News

მარტის სიახლეები ტრასეკას პროგრამის ქვეყნებში, 2025

2025-04-06

საქართველომ და აზერბაიჯანმა მიმართეს ევროკომისიას თხოვნით, შავი ზღვის ენერგეტიკულ პროექტს (Black Sea Energy power line project) მიანიჭოს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, რათა დაჩქარდეს წყალქვეშა კაბელის მშენებლობა, რომლითაც ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი უნდა მოხდეს. წყალქვეშა კაბელით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ელექტროენერგია კასპიის აუზის ქვეყნებიდან უნდა მიიღონ. შავი ზღვის ელექტრო კაბელით, რომლის ღირებულებაა 3,5 მილიარდი ევრო, ყოველწლიურად 4 გიგავატამდე ელექტროენერგიის გადაცემა იქნება შესაძლებელი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია იქნება. გარდა ამისა, ბაქო ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად მუშაობს კასპიის ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტზე, რომლის ინტეგრირება შეიძლება მოხდეს შავი ზღვის კაბელთან, რათა ხელი შეეწყოს ცენტრალური აზიიდან ევროკავშირში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით 11 მარტს ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. სწორედ მინისტერიალზე იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

სოფმარ საქართველოს“ დირექტორი, ვახტანგ ალანია ამბობს, რომ შუა აზიიდან ტვირთის ახალი სახეობა, მადანი წამოვიდა, რომელიც შვეიცარიული კომპანიის დაკვეთით, ტაჯიკეთიდან ფოთის პორტამდე გადაიზიდა. მან ამის შესახებ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე განაცხადა. ვახტანგ ალანიამ აღნიშნა, რომ პროცესი რთული იყო, თუმცა წარმატებით დასრულდა, რამაც აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია და მათ შორის, ევროპული კომპანიების მხრიდანაც გააჩინა ინტერესი.

უკრაინა მზადაა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინოს, ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებული ვიზიტის დროს მოხდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, კიევში, თურქეთის ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში ბლოკჩეინს მიღმა“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მთავარი თემა საბანკო, საფინანსო და ბიზნეს სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განხილვა იყო. ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფინტექ ბიზნესის მოდელების განვითარებაზე და ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.

2024 წელს საქართველოს ტრანსპორტის და დასაწყობების დარგში 97,4 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი FDI ამ დარგში მეზობელი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.5 მილიონით, მესამეზე - არაბთა გაერთიანებული საამიროები 16.4 მილიონი დოლარით. ხუთეულის ბოლოში კი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო არიან, შესაბამისად, 6 და 5 მილიონი დოლარის FDI-ით.

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო სულ 70,000-მა საერთაშორისო სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა, ისევე როგორც სატრანზიტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 10%-ით არის შემცირებული.

თბილისის თიზ-ში 130-მდე კომპანია ოპერირებს. არსებულ შენობებში 100%-იანი დატვირთულობაა. თბილისის თიზ-ი 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების მიერ დაფუძნებულ კომპანიას წარმოადგენს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთთან მიღწეულ კონკრეტულ შეთანხმებებს შორის შეიძლება აღინიშნოს, რომ ჩვენ დავიწყეთ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ორმხრივი სამუშაოები. სომეხი და თურქი ექსპერტები გიუმრი-ყარსის რკინიგზის მდგომარეობას უკვე სწავლობენ. ეს პროცესები უკვე მიმდინარეობს.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მესამე  A კლასის საწყობის მშენებლობას იწყებს. თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა გასულ წელს გეზის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც რამდენიმე ფაზისგან შედგება, პროექტის პირველი ფაზა A კლასის საბაჟო ტერმინალი  6300 კვადრატულ მეტრზე უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.

საქართველო და უზბეკეთ ინოვაციურ სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ შაჰრუხ დალიევმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. ხელმოწერა საქართველოს დელეგაციის უზბეკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

ინფო: realpolitika.gebusinessinsider.ge; brg.ge; bm.ge; commersant.ge; bp.ge; ge.armradio.am