
2026-08-22
საქართველოს საჰაერო სივრცე
“რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება. დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში,” - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო. bp.ge
აზერბაიჯანი–საქართველოს სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცესი დაჩქარდება
აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციები საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების დაჩქარებაზე, მათ შორის საზღვარზე პროცედურების გამარტივებასა და ციფრული ინტეგრაციის გაძლიერებაზე მუშაობენ.
სამუშაო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ციფრული სისტემების გამოყენება და მატარებლებისა და ტვირთების შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლა.
შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის ელექტრომატარებლები მარშრუტზე ბეიუკ-კესიკი–თბილისი–ბეიუკ-კესიკი იმოძრავებენ შემადგენლობის დაშლის გარეშე. ასევე გაუქმდება ვაგონების ტექნიკური შემოწმების დუბლირება. ახალი სქემის მიხედვით, შემოწმება აზერბაიჯანიდან საქართველოში მიმავალი მატარებლებისთვის მხოლოდ ბეიუკ-კესიკის სადგურზე, ხოლო უკანა მიმართულებით — თბილისის სარკინიგზო კვანძში განხორციელდება.
ADY-ის განცხადებით, ახალი მიდგომა საზღვრის გადაკვეთის დროს ორჯერ შეამცირებს და გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. gbc.ge
კასპიის ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი
კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა — აქტაუ–სუმგაითის მარშრუტზე გაყვანილმა წყალქვეშა კაბელმა ყაზახეთის სანაპიროს მიაღწია.
პროექტს ახორციელებენ Kazakhtelecom JSC და AzerTelecom International. ახალი მაგისტრალური ქსელი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ციფრულ ინფრასტრუქტურას დააკავშირებს და აზიასა და ევროპას შორის მონაცემთა გადაცემის პირდაპირ, მაღალსიჩქარიან არხს შექმნის. უწყების შეფასებით, ეს გააუმჯობესებს საერთაშორისო კავშირის საიმედოობას და ორივე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გააძლიერებს. სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულება, ასევე სისტემის ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი.
პროექტის მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებას მართავს CaspiLink B.V., რომელიც Kazakhtelecom-ისა და AzerTelecom International-ის ერთობლივი საწარმოა. პროექტი სრულად ფინანსდება კომპანიების საკუთარი სახსრებით და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას არ ითვალისწინებს. europetime.eu
ეიპიემ ტერმინალს ფოთი
2026 წლის პირველ 7 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 404 760 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. მიმდინარე წლის სარეკორდო მაჩვენებელი ივლისის თვეში დაფიქსირდა, როდესაც ნავსადგურმა 65 759 TEU კონტეინერი დაამუშავა. მანამდე წლის პიკური მაჩვენებელი მაისში დაფიქსირდა (64 952 TEU). [APM Terminals Poti]
ყაზახეთმა ჩინეთ-ევროპის სატრანზიტო მარშრუტის დასაჩქარებლად $35 მლრდ ჩადო
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყაზახეთში დაახლოებით $35 მილიარდი ჩაიდო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. ინვესტიციები მოიცავს რკინიგზას, საავტომობილო გზებს, პორტებს, აეროპორტებსა და ციფრულ ლოგისტიკას.
ყაზახეთი ამჟამად ჩინეთსა და ევროპას შორის სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების დაახლოებით 83%-ს უზრუნველყოფს. დღეისათვის დოსთიკიდან საქართველოს შავი ზღვის პორტებამდე კონტეინერების მიწოდება დაახლოებით 11–13 დღეშია შესაძლებელი. gbc.ge
TRACECA.GE