
2025-05-24
ცენტრალური აზიის ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ავითარებენ საკუთარ სამრეწველო შესაძლებლობებს. ხშირად შეხვდებით ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა საპრეზიტენტო პროგრამებში ან ამა თუ იმ დარგის განვითარების სტრატეგიულ ხედვებში, მათ მისწრაფებას – "ნედლეულიდან – მზა პროდუქციამდე“.
ასეთი სტრატეგიული ხედვა, მოითხოვს ამ ქვეყნებიდან გადამუშავებული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრათ ახალი თუ უკვე აპრობირებული დერეფნების შესაძლებლობების გამოვლენას.
ამ ეტაპზე, სახეზეა რეგიონში ახალი ტვირთნაკადების „ჩასახვის“ და მათი სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით გადანაწილების და დამკვიდრების პროცესი. როდესაც საუბარია ტვირთნაკადების დამკვიდრებაზე, ჩანასახშივე მნიშვნელოვანია, დერეფნის სახელმწიფოთა ერთიანი ხედვა ამა თუ იმ ტვირთის გრძელვადინ ჭრილში მოსაზიდათ.
ყაზახეთის პრემიერმა ქიმიურ და მეტალურგიულ სფეროებში ხუთი მსხვილი სამრეწველო პროექტი განხორციელება დაანონსა, რომელთა საერთო საინვესტიციო მოცულობა 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება ეტაპობრივად 2029 წლისთვის იგეგმება.
პირველი ობიექტი – ყაზახეთის აღმოსავლეთით აბაის რეგიონში 300 ათას ტონა წლიური წარმადობის სპილენძის სადნობი საწარმოს KAZ Minerals Selting-ის გაფართოება, სადაც 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული. მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების შეძენა – ინსტალირება. ქარხანა ორიენტირებულია სამი სხვადასხვა საბადოდან სპილენძის კონცენტრატის გადამუშავებაზე, რომელიც ელექტროენერგეტიკულ მრეწველობაში და მანქანათმშენებლობაში გამოიყენება.
მეორე ობიექტი – ყაზახეთის ცენტრალურ ყარაგანდის რეგიონშია განთავსებული. მეტალურგიული კომბინატი სს Qarmet-ში, სადღეისოდ არსებული სიმძლავრეების ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის პროგრამა მიმდინარეობს. ინვესტიციის მოცულობა 3.5 მილიარდი დოლარია. 2028 წლისთვის იგეგმება წლიურად ლითონის მადნის კონცენტრატისა და ფოლადის ჯამში 5 მილიონი ტონის წარმოება.
მესამე ობიექტი - ყაზახეთის ჩრდილოეთით კოსტანაის რეგიონშია, მისი გაფართოება სს ССГПО-ს ბაზაზე განხორციელდება. დაგეგმილია სამთო მრეწველობის გიგანტი რკინის მადნის მინერალური რესურსების მოპოვება და გადამამმუშავებელი ქარხნის საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა, რომელიც წელიწადში 2 მლნ ტონა ბრიკეტირებული ლითონის წარმოებისთვისაა განკუთვნილი. ინვესტიციის მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია.
მეოთხე ობიექტი – დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, სატიმოლის საბადოზე კალიუმის ქლორიდის გამდიდრებისა და წარმოების კომპლექსის გაფართოებაა. ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება ოთხ ეტაპად იგეგმება, ეტაპობრივი გაზრდით გამომუშავებული პროდუქცია – კალიუმის ქლორიდი წელიწადში – 12 მილიონ ტონას მიაღწევს. ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 2.4 მილიარდი დოლარია.
მეხუთე ობიექტი – ყაზახეთის დასავლეთით მანგისტაუს რეგიონში შპს KazAzot Prime კარბამიდის კომპლექსის გაფართოებაა. პროდუქცია გათვალისწინებულია მინერალურ სასუქების შიდა და საექსპორტო ბაზრებზე მისაწოდებლად. ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისათისაა დაგეგმილი. ინვესტიციის მოცულობა 1.5 მილიარდი დოლარია.
საქართველო ამ პროცესში მხოლოდ ტვირთნაკადების გამტარის ფუნქციით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ თვითონ უნდა იყოს ახალი ტვირთნაკადების გასატარებლად ლოგისტიკური შესაძლებლობების შემთავაზებელი.