News

ივნისის დაიჯესტი, 2024

კვლევითი ორგანიზაციამ Fitch Solutions-ი წითელი ზღვის ვაჭრობის შეფერხებების ფონზე ინფრასტრუქტურული ალტერნატივების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალტერნატიულ სახმელეთო დერეფნებში ინვესტიციების ზრდის პოტენციალი არსებობს. სტატიის თანახმად, ალტერნატიული მარშრუტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის ცენტრალური აზიის გავლით, ე.წ. შუა დერეფნის ჩათვლით, კვლავ იპყრობს პოლიტიკოსების ყურადღებას რეგიონში და მის გარშემო.

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, კავკასია-ცენტრალური აზია-ავღნეთი-მონღოლეთის (CAMCA) ყოველწლიური რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს (AFPC) ექსპერტისა და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის (CACI) თავმჯდომარე, დოქტორი ფრედერიკ სტარის ხელმძღვანელობით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „დიდი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურული პროექტები.“

“შუა დერეფნის“ პროექტზე კონფერენცია ლონდონში, 11 ივნისს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC). კონფერენცია დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის და თურქეთის ელჩების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიება დაიწყო CPC-ს პრეზიდენტის ეფგან ნიფტის მისასალმებელი სიტყვებით, რომელმაც აღნიშნა, რომ “კასპიის რეგიონი არის ფარული ძვირფასი ქვა, რომელიც სავსეა პოტენციალით, განსაკუთრებით, საერთაშორისო ვაჭრობისთვის.“

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში გაციფრულების დონის მატება გადაუდებელი აუცილებლობაა. სინგაპურული Global DTC-ის დახმარებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის იდეაა ის, რომ ტვირთის გამგზავნებმა, რომლებიც მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არიან, კომპიუტერზე ან ტელეფონზე აპლიკაცია გადმოწერონ. მისი დახმარებით კი თვალს ადევნებენ ლოგისტიკურ პროცესებს. აღნიშნული გადაწყვეტა დერეფნის მონაწილეებს შორის კომუნიკაციას გაამარტივებს და ტრანსპორტირების დროს ტვირთზე წვდომის საშუალებას მისცემს. პლატფორმის ამოქმედება მოსალოდნელია წლის ბოლოსთვის.

თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულება თითქმის, 15%-ით გაზარდა. გადასახადი ამ დრომდე $4.42 იყო, 1 ივლისიდან კი, $5.07 იქნება. რაც შეეხება უფრო დიდ გემებს, 2022 წლამდე 10 000-ტონიანი სატვირთო გემი ტრანზიტში მთლიანობაში 3 240 დოლარს იხდიდა, ტრანზიტის ახალი ტარიფების გათვალისწინებით, ასეთ გემს 20 370 დოლარის გადახდა მოუწევს.

Drewry’s-ს მონაცემებით, გლობალური საკონტეინერო ინდექსი 40- ფუტიანი კონტეინერისთვის $5117-მდე გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულზეა. გადაზიდვის ტარიფი წლიურად 233%-ით არის გაზრდილი. ფასებზე ზეწოლას ისევ წითელი ზღვის კრიზისი და ამ ფონზე მიწოდების დარღვეული ჯაჭვები ქმნის.

2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების პოზიციები ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსში (Liner Shipping Connectivity Index - LSCI) ასეთია:   თურქეთი - მე-18 ადგილი, რუსეთი - 32-ე ადგილი, რუმინეთი - 81-ე ადგილი, ბულგარეთი - 108-ე ადგილი, უკრაინა - 158-ე ადგილი (ომის დაწყებამდე 62-ე ადგილი), საქართველო 119-ე ადგილი. ინდექსი მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანას და აჩვენებს ქვეყნის ინტეგრაციის დონეს საზღვაო გადაზიდვების გლობალურ ქსელთან. 

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ივნისში გამოკითხულ ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტის პროექტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის მონაწილეობას ისურვებდა. ამის შესახებ ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ “საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ II კვარტალის გამოცემაშია ნათქვამი.

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის. 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი - თბილისი - ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს.

წყარო: europetime.eu; bp.ge; bm.ge; commersant.ge

TRACECA.GE