელმისაწვდომი რესურსის (მაგალითად სპილენძის) მარაგების ამოწურვა იწყება, მისი ღირებულება ზრდას იწყებს.

2. მზარდი ფასი ადამიანური გონებისა და ბიზნესისთვის უძლიერეს სტიმულად იქცევა.

3. და საპასუხოდ ადამიანები ახალი საბადოების, არსებული რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენების ხერხებისა და დეფიციტური რესურსის შემცვლელის ძებნას იწყებენ.

თუმცა ყველაზე საინტერესო შემდეგ მოხდა: თავისი სიმართლის სიტყვით კი არა, საქმით დასამტკიცებლად ჯულიან საიმონმა პოლ ერლიხს 1980 წელს საჯარო ნიძლავი შესთავაზა - ერლიხს ნებისმიერი 5 ლითონი უნდა აერჩია (მან ქრომი, სპილენძი, ნიკელი, კალა და ვოლფრამი აირჩია) და 1000$ ვირტუალურ თანხად „ეყიდა“, 10 წლის შემდეგ კი ერთად შეამოწმებდნენ, გაიზარდა თუ დაეცა მათი ღირებულება ინფლაციის გათვალისწინებით.

ერლიხის პოზიცია: რაკი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, მოთხოვნაც გაიზრდება, რესურსები ამოიწურება და ლითონების ფასი მაღლა ავარდება.

საიმონის პოზიცია: მზარდი ღირებულება სტიმულს მისცემს ინოვაციებს (მოპოვების ახალი მეთოდები, გადამუშავება, შემცვლელის მოძიება), რაც რეალური ღირებულების კლებამდე მივა.

1990 წელს გაირკვა, რომ ინფლაციის გათვალისწინებით ყველა ლითონის ფასმა დაიკლო: ჯულიან საიმონმა პოლ ერლიხს ნიძლავი მოუგო.

ახლა ისევ რუსეთს დავუბრუნდეთ. ნედლეულით რომ გამდიდრდე,

პირველი:

უნდა იყო მეტისმეტად ჭკვიანი, რაც რუსეთსა და მის მმართველ რეჟიმზე, რბილად თუ ვიტყვით, ნაკლებად შეიძლება გავრცელდეს: შეგახსენებთ, რომ ევროპის „დასაჩოქებლად“ რუსულმა „გაზპრომმა“ თავად შეუწყვიტა ევროპას გაზის მიწოდება, შედეგად კი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული, გადახდისუნარიანი, შემოსავლიანი და მომგებიანი ბაზარი დაკარგა.

მეორე:

ქვეყანაში არცთუ ისე ბევრი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, როგორც, მაგალითად, ნორვეგიაში, ანდა, ვთქვათ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ მეორე ხსენებულ საკითხზე, საკუთარი მოსახლეობის რაოდენობის XXI საუკუნეში არნახული ტემპით შემცირების მეთოდით, პუტინის რუსეთი აქტიურად მუშაობს.

აგერ, გუშინ რუსეთში ქვანახშირის მოპოვება გახდა ზარალიანი. დღეს, ჩვენს თვალწინ, უკვე ნავთობის მოპოვება გადის ზარალზე. ხე-ტყე ჩინეთში თვითღირებულებით იყიდება. ლითონზე ფასები ეცემა. ქვეყანა ფაქტიურად ბანკროტდება, სანქციები კი სულ უფრო ღრმად ძირავს. ინფრასტრუქტურა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ აღარ მოდერნიზირებულა, ინტენსიურად ინგრევა. მრეწველობის მთელი დარგებია სტაგნაციაში და ნელ-ნელა კვდებიან: პუტინის რუსეთი უკვე ვალში, კრედიტით ომობს და ქვეყნისა და ხალხის მომავალს წვავს ამ უაზრო ომში.

შედეგად 3 გზა რჩება:

1. სირიის, როდესაც ხელისუფლებას შეიარაღებული ფორმირებები დაამხობენ.

2. ვენესუელის, როდესაც მოსახლეობის მეოთხედი ქვეყნიდან წავა, დარჩენილები კი ქრონიკულ სიღატაკეში იცხოვრებენ.

3. ირანის, როდესაც თვეში 40%-იანი ინფლაცია ნორმა გახდება, სასოწარკვეთილი მოსახლეობა ქუჩაში გამოვა, ხოლო ხელისუფლება მათთვის ტყვიას არ დაიშურებს და, პარალელურად, ყოველი ადამიანისთვის 7 დოლარის დარიგებით, მათ მოსყიდვას შეეცდება. 

აი, მაშინ მომიყვეს ვინმე, როგორ გალამაზდა მოსკოვი და როგორაა გატენილი იქ ყველა რესტორანი. ასე რომ ეცადეთ, არ გაიმეოროთ ხოლმე სისულელე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნის შესახებ.

დიტო ცოტნიაშვილი

facebook.com