
2026-08-26
2026 წლის იანვარ-ივნისში ირანში საქართველოდან 5 086 ერთეული ავტომობილი გავიდა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რეექსპორტი მხოლოდ 5 მანქანას შეადგენდა, 14.647 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. შესაბამისად, გაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 1017-ჯერ არის გაზრდილი. ავტომობილების გარდა საქართველოდან ირანში გადის ფეროშენადნობები ($6.982 მლნ); ხე-ტყის მასალა $2.825; პლასტმასის პოლიმერები ($1.318 მლნ) და სიგარები, სიგარილები და სიგარეტები ($1.162 მლნ). (commersant.ge)
2025 წელს თბილისში ცივ საწყობში პროდუქტის შენახვის საშუალო თვიური ფასი ტონაზე $27.2 იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთში იგივე მომსახურების საშუალო ღირებულებამ $23.5 შეადგინა. ფასები დღგ-ის გარეშეა მოცემული. თბილისში მაჩვენებელი 2024 წლის $29.1-თან შედარებით შემცირდა, თუმცა 2019 წლის $23.1-ს კვლავ აღემატება. სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ფასი 2024 წლის $20.2-დან $23.5-მდე გაიზარდა. ორი ბაზარი ობიექტების მასშტაბითაც განსხვავდება. კვლევის მიხედვით, თბილისში გასაქირავებელი ცივი საწყობების საშუალო მოცულობა 1 297 კუბური მეტრია, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 341 კუბური მეტრი.
საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვამ 2025 წელს, ₾11.4 მილიარდი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა. 2019 წელს სექტორის ბრუნვა ₾6 მილიარდი იყო. შესაბამისად, ექვს წელიწადში მისი ნომინალური მოცულობა თითქმის გაორმაგდა (commersant.ge/commersant.ge)
უზბეკეთის მიერ 2027 წელს ფოთის პორტში წლიურად 500 ათასი ტონა ტვირთის გამტარი ლოგისტიკური ცენტრის ამოქმედებაა დაგეგმილი. უზბეკეთში ასევე დაგეგმილია ტაშკენტის საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და საერთაშორისო ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის – Enterprise Uzbekistan-ის ამოქმედება. ქვეყნის ხელისუფლება ელოდება, რომ ორივე პროექტი უზბეკეთში $20-25 მილიარდის კაპიტალს, ახალ ცოდნასა და ტექნოლოგიებს მოიზიდავს. ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებს შორისაა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ჯიზაქის რეგიონში, ალმალიქში მეოთხე სპილენძის გამამდიდრებელი ქარხნისა და ახალი ავტომაგისტრალების – ტაშკენტი-სამარყანდისა და ტაშკენტი-ანდიჯანის – პროექტები.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში უზბეკეთმა სატვირთო ავტომობილების იმპორტზე საბაჟო მოსაკრებლები და უტილიზაციის გადასახადი გააუქმა. საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ვაგონების მიწოდების შემთხვევაში კი დღგ-ის განაკვეთი ნულოვანი იქნება. ფოთის პროექტთან ერთად, უზბეკეთი მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრების შექმნას ასევე ალათში, ტერმეზში, იანგიულში, ახანგარანსა და ხანაბადში გეგმავს. მიმდინარე წელს უზბეკეთში ჯამში $27 მილიარდის ღირებულების 105 ახალი სამრეწველო და ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებაა დაგეგმილი. (gbc.ge)
2026 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 206 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ყაზახეთიდან აზერბაიჯანში განხორციელებულმა ექსპორტმა 179,1 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტი 27,2 მილიონი დოლარი იყო. აღნიშნულ პერიოდში ყაზახეთის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილმა 0,3% შეადგინა (The Caspian Post)
2Q26-ში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 19.9%-ით მეტი, სულ 3.9 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 6.7% მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.5% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.8% ტრანზიტზე. (gbc.ge)
საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი პირველად განხორციელდა. აქამდე, საქართველო ნავთობს მხოლოდ რუსეთისგან ყიდულობდა. საქსტატის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში 3 227 მლნ დოლარის ღირებულების 5 456 ათასი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა. (bpn.ge)
სომხეთი რუსეთს გვერდს უვლის. სომხური ერასხიდან ნახიჩევანის (აზერბაიჯანი) საზღვრამდე და ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე სარკინიგზო მონაკვეთების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა სრულად სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. (bpn.ge)
უზბეკეთსა და სამხრეთ კორეას შორის რეგიონთშორისი თანამშრომლობის პირველი ფორუმი სეულში 2026 წლის 11 სექტემბერს ჩატარდება და ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააერთიანებს. ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, სამრეწველო თანამშრომლობა, პროფესიული განათლება, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და კულტურული კავშირები; (The Caspian Post)
გაერთიანებული სამეფო მზადაა, მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის პროექტის განხორციელებას, მათ შორის ინვესტიციებს მდგრადი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანში დიდი ბრიტანეთის ახალმა ელჩმა დუნკან ნორმანმა განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მიესალმება პრაქტიკულ ნაბიჯებს, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია, აზერბაიჯანის ენერგომომარაგება სომხეთისთვის და საზღვრისპირა მშვიდობის ხიდის ინიციატივა. (europetime.eu)
საქართველოსა და უზბეკეთს შორის საერთაშორისო სატვირთო ავტოგადაზიდვებში ელექტრონული ნებართვების სისტემა (E-Permit) ამოქმედდა, რაც გადამზიდავებისთვის ნებართვების გაცემის პროცესის დაჩქარებასა და გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს. E-Permit-ის საშუალებით სატვირთო გადამზიდავები ნებართვებს ელექტრონული ფორმით მიიღებენ, რაც ქაღალდის დოკუმენტების გამოყენებას და პროცესში ადამიანური ფაქტორის გავლენას შეამცირებს. ციფრულ სისტემაზე გადასვლა შეეხება საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივ და სატრანზიტო გადაზიდვებს, ასევე მესამე ქვეყნებში და მესამე ქვეყნებიდან განხორციელებულ გადაზიდვებს. (gbc.ge)
აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY), რომელიც AZCON Holding-ის შემადგენლობაში შედის და ქართულმა მხარემ შუა დერეფნის როლის გაძლიერების მიზნით, განიხილეს საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დროის შემცირება, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესება, სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარება და რკინიგზებსა და სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საბაჟო სამსახურებს შორის, ციფრული მონაცემთა გაცვლის გაფართოება. ADY-ის ელექტროვაგონმავლებს შესაძლებლობა ექნებათ, ბოიუქ-ქასიქი–თბილისი–ბოიუქ-ქასიქის მარშრუტზე მატარებლისგან გადაბმის გარეშე იმოძრაონ. ახალმა სისტემამ ტესტირება უკვე გაიარა და მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის სატვირთო მატარებლების საჭირო დროს გაანახევრებს.(businessinsider.ge)
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი შეთანხმებების პაკეტი. პაკეტი მოიცავს თავდაცვის, ენერგეტიკის, ორმხრივ ვაჭრობასთან დაკავშირებული საბაჟო სტატისტიკის და სურსათის უვნებლობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.(caliber.az)
აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სომხეთში რკინიგზით მორიგი ტრანზიტული ტვირთი გაიგზავნა. ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ-ქესიკის მიმართულებით რუსეთიდან მომავალი 1 108 ტონა ხორბლითა და 273 ტონა ქერით დატვირთული სულ 15 ვაგონი გაემართა. რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის გააქტიურების ფონზე, აზერბაიჯანის გავლით სომხეთში უკვე გადაზიდულია: მარცვლეული: 47,000 ტონაზე მეტი; სასუქი: 9,000 ტონა; სხვა ნედლეული: 1,136 ტონა პროპანი, 1,114 ტონა ნახშირი, 133 ტონა ალუმინი და 67 ტონა მერქანი.
პარალელურად, უშუალოდ აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტზე უკვე გავიდა 15,000 ტონამდე დიზელის საწვავი და AI-92/AI-95 მარკის 5,000 ტონამდე ბენზინი. (bm.ge)
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), თუ 2026 წლის იანვარ-ივლისში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 100 175 241 ლარი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნულმა თანხამ 96 970 399 ლარი შეადგინა. თანხის ზრდის შესაბამისად, ქვეყნის დერეფანი წელს, იანვარ-ივლისში 286 214-მა ტრაილერმა გადაკვეთა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 277 058-მა ტრაილერმა. (bpn.ge)
თურქეთის პირველმა ადგილობრივად დაპროექტებულმა და წარმოებულმა ელექტროლოკომოტივმა, E5000-მა, ევროკავშირის თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSI) სერტიფიკატი მიიღო. ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ტექნიკის მწარმოებელი TÜRASAŞ-ის მიერ წარმოებული ლოკომოტივი ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. (europetime.eu)
TRACECA.GE