News

აუცილებელია დაჩქარებული ტემპით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვება

2026-04-22

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, აუცილებელია დაჩქარებული ტემპით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა.

„მიუხედავად საქართველოს მთავრობის მრავალი დაპირებისა, 2017 წელს ოფიციალურად გახსნილი რკინიგზა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად მზად არ არის“, - აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში, სადაც მიაჩნიათ, რომ ამ დრომდე რკინიგზის სატესტო რეჟიმში მუშაობა გამოუყენებელი პოტენციალია.

ბენდარ-აბასის ნავსადგურის გავლით გადაზიდვების 30-40%-ით ზრდის პირობებში, უზბეკეთი საქართველოზე გამავალ დერეფანს მძლავრ ალტერნატივად განიხილავს|TCRC

"უზბეკეთმა მიიღო გადაწყვეტილება, 1.2 მილიონი ტონა ტვირთი, რომელიც მანამდე ირანის გავლით გადაჰქონდა, „შუა დერეფანში“ გადმოამისამართოს. ამ ტვირთის მთავარი დანიშნულების ადგილი თურქეთია, რისთვისაც ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი იდეალური ალტერნატივა იქნებოდა“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა.

რატომ მუშაობს ოფიციალურად 2017 წელს გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დღემდე სატესტო რეჟიმში? - ვკითხეთ პაატა ცაგარეიშვილს, რაზედაც მან განაცხადა, რომ პრობლემურ ნაწილს საქართველოს მონაკვეთი ანუ მარაბდა-კარწახის უბანი წარმოადგენს, რომელიც დაუსრულებელია.

მისივე ინფორმაციით, ქართულ მონაკვეთზე გასამართია კრიტიკული ინფრასტრუქტურა: სასიგნალო სისტემები (მატარებლების შეუფერხებელი მოძრაობისთვის); ენერგომომარაგების ქსელი და ასევე, გადასატვირთი ტერმინალები და კომპლექსები.

პაატა ცაგარეიშვილმა დაუსრულებელ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგაზე საუბრისას, პარალელი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპთან გაავლო და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მსგავსი მასშტაბური და ფინანსურად ტევადი პროექტების მართვის საკმარისი გამოცდილება, რის გამოც ვადები მუდმივად იწევს.

ცნობისთვის: 2025 წლის ბოლოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებდა, რომ“ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზა უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა, მაგრამ ვადები არ დაუკონკრეტებია. ეკონომიკის მინისტრი შარშან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზეც დაინიშნა.

შეგახსენებთ: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია, თუმცა 2017 წლიდან რკინიგზა მხოლოდ სატესტო რეჟიმში ოპერირებს.

bm.ge