
2026-08-22
ყაზახეთი რუსეთზე გამავალი CPC-ის ალტერნატივად, BTC-ის დატვირთვას გეგმავს
რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ოპერირების შეფერხების გამო, ყაზახეთი ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენების გამოყენებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საუბარი უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო, როცა CPC-ის მილსადენს რუსეთმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ გეგმავს, რომ 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 31%-ით გაზარდოს და აქ გატარებულმა ყაზახური ნავთობის მოცულობამ 1,7 მილიონ ტონას მიაღწიოს. მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისში აქტაუს პორტიდან BTC-ის მილსადენის მიმართულებით გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობამ 704 000 ტონა შეადგინა.
დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%). bm.ge
სილქნეტმა Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული.
მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს ტექნოლოგიურ ლიდერ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.
მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.
ახალი ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.
პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის. bm.ge
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების გეგმა
"მწვანე ენერგიის დერეფნის“ ენერგოკომპანიის (GECO Power) ერთობლივმა საწარმომ და იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (შავი ზღვის ენერგია) პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, მე-2 სამუშაო ნაკადისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლიდან განვითარების ფაზაში გადასვლისას საჭირო ძირითად აქტივობებზე.
პროექტი „მწვანე ენერგიის განვითარებისა და ტრანსპორტირების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ბუქარესტში 2022 წელს.
კასპიის ზღვისა და შავი ზღვისა და ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივი საწარმო საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის 25 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს და გააერთიანებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს.
წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1,115 კმ იქნება წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა 525 კვ და გამტარუნარიანობა 1,300 მეგავატი. შავ ზღვაზე წყალქვეშა ენერგოკაბელის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი.
პროექტი შეტანილია ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში. ევროკომისია გეგმავს 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას მისი განხორციელებისთვის. europetime.eu
რკინიგზა სომხეთის საზღვრამდე
სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მან ასევე ისაუბრა "ტრამპის მარშრუტზეც" (TRIPP) და თქვა, რომ ახალი სატრანსპორტო გზის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. bm.ge
ვაზიანში აეროპორტის განვითარება
თბილისში, ვაზიანის აეროპორტს ექნება ყველა საჭირო ობიექტი, ბაზრის განვითარების და ავიაკომპანიებისა თუ ზოგადად ავიაციის ზრდის მხარდაჭერის შესაძლებლობა, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაყვანების მიმართულებით, - განაცხადა გერმანული საკონსულტაციო კომპანია amd.sigma-ს წარმომადგენელმა, პროექტის მენეჯერმა პიტერ ვინერმა.
კომპანია amd.sigma აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. businessinsider.ge
სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტული დერეფანი
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. commersant.ge
"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ტვირთების ზრდაზე
2026 წლის 7 თვის განმავლობაში "ეიპიემ ტერმინალს ფოთში" ჯამში 404 760 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.
მიმდინარე წელს კონტეინერების ყველაზე დიდი რაოდენობა ივლისში დაფიქსირდა - 65 759 TEU. მანამდე რეკორდული მაჩვენებელი მაისის თვეში დაფიქსირდა (64 952 TEU).
ივლისი გამორჩეული იყო საკონტეინერო გემების სიმრავლითაც. ნავსადგურმა 42 საკონტეინერო გემი მიიღო. საერთო ჯამში, 7 თვის განმავლობაში "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" 253 საკონტეინერო გემი მიიღო, რაც საგრძნობლად აღემატება გასული წლის 7 თვის მაჩვენებელს (210 გემი).
საგრძნობლად მზარდია გენერალური ტვირთების რაოდენობაც. 7 თვის მანძილზე ნავსადგურში 270 446 ტონა გენერალური ტვირთი დამუშავდა, რაც გასულ წელთან შედარებით შთამბეჭდავი, 60%-იანი ზრდაა.
გარდა ამისა, მაღალი დინამიკა ნარჩუნდება საბორნე გადაზიდვებშიც. წლის დასაწყისიდან დღემდე საბორნე გემებით მიღებული ტვირთის მოცულობამ 127 163 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 97 761 ტონას შეადგენდა. bm.ge
შუა დერეფანი
ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს მოზიდვას გეგმავს. ყაზახეთის აქტაუსა და ყურიკის პორტებში განხორციელებული პროექტების შედეგად მათი საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 21,6 მილიონ ტონამდე გაიზარდა. პარალელურად, აზერბაიჯანი და საქართველო ბაქოს პორტისა და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ, რამაც ტვირთების თურქეთისა და ევროპის ბაზრების მიმართულებით გადაზიდვას უნდა შეუწყოს ხელი. traceca.ge
TRACECA.GE