News

ივნისის თვის დაიჯესტი, 2026

2026-06-30

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს დერეფანში (2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) ტრაილერების რაოდენობა წლიურად 574 ერთეულით, ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი 201 215 ლარით გაიზარდა.

☆☆☆

სომხეთში დაიწყო 7.2-კილომეტრიანი კაჯარანის გვირაბის მშენებლობა, რომელიც "ჩრდილოეთ-სამხრეთის" სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო მონაკვეთად იქცევა. პროექტი ირანისა და საქართველოს საზღვრებს დააკავშირებს და მგზავრობის დროს 40 წუთით შეამცირებს. 

☆☆☆

ყაზახეთი საზღვაო სავაჭრო გზებზე პირდაპირ წვდომის მისაღწევად ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე ტერიტორიას იჯარით იღებს. ტერმინალი აქტაუდან თურქმენეთის გავლით რკინიგზის მარშრუტის ბოლო წერტილი გახდება და ინდოეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ექსპორტის გაზრდის საშუალებას მისცემს. ახალი ლოგისტიკური ცენტრის მეშვეობით, ყაზახეთი მეტალების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების და ენერგეტიკული საქონლის მიწოდებას შეძლებს. პროექტის განხორციელება კერძო ინვესტიციებით იგეგმება ბიუჯეტის სახსრების გამოყენების გარეშე. ასევე განიხილება ალტერნატიული მარშრუტები ავღანეთის გავლით პაკისტანის პორტებამდე და ირანის ჩაბაჰარის პორტამდე. 

☆☆☆

აეროპორტის მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას, ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის  ტერმინალის არსებულ 8,000 მ²-ს დახლოებით 1000 მ² ფართობის ახალი სივრცეები ემატება. ეს სივრცეები მოიცავს, როგორც საოპერაციო ასევე ადმინისტრაციულ ზონებს. ამ სივრცეების ხარჯზე აეროპორტის გამტარუნარიანობა ჯამში 22-25%-მდე გაიზრდება. სარეგისტრაციო ზონაში არსებული დახლების რაოდენობა 14-დან 18-მდე იზრდება,  რაც დააჩქარებს რეგისტრაციის პროცესს.

☆☆☆

VIP Warehouse-მა თბილისში ახალი, თანამედროვე სასაწყობე კომპლექსი „მეტა ჰაბი“ გახსნა. ლილოს საბაჟო ზონის მიმდებარედ, მთლიანი ტერიტორია მოიცავს 18 ჰექტრამდე მიწის ფართობს. პროექტის ფარგლებში აშენდა დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობი, რომელიც 3 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. სრულად მოეწყო შიდა ინფრასტრუქტურა. 

☆☆☆

2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთს შორის სარკინიგზო ბლოკმატარებლებით 20 022 რეისი განხორციელდა, რაც ბოლო 10-წლიან ჭრილში 25-ჯერ გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მატარებლებით მომსახურე ჩინეთის ქალაქების საერთო რაოდენობა 128-ს შეადგენს. რომლებიც ჩინეთს ევროპის 26 ქვეყნის 232 ქალაქთან და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქთან აკავშირებენ და პრაქტიკულად მთელ ევრაზიულ სივრცეს ფარავენ.

☆☆☆

2026 წლის პირველ ხუთ თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთში" (APM Terminals Poti) საკონტეინერო ტვირთბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა. კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მაისში პორტმა ჯამურად 277,081 TEU (ოცფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი) ტვირთი დაამუშავა.

☆☆☆

მსოფლიო ბანკმა $372 მლნ-ის დაფინანსება დაამტკიცა საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის. ინვესტიციები საქართველოს სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურაში გააუმჯობესებს დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის, და დერეფნის გასწვრივ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის.

☆☆☆

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა დაადასტურა, რომ ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო დერეფნის დაკავშირება საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურასთან ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჟაპაროვმა მოუწოდა ქართულ ბიზნესწრეებს, უფრო აქტიურად განიხილონ საინვესტიციო პროექტები ყირგიზეთის ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ციფრული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორებში, სადაც ქვეყანა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ფონზე ინვესტორებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

☆☆☆

2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დაიწყო აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროექტი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადება 2026 წელს დაიწყება. ახალი დერეფანი უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებას კასპიის რეგიონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის, კერძოდ, ბულგარეთისთვის, ასევე, რუმინეთისთვის და უნგრეთისთვის.

☆☆☆

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ აცხადებს, რომ სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტის შედეგად, მთლიანად შავი ზღვის სანაპირო ქალაქები ერთიან სწრაფ სარკინიგზო ქსელში გაერთიანდებიან. ტრაპიზონსა და სამსუნს შორის მგზავრობის დრო კი, 2 საათამდე შემცირდება.

პროექტი შექმნის სტრატეგიულ სარკინიგზო დერეფანს, რომელიც თურქეთს კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს.

☆☆☆

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება განახლდება. ცვლილების მიხედვით, გაფართოვდება თანამშრომლობა სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

☆☆☆

19 ივნისს, eLogiFest-ისა და იქომერს ასოციაცია-საქართველოს თანამშრომლობით, თბილისში წარმატებით გაიმართა „სომხეთ–საქართველოს ლოგისტიკისა და კომერციის ფორუმი 2026“, რომელმაც გააერთიანა საქართველოსა და სომხეთის ბიზნესისა და ლოგისტიკის სექტორების წარმომადგენლები. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ახალი ბიზნესპარტნიორობების ჩამოყალიბებისა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვების განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვისთვის.

☆☆☆

ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო შუა დერეფნისთვის ერთიანი გრძელვადიანი სატარიფო მოდელის შექმნაზე მუშაობენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გასაძლიერებლად მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის, კასპიის ზღვაზე სატვირთო ფლოტის გაფართოება, აზერბაიჯანთან ერთად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები და კურიკის პორტის მოდერნიზაცია.

☆☆☆

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.


წყაროები:

bpn.ge;  gbc.ge;

The Caspian Post / facebook.com;

batumelebi.netgazeti.ge

businessinsider.ge

transcor.ge;  gbc.ge;  europetime.eu

gbc.ge;  europetime.eu;  europetime.eu

bp.ge;  ecag.ge;  gbc.ge

businessinsider.ge