
2026-03-02
აზერბაიჯანს შუა დერეფნის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტზე თანამშრომლობის მექანიზმის (MC-AICM) შექმნა შესთავაზეს, რომელმაც მარშრუტში მონაწილე ქვეყნებს შორის ლოგისტიკური პროცესების ციფრული ინტეგრაცია უნდა უზრუნველყოს. ინფორმაციას ამის შესახებ Report ავრცელებს.
მექანიზმისთვის შეთავაზებული შტაბ-ბინის ადგილად აზერბაიჯანის არჩევა განპირობებული იყო ალიატის პორტში თანამედროვე ციფრული ლოგისტიკური ზონის არსებობითა და ქვეყნის, როგორც ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის კოორდინატორის როლით.
ამასთან, აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან C5-ის ფორმატში ძლიერი ინტეგრაციით, განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურითა და ჩინეთის სიანის პორტთან, ასევე, წამყვან ევროპულ ლოგისტიკურ ქსელებთან სტრატეგიული პარტნიორობით გამოირჩევა.
შუა დერეფნის AI-მექანიზმს შემდეგი ფუნქციების შესრულება მოეთხოვება:
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირებადი ლოგისტიკური პლატფორმის შექმნა გემების ჩამოსვლის, მატარებლების გადაადგილების, კასპიის ზღვაში ამინდის პირობების მონიტორინგისა და პორტის გადატვირთულობის ერთობლივი პროგნოზირებისთვის;
ერთიანი ციფრული საბაჟო სისტემის დანერგვა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რისკის შეფასებით, მონაცემთა წინასწარი გაცვლით და ტვირთის ავტომატიზირებული განბაჟებით მთელი დერეფნის გასწვრივ;
ძირითადი, ანუ ალიატის, აქტაუს, კურიკისა და ფოთის პორტებისა და ტერმინალების „ციფრული ტყუპების“ შემუშავება სიმძლავრის დაგეგმვისა და სხვადასხვა სცენარის მოდელირებისთვის;
კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ტვირთის იდენტიფიკაციის ერთიანი სტანდარტებით ტრანსასაზღვრო მონაცემთა მართვის სისტემის შექმნა;
ბაქოში ხელოვნური ინტელექტის ინოვაციებისა და ტრენინგ-ცენტრის შექმნა საპილოტე პროექტების (ჭკვიანი ვაგონები, IoT-სენსორები) განსახორციელებლად და საბაჟოს და ლოგისტიკის სპეციალისტების უნარების გასაუმჯობესებლად.
ცნობისთვის, 2025 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტით 392 ბლოკ-მატარებელი იქნა გაგზავნილი, რაც 2024 წელთან შედარებით 37%-ით მეტია. ბაქოს პორტში კონტეინერების გამტარუნარიანობამ 100 000 TEU-ს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად სამუშაოები დერეფნის გამტარუნარიანობისა და ბაქოს პორტის წლიური ტვირთბრუნვის 260 000 TEU-მდე გაზრდის, ასევე, სასაზღვრო პროცედურების სრულყოფის მიმართულებით მიმდინარეობს.
2024 წელს ტრანსკასპიური საერთაშოორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ტვირთბრუნვა 62%-ით გაიზარდა და 4.5 მლნ ტონას მიაღწია, ხოლო წელს 5.2 მლნ ტონამდე უნდა გაიზარდოს. 2027 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 10 მლნ ტონას მიაღწიოს, ხოლო 2030 წლის სამიზნე პროგნოზი 11.4 მლნ ტონაა.